სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქუთაისში გასაშველებლად მისულ პოლიციელებს ცეცხლის გახსნა მოუწიათ

როგორც „დრონი.ჯი“-ს ქუთაისიდან შეატყობინეს, ნუცუბიძის 5-ში გამოძახებულ საპატრულო პოლიციას სროლა დასჭირდა, რათა მამა-შვილს შორის დაპირისპირება აღეკვეთა და ცივი იარაღით შეიარაღებული ეჭვმიტანილი დაეკავებინა.

საპატრულო პოლიციამ გამოძახება უშუალოდ ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილისგან მიიღო: ბონდო ფერცულიანმა საპატრულო პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც თავისი შვილი ცივი იარაღით დაემუქრა. პოლიცია შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა და მოწმე გახდა, როგორ ესროდა ბექა ფერცულიანი (ის ფსიქიკურად დაავადებულია და ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა) მშობლებსა და მეზობლებს შუშის ქილებს. პოლიციელებმა მას სიმშვიდისკენ მოუწოდეს, რასაც დანით შეიარაღებულმა ბექა ფერცულიანმა მათზე შეტევით უპასუხა, რის გამოც პოლიცია იძულებული გახდა, იარაღი გამოეყენებინა.

ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლის შემდეგ პოლიციელმა გიგა ქურასბედიანმა დამიზნებით ისროლა, რის შედეგადაც ბონდო ფერცულიანის ვაჟი დაიჭრა, ხოლო თავად ბონდო ფერცულიანს, სავარაუდოდ ბრმა ტყვია მოხვდა და დაშავდა.

ორივე დაზარალებული ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100