ჯაბა იოსელიანის ცხედრის ამოთხრის მცდელობა: ახალი დეტალები (ვიდეო)
დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ჯაბა იოსელიანის საფლავის მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე გადაკეტილია. შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც „დრონი.ჯი“-მ გაარკვია, ისინი შემთხვევის ადგილზე უცნობი პირების მიერ დატოვებულ საველე ნიჩაბსა და თაბახის ფურცლებს სწავლობენ, რომლებიც ჯაბა იოსელიანის საფლავის ქვაზე დააკრეს.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა და მომხდარის შესახებ პირველი ინფორმაცია თვითმხილველზე დაყრდნობით „დრონი.ჯი“-მ გაავრცელა. თვითმხილველის ცნობით, მან დიდუბის პანთეონში სამი კაცი შენიშნა, რომლებიც საფლავს თხრიდნენ. მოგვიანებით მათ გაქცევით უშველეს თავს, რადგან შესასვლელიდან მათი მისამართით ორი მამაკაცი ხმამაღალი შეძახილებით გაემართა. შემთხვევის ადგილზე დარჩა საველე ნიჩაბი და თაბახის ფურცლები, რომელთა ნაწილზე სისხლიანი შავი ხელის მტევანი, ნაწილზე კი ჯაბა იოსელიანის ე.წ. „თბილისის ომში“ მონაწილეობის ფოტოები იყო ამობეჭდილი.
სავარაუდოდ, ჯაბა იოსელიანის ცხედრის ამოთხრის მცდელობა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მიერ დედაქალაქის იძულებით დატოვების თარიღს უკავშირდება: 20 წლის წინ, 1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდია და მისი მომხრეების ნაწილი იძულებული გახდნენ, თბილისი დაეტოვებინათ მას შემდეგ, რაც მოსკოვის ორგანიზებით საქართველოში მოწყობილი სამხედრო გადატრიალება დასრულდა. 1992 წლის 6 იანვარს ქვეყანაში სამხედრო საბჭოს მმართველობა დაიწყო, რომელიც „მხედრიონისა“ და სხვა შეიარაღებული ფორმირებების თარეშით გაგრძელდა, ხოლო მარტში საქართველოში ედუარდ შევარდნაძის ჩამოყვანით დასრულდა. იმ დროს მომხდარი განუკითხაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, გამმართლებელი და ორგანიზატორი სწორედ ‘მხედრიონის“ ლიდერი ჯაბა იოსელიანი იყო.
როგორც „დრონი.ჯი“-სთვის გახდა ცნობილი, არ არის გამორიცხული, რომ დიდუბის პანთეონში ვანდალი მარტო მოქმედებდა. სამართალდამცველები დეტალებზე არ საუბრობენ, პანთეონის დირექტორმა ბადრი ქუთათელაძემ კი განაცხადა, რომ პანთეონს დაცვა არ ჰყავს, ცენტრალური შესასვლელიდან კი ტერიტორიაზე წუხელ, სავარაუდოდ, არავინ შესულა. დირექტორი არ გამორიცხავს, რომ ვანდალებს პანთეონში შესასვლელად ღობეზე გადაძრომა მოუწიათ.
შემთხვევის ადგილზე დილიდან სამართალდამცველებთან ერთად, რიგითი მოქალაქეები და ჯაბა იოსელიანის ტანამოაზრეებიც იმყოფებოდნენ. იქ მყოფთა უმრავლესობა გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ „ჯაბა იოსელიანის ადგილი დიდუბის პანთეონში არ არის“ და მსგავსი შემთხვევები მოხდება მანამ, სანამ „მხედრიონის“ ყოფილი ლიდერის ცხედარს სხვაგან არ გადაასვენებენ.
რაც შეეხება ჯაბა იოსელიანის თანამოაზრეებს, „მხედრიონის“ ლიდერის პირადი დაცვის ყოფილმა უფროსმა, თამაზ ფანჩულიძემ მომხდარს „ვანდალური აქტი“ უწოდა და დასძინა, რომ „ადამიანს, ვისაც მსგავსი ქმედების ცადენა შეუძლია, არანაირი გამართლება არა აქვს“.
„ვინც ეს გააკეთა, არც ქრისტიანია, არც მართლმადიდებელი და საერთოდაც, ადამიანი არ არის, ახლა არცერთ ჯგუფს და პიროვნებას არ დავადებ ხელს, მაგრამ დაახლოებით ვიცი, ვინც გააკეთებდა. აქ არის პატრული, პოლიცია და ისინი გაერკვევიან“, - განაცხადა თამაზ ფანჩულიძემ, რომელსაც მხედრიონელები მეტსახელად „წესრიგას“ უწოდებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის ჯაბა იოსელიანის საფლავის შეურაცხყოფის პირველი მცდელობა: უცნობმა პირებმა საფლავიდან ცხედრის ამოთხრა 2008 წელსაც სცადეს, რის შემდეგაც საფლავთან ერთი კვირის განმავლობაში პოლიციელთა ჯგუფი სადღეღამისო რეჟიმში მორიგეობდა.
კომენტარი