სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაულ ჩილაჩავა და მისი ლექსები დაუბეჭდავი წიგნიდან

დღეს „პერსონაში“ ცნობილ ქართველ პოეტს, მთარგმნელსა და დიპლომატს წარმოგიდგენთ, რომელსაც, კაცმა რომ თქვას, წარდგენა არც სჭირდება: ლატვიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რაულ ჩილაჩავას ლექსები იმდენად გულშიჩამწვდომია, რომ გულგრილს არავის ტოვებს: არც მათ, ვისაც წილად ხვდა ბედნიერება, სამშობლოში იცხოვროს და იღვაწოს, არც მათ, ვინც სამშობლოდან შორსაა, მაგრამ სამშობლოსთან პირიქით - ძალიან ახლოს და არც მათ, ვისთვისაც სამშობლო, დოჩანაშვილისა არ იყოს, არამხოლოდ მთები, მინდვრები და მდინარეებია, არამედ ხალხიც. სწორედ სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული, ქართველებისა და ყოველივე ქართულისადმი მოწიწება გამოსჭვივის რაულ ჩილაჩავას შემოქმედებაშიც, რომელმაც ერთხელ უბის წიგნაკში ჩაინიშნა:

„ჩიტები საკუთარ ბუდეში არასოდეს იძინებენ. იქ ისინი მხოლოდ ბარტყებს აპუერებენ. ჩემი პირადი უბედურება ის არის, რომ არც საკუთარ ბუდეში მძინავს და ბარტყების დაპურებაც სხვაგან მიწევს“.

მაგრამ შეუძლებელია, რაულ ჩილაჩავა უბედური იყოს, ეს მხოლოდ პოეტურ ახირებად ჩავუთვალოთ - არ შეიძლება უბედური იყოს პოეტი, რომელსაც ათასი კაცი, ფეხზე წამომდგარი, მთელი ათი წუთის მანძილზე შეუჩერებლივ უკრავდა ტაშს თავისი სამშობლოს პატარა და კოპწია ქალაქ ზუგდიდში, სადაც ორიოდ წლის წინ მისი საიუბილეო საღამო გაიმართა. შეუძლებელია, უბედური იყოს პოეტი, რომელიც უყვართ, კითხულობენ და რომელიც არასდროს ბერდება.

“ყოველთვის ვაკეთებდი და ვაკეთებ იმას, რაც ჩემი სამშობლოს სახელსა და ღირსებას წაადგება. ახლაც, როცა უკრაინის ელჩი ვარ, ვცდილობ როგორმე საქართველოც წარმოვაჩინო, თუმცა ამის გამო უკრაინელები ეჭვის თვალით სულაც არ მიყურებენ. ჩემი ქართველობა ყველამ იცის და სამშობლოს სიყვარულისთვის არავინ მძრახავს", - წერს რაულ ჩილაჩავა თავისი ერთ-ერთი წიგნის „უვადო მივლინების“ წინასიტყვაობაში.

სანამ სიტყვას რაულ ჩილაჩავას მეგობარსა და კოლეგას, პაატა ნაცვლიშვილს დავუთმობთ და მისი სტატიის ციტატას მისივე მიძღვნით დავასრულებთ, გეტყვით, რომ „დრონი.ჯი“ დღეს სტატიასთან ერთად ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ ლექსებს რაულ ჩილაჩავას ჯერაც დაუბეჭდავი წიგნიდან „ბოლო სანთელი“.

ახლა კი პაატა ნაცვლიშვილს მოვუსმინოთ. ციტატა მისი წერილიდან გაზეთ „24 საათში“ – „ნეტა ყველა ქვეყანაში გვყავდეს თითო ჩილაჩავა“:

„რაული დიდი ხანია აღარც მარტო ჟურნალისტია, აღარც მარტო პოეტი, აღარც მარტო ქართველი პოეტი, აღარც მარტო მთარგმნელი, აღარც მარტო მეცნიერი და აღარც მარტო გამომცემელი. უკრაინის ყოფილი ვიცე-მინისტრი დღეს უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახლავთ ლატვიაში! არ ვიცი, არის თუ არა ანალოგიური შემთხვევა დიპლომატიის ისტორიაში, ის კი ვიცი, რომ 2006 წელს რაულ ჩილაჩავას ხუთენოვანი წიგნის “ქვიშის საათის" პრეზენტაციაზე რიგისა და სრულიად ლატვიის მიტროპოლიტმა ალექსანდრემ, რომელმაც ამ წიგნს წინასიტყვაობაც წარუმძღვარა, განაცხადა, ასეთი ადამიანი დიპლომატიის ისტორიაში იშვიათობააო. ყოფილან, როგორ არ ყოფილან ელჩებად პოეტები და მწერლები, და აქ მხოლოდ პაბლო ნერუდასა და ჩინგიზ აიტმატოვის სახელებიც კმარა, მაგრამ ერთი ქვეყნის შვილი, მეორე ქვეყანას წარმოადგენდეს მესამე ქვეყანაში, მართლა უნიკალური შემთხვევაა!

მე მახსოვს რაულ ჩილაჩავას კიევში გაცილება, მახსოვს თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სერობა რესტორან “თბილისში". მე მაშინ მხოლოდ მეორეკურსელი ვიყავი, რაული კი თბილისის უნივერსიტეტს ამთავრებდა და კიევს მიემგზავრებოდა ხანგრძლივი, როგორც შემდეგ გაირკვა, უსასრულო მივლინებით.

“ჩალით არის დახურული ეს ქვეყანა", - ჩალა ჩივა,

თუ ჩალიჩმა გადაგღალა, დაგასვენებს ჩალიჩივე,

არ გეგონოს, ვიოლინოს ფუტლიარში ჩელო ჩავა...

ნეტა ყველა ქვეყანაში გვყავდეს თითო ჩილაჩავა!

რაულ ჩილაჩავას ლექსები დაუბეჭდავი წიგნიდან „ბოლო სანთელი“

აპოკალიფსი

მე მოვესწარი სასწაულებს… სამყაროს ნგრევას,

როცა ქრონოსმა ცისქვეშეთი ულმობელ ცელით

მითიბ-მოთიბა… აგერ უკვე მეოცე წელი

ეძებს და სამოსს ვერ პოულობს შიშველი ევა.

შიმშილი... სისხლი... ნანგრევები... ცრემლების ღვარი!..

დუღს და გადმოდუღს სიბოროტის შავი მორევი,

რათა წალეკოს ანგელოსთა ნაამბორევი

ღვთისმშობლის მიწა და სიყვარულს დაუდოს ზღვარი.

ბრმა ბედისწერა მიაქანებს უფსკრულში საყდარს,

სმენას მიზაფრავს შორი ექო დამსხვრეულ ქნარის.

მაღალ გალავნებს აცამტვერებს ველური ქარი

და გეგონება _ ავაზაკთა ოცნება ახდა.

ხმელეთი იძვრის... მორყევიათ ციხეებს ბურჯი,

ზღვა აყირავებს კრეისერებს, როგორც გლისერებს.

ორლესულებით მე გულ_მკერდი გადამისერეს,

გადამიღებეს ალისფერად ველები ლურჯი.

ო, რა მხეცური სისასტიკით მლეწეს, მარბიეს,

დინამიტებით ამომძირკვეს ძირის_ძირიდან.

ცისარტყელების ნანგრევებში მოჰყვა ირიდა

და ჩემი ზეცა სათარეშოდ დარჩათ ჰარპიებს.

გამეფებულა სიწყვდიადე მზიურ მთა-ბარში,

ქვეწარმავლები მოსდებიან სამოთხის ბაღებს.

ქვეყნის დამქცევი გადარჩენილ კარიბჭეს აღებს,

ფშვნის ძალაყინით მარმარილოს, როგორც თაბაშირს.

ფეხმძიმე დედებს გაუფატრავთ მუცლები ხმლებით,

(არ სურთ იხილონ ეს კოშმარი მათმა ჩვილებმა).

აქ თვითონ ღმერთიც თითქოს ქვესკნელს ემორჩილება,

როცა გაისმის ჯოჯოხეთის საზარი ხმები.

სასაფლაოა უწინდელი ნარინჯის ველი,

ჰყრიან ვეება ორმოებში დაგლეჯილ გვამებს.

აწ სასახლენი გადაღრეცილს ჰგვანან ვიგვამებს,

ბოლო ხანძარში იფერფლება ცხოველი ძელი.

ცოტაც და ქვეყნად არაფერი აღარ იქნება,

წაშლის, წალეკავს წარღვნა ყველა ზღვარსა და ჯებირს.

საწამლავებით გაივსება ერთბაშად ჭები,

ვერავინ შესძლოს დამნაშავის კვალის მიგნება.

ვისი მსხვერპლი ვარ, ვინ მაქცია სტიქიის მძევლად,

ცეცხლსა და გრიგალს დაუნდობლად ვინ შემატოვა?

როგორც ყოველთვის, განსაცდელში ახლაც მარტო ვარ,

და ლოცვის ნაცვლად მომეწია ურიცხვი წყევლა.

ყველა მათგანი მე უკლებლივ უნდა მახსოვდეს!..

ვიდრე ბოლომდე ამ სიგიჟის ტალღა დაცხრება,

მზე დედამიწას ნაკვერცხლებად დაენარცხება

რომ მერე ჩემთვის არ აღმოხდეს აღარასოდეს.

უცხო

ასზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და

თავი უცხოდ არსად მიგრძვნია, მითხრა

ევგენი ევტუშენკომ...

ყველგან უცხო ვარ... ვერა, ვერ ვგრძნობ თავს შინაურად...

ამ დუნიაზე, სად ურიცხვი ხალხი ირევა,

ხან ნადირი ვარ, ხანაც კიდევ მონადირე ვარ

და როცა მიჭირს, გამოტყვრება მაშინ ნაურუ.

სიცარიელე... მარტოობის ცივი თვალები...…

სარკმლების მიღმა _ გაყინული ტბის ზედაპირი.

სიზმარში _ გული, განგმირული ბასრი რაპირით,

ცხადში _ დამწვარი სოხუმები და ცხინვალები.

ვერ ვამჩნევ საგნებს... უკვე მზერაც დავიზიანე.

ისე მივდივარ, მომხვდურს მამა ვეღარ ვუცხონე,

და მიკვირს: მე და მსგავსნი ჩემნი რად ვართ უცხონი,

როდესაც სხვები სულ ხვდებიან თავისიანებს!

ბოლო სანთელი

ტორტზე სანთლების ჩაქრობას ახლა

სჭირდება მთელი სახანძრო რაზმი

და საგანგებოდ აწეულ სასმისს

სითბოსთან ერთად ტკივილიც ახლავს.

თვალი ყველაფრის შემჩნევას ასწრებს:

გაჰქრა მასპინძლის სათნო სახიდან

ღიმილი... თითქოს სახლი გაყიდა...

მოუწყენიათ ლარნაკში ასტრებს.

ვისაც ნატრობდა, ყველა აქა ზის,

მაინც აკლია ეშხი საუბარს.

რათა მოსმურებს მხარი აუბას,

სამზადის კარებს ფხოჭნის ნაგაზი.

გადის ზმორებით დღე დღევანდელი,

თითქოს უთითებს ცისფერ განთიადს,

შეკვამლულ ტორტზე როგორ ანთია

ჯერ ჩაუმქრალი ბოლო სანთელი.

გაფრენა არსად

უარვყავი ნაღარა და უარვყავი დაფიც,

შეველიე კომპიუტერს, საწერ-კალამს, ქაღალდს.

არის თურმე ქვეყანაზე აუხსნელი რაღაც,

რომ გვკარნახობს სხვებისათვის ვერაუხსნელ ნაბიჯს.

მომენატრა სიმყუდროვე ჩემი ეზო-კარის,

ბანზე მამლის ყივილი და ბარდში შაშვის სტვენა,

ჩემი სიყრმის, ჩემი სიზმრის, ჩემი ლექსის ენა,

რომლის ოდნავ შესადარიც სხვა რომ არსად არის.

ტრამვაები, ავტოები, ხალხით სავსე მეტრო,

ყველგან წყვეტა, ყველგან ჯგლეთა, ყველგან “საცობები”,

დღენიადაგ მოფუსფუსე უცნობ-ნაცნობები

აღარ მინდა... მომენატრა უშფოთველი მე დრო.

მომენატრა ჩემი მხარის ატლასი და ფარჩა,

ჩავალაგე მწირი ბარგი და “ბოინგში” ვჯდები,

მაგრამ ქვემოთ ჩანან მარტო

მთები,

მთები,

მთები,

თვითმფრინავის დასაჯდომი გოჯი მიწაც არ ჩანს.

ვენი ჟიური

მე ბევრი რამე მოვასწარი, ბევრიც _ ვეღარა,

დავმარცხებულვარ და ნეტარი წამიც მიგრძვნია,

რომ ვიპყრობ მწვერვალს, რომ იქ ასვლა მეც შემიძლია,

და წვრილმანია, რომ ყივჩაღი შემომეყარა.

მე არ ვუჩივი წუთისოფელს, ბედს და შემთხვევას,

(რომც ვუჩიოდე, განმკითხავი, აბა, ვინ არი!).

ვირწმუნე, რომ ვარ იღბლიანი, როგორც ვინერი,

და გამარჯვება, დრო მოვა და, მკერდზე მემთხვევა.

არ ვიცი, რაა სიძულვილი, მტრობა და შური.

ხალხო კეთილო, ერთმანეთთან ვიყოთ გულღია.

იმ ქვეყანაში თვით მეფესაც რა წაუღია!..

ნუ გვავიწყდება _ ზეცაშია ჩვენი ჟიური.

ჩურჩულთა ექოები

მე ახლაც ტანში გამცრის ხოლმე, როცა ვიხსენებ

ჩურჩულით ნათქვამს: “სირცხვილია, დაგვინახავენ!..”

მსგავსთა ჩურჩულთა ექოები, ჩვენ, მამაკაცებს,

ცოდვილ მიწაზე გვამხნევებენ და... გვინახავენ.

პაბი

კარებს გააღებს პაბი როს, შენ გააბოლებ პაპიროსს,

ცამ ელვა, ჭექა-ქუხილი და თავსხმაც რომ დააპიროს.

როსმე ჩვენებურ ლუდხანას ამჟამად პაბი გვიქვია.

შენ ბრიტანულში დადიხარ, თუმცა ქართულიც იქვეა.

როგორც იზიდა ოსირისს...

სხვა რომ არ მიშველებოდა, წამრთმევი იყო ოსი რის!..

ჩვენ სიყვარული აღგვადგენს, როგორც იზიდა ოსირისს.

აჯეჯილდება ერთხელაც მიწები, ჩვენი მიწები

და მტერს ააგლეჯს გრიგალი ნამუსის ულვაშს მიწებილს!

ძველი აბასთუმანი

ჩამოვიდოდა ზუგდიდიდან ეტლით ანდრია,

შემდგომ ქალაქთა სატახტოთა სხვათა და სხვათა,

შენს დანახვაზე დასცდენოდათ ბაგეებს რათა:

“ჩემო პატარა სამოთხეო, ჩემო ფლანდრია!”

შენს წიაღებში “მამელუკის” უკვდავი კვანძი

ინასკვებოდა... სისხლისფერად დუღდა მელანი,

როს ძმადნაფიცი ყმაწვილები პირტიტველანი

ეწირებოდნენ დაუნდობელ დროსა და მანძილს.

შენ აგცდა რისხვა ქართველების გადამჯეგეთა,

თუმცა ავდრებმა შენს თავზედაც გადაიგრგვინეს,

და ვით პატარძალს საქორწილო მწვანე გვირგვინი,

ტყეთა ჩრდილებით დაყურსული გშვენის ჯეგეთა.

გაჩენის დღიდან ქვეყანაზე რაც მინატრია,

სხვა არაფერი არ ყოფილა შენი მზის გარდა

და ახლა უკვე მე ვჩურჩულებ იმ აღთქმულ კართან:

“ჩემო პატარა სამოთხეო, ჩემო ფლანდრია!”

ასესხეთ სიყვარული რუსეთს!

წავიდა ანდრეი, წავიდა ბელა, -

მგოსნები, რომლებსაც ვუყვარდით ჩვენ.

ქარო დეკემბრისავ, შენ რაზე სტვენ?

წავიდნენ მგოსნები... რუსეთში ბნელა!

ვინც ზღვა გაგვიცვალა წყალდამშრალ რუზე,

როგორღა ვიგულვოთ მეგობრად, ძმად!

წავიდნენ მგოსნები, არ დარჩათ მემკვიდრე...

ასესხეთ სიყვარული რუსეთს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100