სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილი: მეზობელ ქვეყნებში საქართველოზე ნეგატიური განწყობა არ უნდა გაჩნდეს

საქართველოს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თურქეთის ქალაქ ორდუში მომხდარ ძარცვასა და მის გახსნასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შსს სწრაფად რეაგირებს მსგავს ფაქტებზე და ასეც გაგრძელდება.

„არ დავუშვებთ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საქართველოზე ნეგატიური განწყობა გაჩნდეს“, - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა:

"ჩვენ უკვე აწყობილი გვაქვს ურთიერთობები თურქეთში, უკრაინაში, ბელორუსში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩვენს კოლეგებთან. ჩვენ სწრაფად ვახერხებთ რეაგირებას, რათა ჩვეულებრივი, ნორმალური მოქალაქეებისთვის, რომლებიც აპირებენ საქართველოს გარეთ გასვლას, შრომას, გადაადგილებას, ახალი ბარიერები არ შეიქმნას. არ გვინდა, რომ საქართველოზე ნეგატიური განწყობა არსებობდეს ჩვენ მეზობელ ქვეყნებში",

შეგახსენებთ, დღეს კუდ-ის უფროსის მოადგილემ, იოსებ თოფურიძემ განაცხადა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთის ქალაქ ორდონის საიუველირო ცენტრიდან დიდი რაოდენობით ოქროსა და სხვა ძვირფასი ნაკეთობების გატაცების ფაქტი გახსნეს.

დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი, ვახტანგ ფურცელაძე, რომელიც, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი ჯგუფის მეთაურია. ამოღებულია დიდი რაოდენობით ოქრო და სხვადასხვა ვალუტის ქაღალდის ბანკნოტები.

სამართალდამცველთა ცნობით, თურქეთიდან გატაცებული ოქროს ნაწილი გაყიდულია, ნაწილი კი დამნაშავეებმა გადაადნეს. შსს-მ ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაც გაავრცელა, სადაც ის ადასტურებს, რომ ეჭვმიტანილს შეხვდა და მისგან დაახლოებით 400 გრ. წონის ოქროს ნივთები მიიღო, რათა ისინი გადაედნო.

კუდ-ის უფროსის მოადგილემ სპეციალურ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომელიც დანაშაულის გახსნაში მონაწილეობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100