სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თედიაშვილების მრავალშვილიანი ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება!

საქველმოქმედო ფონდს „სოციალურ პარტნიორობას“ დახმარების თხოვნით 5 შვილის მამა ზვიად თედიაშვილმა მიმართა. მან ბოლო წლებში ფეხზე შვიდი ოპერაცია გადაიტანა და ახლა ფიზიკურად ვერ შრომობს. არ შეუძლია ოჯახი შეინახოს და ბავშვები გამოკვებოს!

თედიაშვილების ოჯახი საშინელმა სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. მათ აღარავის იმედი არ აქვთ! ხუთ მცირეწლოვან ბავშვს ნინოს, ნატოს, ნანას, ქეთოს და ერთი წლის ნოდარს ძალიან მძიმე ვითარებაში უწევთ ცხოვრება. მათ იციან რა არის შიმშილი და გაჭირვება.

ზვიად თედიაშვილი, მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად, ნახევრად დანგრეულ შენობაში ცხოვრობს. კედლებში იმხელა ნაპრალებია, რომ ოთახებში ქვეწარმავლები შედიან. ზოგიერთი კედელი „დათბილულია“ მუყაოთი და ძველი პლედებით. ამ ნაგებობაში, რომელსაც სახლსაც ვერ დავარქმევთ, არც წყალია შეყვანილი და საცხოვრებლად საერთოდ არანაირი პირობები არ არსებობს. წყლის მოტანა სასმელად, დასაბანად და გასარეცხად უახლოესი ონკანიდან უხდებათ. მაგრამ წყალი ხშირად წყდება და ამიტომ წყალს ყველა შესაძლებელ ჭურჭელში ავსებენ, რაც კი სახლში გააჩნიათ.

საძინებელში სამი ძველი დამტვრეული საწოლი აქვთ. სადილობენ ფიცრებისგან შეკოწიწებულ მაგიდასთან. ოჯახში სულ სამი სკამია, რომლებიც სკოლის დირექციამ აჩუქა ოჯახს.

უფროსი ბავშვები წვიმის დროს სკოლაში ვერ დადიან, სათანადო ფეხსაცმლის უქონლობის გამო.

ამჟამად ამ ოჯახის მდგომარეობა უაღრესად მძიმეა. სოციალური დახმარება ფაქტობრივად არაფრისთვის არ ჰყოფნით. ნებისმიერი სახის თანადგომა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. ოჯახს შეგიძლიათ დაეხმაროთ პროდუქტებით, თეთრეულით, საბნებით, ჰიგიენური საშუალებებით, მედიკამენტებით, საშენი მასალით, ტანსაცმლით და ფეხსაცმლით...

ეს ოჯახი მხოლოდ კეთილი ადამიანების იმედადაა დარჩენილი. იმ ადამიანების იმედად, ვისაც შეუძლია სხვის გასაჭირის გულთან ახლოს მიტანა.

გადახედეთ ფოტოებს, აქ ზედმეტი სიტყვები საჭირო არაა... თავად დარწმუნდებით, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში, ჩვენს გვერდით თედიაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი უსაშინლეს პირობებში ცხოვრობს...

მოდით, ვიზრუნოთ იმ ბავშვებზე, რომლებზეც არავინ ზრუნავს. ისინი ხომ ბევრს არაფერს ითხოვენ... მათი ოცნებაა, რომ სახლში პური მაინც ჰქონდეთ...

„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას თედიაშვილების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად. თქვენს მიერ გაღებული უმნიშვნელო დახმარებაც კი მათ გადარჩენის გარანტიაა! თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: თედიაშვილების ოჯახი) ან პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/135/

თქვენი სიკეთე ასმაგად დაუბრუნდება თქვენს შვილებს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100