შოთა უტიაშვილი: "არანაირი უკანონო შეიარაღებული ფორმირება არ არსებობს"
საქართველოში არანაირი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება არ არსებობს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესისა და ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველა არსებული შეიარაღებული დაჯგუფება სახელმწიფო კონტროლის ქვეშაა და წარმოადგენს ოფიციალურ შეიარაღებულ ძალებს ან სამართალდამცავ ორგანოებს.
"არანაირი სხვა შეიარაღებული დაჯგუფება არ არსებობს, არც შეიძლება არსებობდეს და რაც იარსებებს", - აცხადებს შოთა უტიაშვილი. გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია სამეგრელოში უკანონო შეიარაღებული ჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე საჯარო არ გახდება და ის დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაეგზავნება. ალასანიას განცხადებით, "თავისუფალ დემოკრატებს" გააჩნიათ სრული ინფორმაცია ამ დაჯგუფებების დისლოკაციის, უკანონო შეიარაღებისა და დაფინანსების შესახებ, რომელიც მათ შეიტყვეს იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც გული შესტკივათ ქვეყანაზე და მის მომავალზე.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, ეს ინფორმაცია თვეების განმავლობაში გროვდებოდა და ხდებოდა გადამოწმება. დღეს კი შეუძლია სრული პასუხისმგებლობით განაცხადოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უშუალოდ დავალებით, დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს შეიარაღებული ფორმირებების ჩამოყალიბება.
კომენტარი