სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რას თქვა გიორგი მარგველაშვილმა მერაბიშვილზე "კვირის პალიტრასთან" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში?

საქართველოს პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილის, როგორც ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის საქმის ცალკე გამოყოფის საჭიროებას ვერ ხედავს.
როგორც გიორგი მარგველაშვილი "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, ცალკე პრაქტიკის გამოგონება ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირებისთვის არ შეიძლება.
"ჩვენი ოპონენტების იდეოლოგია ბოლო ერთი წლის განმავლობაში მდგომარეობდა ისტერიკული განცხადებების გაკეთებაში იმის თაობაზე, რომ თურმე საქართველოში პოლიტიკური დევნაა. მათ ახლა კი არ დაუწყიათ ლაპარაკი "რეპრესიებზე", უბრალოდ, ისინი ყოველთვის ეძებენ საბაბს იმისა, რომ პედალირება მოახდინონ "პოლიტიკურ დევნაზე". ერთხანს შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ "ნაცმოძრაობას" საკუთარი თავის ისეთ პრივილეგირებულ კასტად გამოცხადება უნდოდა, რომელსაც კანონები შერბილებული ვერსიით უნდა შეხებოდა და თუ ეს ასე არ მოხდებოდა და კანონი მათთვისაც ისეთივე იქნებოდა, როგორიც ყველასთვის, პოლიტიკურ დევნაზე მოჰყვებოდნენ ლაპარაკს", - აცხადებს პრეზიდენტი.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ხელისუფლებამ, ერთი წლის განმავლობაში უაღრესად რთულ კოაბიტაციურ რეჟიმში შეძლო, ქართული საზოგადოებისა და უცხოელი პარტნიორებისთვის ეჩვენებინა, რომ საქართველოში კანონები ერთნაირად ეხება ყველა მოქალაქეს, მათ შორის როგორც წინა, ასევე ახალი ხელისუფლების წევრებსაც.
"რაც შეეხება მერაბიშვილის საქმეს. არ მიმაჩნია სწორად, რომ ეს შემთხვევა ცალკე უნდა გამოიყოს, იმიტომ, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირს ეხება. შესაბამისად, რაიმე ცალკე პრაქტიკის გამოგონება ყოფილი ან მოქმედი თანამდებობის პირებისთვის ან, მაგალითად, ვანო მერაბიშვილისთვის, არ შეიძლება. გამოძიება კონკრეტულად უნდა იყოს დამოკიდებული იმ პროცედურულ ნორმებზე, რომელიც კანონით არის განსაზღვრული. არაფრის დიდებით არ შეიძლება ამ ნორმებიდან გადახვევა პოლიტიკური მოტივაციით. ამ საქმის გახმაურების პირველივე წუთებიდან განცხადებებს აკეთებდნენ არა იურისტები, არამედ პოლიტიკოსები, რითაც ყოველივეს პოლიტიკური ელფერი მიეცა. არადა, ეს ყოველივე არის სამართალდამცავების, იურისტების კომპეტენცია და შესაბამისად, მათ კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით უნდა განახორციელონ პროცესი", - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტთან ექსკლუზიური ინტერვიუ გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100