სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სად იკრძალება სიგარეტის მოწევა და რა ოდენობის თანხის გადახდა მოუწევს კანონდამრღვევს

პარლამენტის მიერ „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დამტკიცებულია, თამბაქოს მოხმარებაზე დაწესებული ახალი რეგულაციები კი, საქართველოში 2018 წლიდან 2021 წლამდე ეტაპობრივად ამოქმედდება.

საკანონმდებლო ორგანომ „ქართული ოცნების“ წევრის, გუგული მაღრაძის მიერ მომზადებული საკანონმდებლო რეგულაციები ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, 85 ხმით, ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. მმართველი გუნდის შემადგენლობიდან ცვლილებები ერთადერთმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ არ გაიზიარა და პროექტის წინააღმდეგ ხმა მისცა.

საკანონმდებლო პაკეტი ერთი მხრივ, შეზღუდვებს აწესებს თამბაქოს მოხმარებაზე, მეორე მხრივ კი, კანონდარღვევებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ - ფულად ჯარიმებს განსაზღვრავს:

სად იკრძალება თამბაქოს მოწევა

ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, რომელსაც 50%-ზე მეტი კედლები აქვს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტაქსისა და კატერის გარდა

საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, ნებისმიერი სხვა სასწავლო დაწესებულების, ბიბლიოთეკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ასევე, 18 წლამდე პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე

სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებსა და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე

ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება

სტადიონზე, რომელსაც ადმინისტრაცია აქვს

სად არის თამბაქოს მოწევა ნებადართული

ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილას, თუ ეს საცხოვრებელი ადგილი ამავდროულად სამეწარმეო საქმიანობის ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის

თამბაქოს კვამლის შემსწავლელი სპეციალიზირებული ლაბორატორიულ დანადგარებში

პენიტენციურ დაწესებულებაში

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის შესაბამისად, გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში

სამორინეში

აეროპორტის სატრანზიტო ზონაში

წინასწარი დაკავების იზოლატორში

სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა შესაძლებელია ამ დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი ქმედუუნარო ან მძიმე ავადმყოფი პაციენტისათვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც დაწესებულების სხვა ნაწილისგან/ტერიტორიისგან სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული, ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა ჰქონდეს

აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც ცალკე სავენტილაციო სისტემა უნდა ჰქონდეს, თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს. ამასთან, ერთ აეროპორტში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი სპეციალური მოსაწევი ოთახი

2020 წლის 1 იანვრამდე, დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20 პროცენტში. მოსაწევი ოთახების ნომრები სასტუმროს ადმინისტრაციის სპეციალური ბრძანებით უნდა გამოიყოს, რომელიც სასტუმროს თვალსაჩინო ადგილზე უნდა განთავსდეს.

თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელის ვალდებულება:

· ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისაგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვა თამბაქოს აღნიშნული ნაწარმის მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყონ და ყოველი წლის 31 მაისამდე, ჯანდაცვის სამინისტროს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინონ;

· თამბაქოს მწარმოებელმა ან/და იმპორტიორმა აღნიშნულ ვადაში უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების შესახებ.

როგორია თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტი

 2018 წლის 1-ელი იანვრიდან, თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების - პიქტოგრამების დატანა სავალდებულო იქნება

 თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა/შეფუთვასა და ბლოკზე პიგტოგრამის ნიმუში დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების ტექსტს უნდა შეიცავდეს და სამედიცინო გაფრთხილების საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ნაწილს უნდა იკავებდეს

 შეფუთვაზე დაბეჭდილი, გარე გამჭვირვალე შეფუთვის გარდა, დაფარული, დამახინჯებული ან შეცვლილი არ უნდა იყოს და თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გახსნისას არ უნდა დაზიანდეს, ან მას არ უნდა მოსცილდეს

რა არის თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის სტანდარტიზების მიზანი

თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება

სამედიცინო გაფრთხილებების ეფექტურობისა და შემჩნევადობის გაზრდა

თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის მიერ თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების შესახებ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობის შემცირება

თამბაქოს რეკლამა აკრძალულია

· აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების რეკლამა

· აკრძალულია თამბაქოს მოწევის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენებისა და თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, თუ ეს არ არის ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევითი მოხვედრა

სიგარაბარის მოწყობის ნებართვა და სანებართვო პირობები

სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გაცემას, გაუქმებას, მასში ცვლილების შეტანას და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას ფინანსთა სამინისტრო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს.

სიგარაბარის მოწყობისთვის სპეციალური ნებართვის მიღება იქნება საჭირო, ნებართვა ოთხი წლის ვადით გაიცემა, სანებართვო მოსაკრებელის ოდენობა 15 ათასი ლარით განისაზღვრება.

· აკრძალულია სიგარაბარში მომხმარებლისთვის სხვა რაიმე სახის პროდუქტის შეთავაზება ჩუქების, გაყიდვის ან გასინჯვის მიზნით

· აკრძალულია სიგარაბარში არასრულწლოვნის დაშვება

ფულადი სანქციები

· მეტროპოლიტენის სადგურის ვესტიბიულის, გადასასვლელის, ბაქნის, ვაგონის სალონის, ესკალატორის ან ლიანდაგის დანაგვიანება-გაჭუჭყიანება, ამ ადგილებში თამბაქოს მოწევა, მატარებლის მოსაბრუნებელ ჩიხებში შეყოლა ან მეტროპოლიტენით სარგებლობის წესების სხვა დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას - 20 ლარის ოდენობით;

· თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია დაწესებულებასა და სავაჭრო ობიექტის სექციაში, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ამგვარი ნაწარმის რეალიზაცია, გამოიწვევს დაჯარიმებას - 200 ლარის ოდენობით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას - 400 ლარის ოდენობით;

· თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის განლაგების წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას - 150 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით;

· თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ერთეული ღერებით გამოიწვევს დაჯარიმებას - 150 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით;

· თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია 18 წლამდე პირზე, გამოიწვევს დაჯარიმებას - 150 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით;

· თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია (საცალო ვაჭრობა) ინტერნეტით ან ფოსტით, გამოიწვევს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 4 000 ლარის ოდენობით;

· კანონმდებლობით დადგენილი წესით, თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისათვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, გამოიწვევს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 4 000 ლარის ოდენობით;

· თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარის ან/და მისი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან ნებისმიერი სხვა სახით იმგვარად, რომ ხილვადია ობიექტის გარედან, გამოიწვევს დაჯარიმებას - 2 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 4 000 ლარის ოდენობით;

· თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია შეფუთვის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას - 150 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 300 ლარის ოდენობით;

· თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია შეფუთვით, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, გამოიწვევს დაჯარიმებას - 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციით;

· თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილებების როტაციის წესის დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას - 5 000 ლარის ოდენობით;

· საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთა მიერ გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები არ შესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, გამოიწვევს დაჯარიმებას - 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების კონფისკაციით.

თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევა და ჯარიმები

· იმ შენობა-ნაგებობაში ან/და მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობას ეწევა და სადაც მოწევა აკრძალულია, თამბაქოს მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას - 1 000 ლარის ოდენობით;

· ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებას წარმოადგენს გამოიწვევს დაჯარიმებას - 50 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 100 ლარის ოდენობით;

· საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას - 500 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 1 000 ლარის ოდენობით;

· 18 წლამდე პირის ჩამბა თამბაქოს ინდუსტრიაში, გამოიწვევს დაჯარიმებას - 5 000 ლარის ოდენობით. განმეოებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 10 000 ლარის ოდენობით.“;

· ტელემარკეტინგი, მოხმარებელთა კვლევა, რომელიც ახდენს ან შეიძლება მოახდინოს თამბაქოს ნაწარმის, ან თამბაქოს მწარმოებლის ან საბითუმო მოვაჭრის პოპულარიზაცია, გამოიწვევს დაჯარიმებას - 5 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას - 10 000 ლარის ოდენობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100