თბილისში გათხოვების მსურველთა ტრენინგი ტარდება. ვინ დგას ღონისძიების უკან?
„გათხოვება მინდა ან როგორ გავხდე ბედნიერი და წარმატებული ქალი“ - ამ სახელწოდების ტრენინგ-კურსი სოციალურ ქსელში გუშინ გამოჩნდა და საზოგადოებაში უკვე დიდი ინტერესიც გამოიწვია.
დრონი.ჯი აღნიშნული „ივენთის“ დეტალებით დაინტერესდა და როგორც ჩანს გათხოვებისთვის აუცილებელ ცოდნას ტრენინგ-ცენტრ "ბედნიერი ქალში" შეგასწავლიან. იხდით 100 ლარს, ტრენერები კი თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას მოგცემენ მამაკაცის მოხიბვლის, მათი ყურადღების მიქცევასა და სათანადო მამაკაცის შერჩევის ოსტატობაში.
ცენტრის დამფუძნებელი და „ოჯახის შექმნის სპეციალისტი“ მაია ჩადუნელი აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარ საქმიანობაზე დრონი.ჯი-ს ჟურნალისტთან ღიად ისაუბრა.
"მე თავად მაქვს გავლილი ეს ტრენინგ-კურსი საზღვარგარეთ, ახლა კი ჩემ ცოდნას ქართველებს გავუზიარებ. მსგავსი სწავლება მთელ მსოფლიოში ტარდება. საქართველოში კი ეს პირველად მოხდება. ახლახანს დავბრუნდი და მომივიდა იდეა ამ კურსის ჩატარების. პედაგოგი ვარ, ძალიან ბევრი ტრენინგები ჩამიტარებია, საზღვარგარეთ დიდი გამოცდილება დავაგროვეე.
კურსს უკვე დიდი გამოხმაურება მოყვა. ტრენინგი 2 დღიანი იქნება, მომავალში მსახიობ მამაკაცებსაც მოვიწვევთ, რომლებიც ჩვენი ქალბატონების კითხვებს უპასუხებენ. თუნდაც, დაურეკოს თუ არა ქალმა მამაკაცს პირველმა. ქართველი კაცები ტრენინგის მონაწილეებს საკუთარ აზრს ეტყვიან.
ჩაცმულობის სტილი, მაკიაჟი, ვარცხნილობა, ხმის ტემბრი, რა თემებზე ვესაუბროთ მამაკაცს რომ დავაინტერესოთ, როოგორ ავირჩიოთ ღირსეული მამაკაცი და ა. შ. სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრებით ქალებს.
კურსი მხოლოდ ქალბატონებისთვისაა, თუმცა მამაკაცებიც დაინტერესდნენ და გამოთქვეს სურვილი მათთვისაც გავაკეთოთ მსგავსი ტრენინგი.
რაც შეეხება როგორ გახდეთ წარმატებული, უამრავი ბიზნესმენისგან მაქვს აღებული რჩევები და მათ გავუზიარებ", - აღნიშნა ტრენერმა "დრონი.ჯი"-თან.
კომენტარი