სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გიორგი გიორგანაშვილს იგივე ბახალას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსახიობი დარბაზშივე დააკავეს. გიორგანაშვილი მას შემდეგ აიყვანეს, რაც მოსამართლემ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ადგილზე თათბირით მიიღო. მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრობლების მხრიდან გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ბახალას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ბუპრენორფინის (სუბოტექსი) შეძენა-შენახვაში ადანაშაულებს. თავად ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს, რადგან არ დასთანხმდა პოლიციის მოთხოვნას, რომ ეთანამშრომლა მათთან და ერთ-ერთი პირის, ირაკლი ქორიძის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.
დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდების მხარემ გიორგი გიორგანაშვილის წინააღმდეგ ვერ წარმოადგინა შეთანხმებული მტკიცებულებების ის ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გიორგი გიორგანაშვილის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. შესაბამისად, ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება, რაც სასამართლოს შეუძლია მიიღოს, ამ შემთხვევაში არის გიორგი გიორგანაშვილის უდანაშაულოდ ცნობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100