გახარიამ ის სფეროები დაასახელა, სადაც ხელფასები გაიზრდება
მეხანძრე-მაშველი, პოლიციელი, ექიმი, მასწავლებელი, ეს ის ხალხია, რომელზეც სახელმწიფო დგას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატ კახი კახიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა.
გახარიას თქმით, საჯარო მოხელე და მმართველობითი სისტემა იქნება მთავრობის ყურადღების ცენტრში.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საჯარო მოხელე და მმართველობითი სისტემა იქნება მთავრობის ყურადღების ცენტრში, პირველ რიგში, ვსაუბრობთ იმ სისტემურ ფუნქციებსა და სამსახურებზე, რომლებიც ახორციელებენ ხელისუფლების და სახელმწიფოს მომსახურებას მოქალაქეებისთვის. ეს არის პოლიცია, ჯარი, ჯანდაცვის სისტემა, მასწავლებლები. ეს ის მიმართულებებია, რომლებისთვისაც სოციალური თვალსაზრისით, ისევე როგორც ხელფასების ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია, ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ. მოგეხსენებათ, ჩვენ წელსაც გავუზარდეთ ზოგიერთი ამ სფეროს წარმომადგენელს ხელფასები. მეხანძრე-მაშველი, პოლიციელი, ექიმი, მასწავლებელი, ეს ის ხალხია, რომელზეც სახელმწიფო დგას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა იყოს ღირსეული და სანამ გახდება ღირსეული, მერწმუნეთ, კიდევ გარკვეული დრო დაგვჭირდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
კომენტარი