სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შალვა რამიშვილმა "პალიტრა TV" არაკოლეგიალობაში დაადანაშაულა და TV დატოვა

ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა "პალიტრა TV" დატოვა. ამის შესახებ "ივერონს" თავად რამიშვილმა განუცხადა და აღნიშნა, რომ ინტერნეტ-ტელევიზიის დატოვების გადაწყვეტილება სამი დღის წინ მიიღო.

როგორც ჟურნალისტი "ფეისბუქში" მის გვერდზე წერს, "პალიტრა TV"-მ მის მიმართ "არაკოლეგიალური დამოკიდებულება გამოიჩინა".

"21 წელია, მედიაში ვარ. ზოგს მოსწონს ჩემი ნაკეთობები, ზოგს - არა. ხშირად გავუკრიტიკებივარ მაყურებელს, მსმენელსა თუ მკითხველს. მაგრამ ერთი რამ უდავოა: ყოველთვის კარგი რეიტინგი მომაქვს იმ მედიასაშუალებისათვის, რომელშიც ვმუშაობ.

ორშაბათს რადიო "პალიტრის" გადაცემა "ცენტრში" ქალბატონმა დარეკა და პირდაპირ ეთერში "დეგენერატი" მიწოდა. ქალბატონი აღელვებული ჩანდა და მასთან კამათი არ დამიწყია. დღეს ვნახე, რომ "პალიტრატივის" ხსენებული ინციდენტის ამსახველი ვიდეო ამოუჭრია და სათაურით "შალვა რამიშვილს პირდაპირ ეთერში "დეგენერატი" უწოდეს" საკუთარ საიტზე განუთავსებია.

რთულია, ზრდასრულ ხალხს აუხსნა, რომ არსებობს კოლეგიალობა, რომ ერთ ჰოლდინგში მომუშავე ჟურნალისტებმა ერთმანეთი უნდა დაიცვან, რომ ქაჯობაა ამ ხერხით შენი საიტის ნახვის მსურველთა რაოდენობის გაზრდა. მსგავს ვიდეოებს დებენ "რეალტივი", "პრესა.ჯი" და მსგავსი საიტები. ძალიან საწყენია, რომ "პალიტრატივი" მათნაირად მოიქცა.

მიუხედავად იმისა, რომ მე მადლობელი ვარ "მედიაპალიტრის" მესვეურებისა (მათ ჩემთვის რთულ დროს მომცეს საშუალება, გავსულიყავი ეთერში), მაინც მიმაჩნია, რომ ცოტა რამ არ გავაკეთე მათი რადიოს პოპულარიზაციისთვის.

დღეს აღარ მსურს მათთან თანამშრომლობა, რადგან არ მომწონს, როცა ჩემთან შეუთანხმებლად ასაჯაროვებენ შეურაცხმყოფელ ჩანაწერებს. მე მგონი, მათ ძალიან შეეშალათ. სხვა მხრივ კი "პალიტრას" წარმატებებს ვუსურვებ, ოღონდ ამჯერად უჩემოდ!", - აცხადებს შალვა რამიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100