„არ შემიძლია ერთნაირად მივმართო სხვადასხვა განათლებისა და ხასიათის ადამიანებს“
ამონარიდები გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებიდან „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“
„ჩვენი პაწია საქართველო მსოფლიოს პოეზიურ რუკაზე ერთ-ერთი დიდი, ძლევამოსილი სახელმწიფოა... "ქალაქში, მტვერში, წაიქცა ბავშვი" - რა უნდა იყოს ამაზე საზარელი, ამაზე იდუმალი რამ..“
„ბავშვობისდროინდელი ნაცნობი მყავს, ფუფუნებაში იზრდებოდა, საბრალო, და რომ დაკაცდა, მშობლიური ფუფუნება მერეც არ მოკლებია და, საწყალს, ზეთი ჩამოსდიოდა სახეზე, და ახლაც ერთთავად მშიერის გამომეტყველება აქვს სწორედ იმიტომ, რომ მუდამ მაძღარია და განა შეიძლება, როდესმე დანაყრდე, თუ მუდამ მაძღარი ხარ....“
„არ შემიძლია ერთნაირად მივმართო სხვადასხვა განათლებისა და ხასიათის ადამიანებს, როგორ შეიძლება მიმართო ორ კაცს ერთნაირად, მაშინ, როდესაც ერთს წაკითხული არა აქვს... რომელიმე დიდი მწერალი... ჰო, აი თუ ერთს არ წაუკითხავს სტენდალი, მეორეს კი გადაბულბულებული აქვს, განა შეიძლება ამ ორ კაცს ერთი და იგივე სიტყვებით მიმართო?“
„თურმე გომბეშო უმოძრაო მწერს ვერა ხედავს, და მხოლოდ მაშინ შენიშნავს, თვალწინ თუ ჩაუფრენს და მაშინვე გადასანსლავს, და თუ შორიახლოს მწერი არაა, გომბეშოს თვალწინ ნაცრისფერი ეკრანი აქვს, და მხოლოდ მაშინ გაუცოცხლდება მზერა, მწერი რომ ჩაუფრენს. და თურმე ასე იმიტომაა, ყოველთვის რომ უყურებდეს გარემოს და ფერებს აღიქვამდეს, დაღლილობას ვერ გაუძლებს და მოკვდება, რადგან ტვინი ძალიან მარტივადა აქვს მოწყობილი… ადამიანის ტვინი პირიქითაა, თუ არ იფიქრა, თუ არ დაინახა და არ იოცნება, სწორედ მაშინ იფიტება და კვდება....“
„მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს“
„იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი - ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს - სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება.“
„ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი, და, სხვათა შორის, მე თანდათან უფრო ვრწმუნდები, რომ ადამიანისათვის საჭიროა ჭკუა“
კომენტარი