სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

BILD: ეგვიპტეში ადამიანის მსგავსი გოლიათის თითი აღმოაჩინეს

სენსაციური სტატია გამოაქვეყნა გერმანულმა BILD-მა, სადაც აღწერილია არცთუ ახალი, მაგრამ საკმაოდ სენსაციური აღმოჩენა ეგვიპტეში: სტატიის მიხედვით, ეგვიპტეში ადამიანის მსგავსი არსების თითი იპოვეს, რომელიც წარმოუდგენლად დიდი ზომისაა.

სიგრძეში თითი 38 სმ-ს შეადგენს და ზომის აღსაქმელად ფულის კუპიურასაა დატოლებული. გამოცემა წერს, რომ ფოტო ჯერ კიდევ 1988 წელსაა გადაღებული, მაგრამ პირველად ქვეყნდება და ისიც, მხოლოდ ამ კონკრეტულ გამოცემაში.

ფოტოს ავტორი გრიგორი სპიორი (Gregor Spörri) შვეიცარელი მეწარმე და სიძველეების დიდი მოყვარულია. მისი თქმით, 1988 წელს, ეგვიპტეში ყოფნის დროს, მას კერძო პირი დაჰპირდა, რომ ძველი საფლავების მძარცველებს გააცნობდა. ქაიროდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 100 კმ-ის დაშორებით, ბირ ჰუკერში შემდგარა შეხვედრა, სადაც შვეიცარიელისთვის ძველ ჩვრებში გახვეული თითი უჩვენებიათ.

„შოკში ჩამაგდო იმან, რაც დავინახე. საფლავების მძარცველმა ნება დამრთო, არამარტო ხელში ამეღო მისი რელიქვია, არამედ გადამეღო კიდეც. თითთან ეგვიპტური ოცფუნტიანი დავდე და ისე გადავიღე. თითი საშინლად ყარდა და საოცრად მცირე წონის იყო“, - იხსენებს სპიორი. მისი თქმით, დიდხანს ევედრებოდა საფლავების მძარცველს, მისთვის მიეყიდა თითი, მაგრამ მან უარი იმ მოტივით თქვა, რომ ეს ნივთი საგვარეულოსთვის საკმაოდ ძვირფასი იყო.

სპიორის თქმით, ეს ფოტო რამდენიმე მუზეუმში მიიტანა, მაგრამ მას ისე გაურბოდნენ, როგორც კეთროვანს. „არცერთ წყაროში არ არის მითითებული, რომ ეს, შესაძლოა აგვიპტეში ოდესღაც მცხოვრები გოლიათის თითია“, - ეუბნებოდნენ მას.

2009 წელს, ეგვიპტეში დაბრუნების შემდეგ, სპიორმა ამ რელიქვიის პატრონი დიდხანს ეძება, მაგრამ ვერ მიაკვლია. შვეიცარიელმა წყაროებიც შეისწავლა, სადაც აღნიშნულია, რომ ახლანდელი ეგვიპტის ტერიტორიაზე გოლიათები ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-12 საუკუნეში, მეფე ჯოშუას დროს ცხოვრობდნენ. რომაელი ისტორიკოსის ნაშრომში სპიორმა ამოიკითხა, რომ ისინი დაახლოებით 5 ფუტის სიმაღლის იყვნენ: „თითის ზომები სწორედ ამ მონაცემებს ემთხვევა“, - ამტკიცებს შვეიცარიელი მეწარმე.

ეგვიპტეში ნანახმა სპიორიზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მან უარი თქვა საკუთარ პროფესიაზეც კი გოლიათების დედამიწაზე არსებობის წყაროების შესწავლას მიჰყო ხელი, რის შემდეგაც ფანტასტიკის ჟანრის წიგნიც დაწერა. ეს წიგნი, სახელწოდებით „დაკარგული ღმერთი. ბედისწერის დღე“ 2008 წელს გამოვიდა.

„მე არ ვარ მეცნიერი და ამიტომაც არ დავწერე წიგნი მეცნიერულ ენაზე“, -აღიარებს შვეიცარიელი, - „დაე, მკითხველმა გადახედოს და თავად განსაჯოს, უღირს თუ არა მსგავსი წიგნის ბოლომდე წაკითხვა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100