„საამური“ - ბუნებრივი ღვინის მომაჯადოებელი გემო
„საამური“ ბუნებრივი
ღვინის მაღაზია-ბარია, რომელიც „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე მდებარეობს და მიუხედავად იმისა,
რომ მისი გახსნა პანდემიის პერიოდს დაემთხვა, ბუნებრივი ღვინის მოყვარულებში „საამურს“
და მის გუნდს სახელი მალევე გაუვარდა.
მაია ჭოხონელიძემ
და ნიკი ანთაძემ თიბისი ბიზნეს მხარდაჭერის
პროგრამის სტარტაპერის დახმარებით დიდი ხნის ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანეს და 50 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ფართის იმ ადგილად
გარდაქმნა დაიწყეს, რომელიც ღვინის ბუნებრივ გემოებში მოგზაურობის გარდა, გართობის,
შემეცნების, ღვინოზე ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლის სივრცეც უნდა ყოფილიყო. პანდემიამ
მათი გეგმის სისრულეში მოყვანა დროში შეაფერხა, თუმცა მაია და ნიკი, რომელიც თავად
მეღვინეა და ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს, ამ ამბავს
არ შეუშინდნენ და ღვინის ბარი „საამური“ აპრილიდან აამუშავეს.
„მიუხედავად იმისა,
რომ ჩვენი ჩაფიქრებული პროექტი ჯერ ბოლომდე მზად არ არის, ინტერიერზე მუშაობა არ დასრულებულა
და ამის გამო განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოვირჩევით, ბარი მაინც გავხსენით და
სტუმრებმა თავისით გვიპოვეს. აპრილიდან გვსტუმრობენ ბუნებრივი ღვინის მოყვარულები.
ვინც ერთხელ მოვიდა, ის აუცილებლად ბრუნდება, მოჰყავთ მეგობრები, ნაცნობებს ურჩევენ
ჩვენს ღვინოებს და ამიტომ სტუმარი არ გვაკლია. ამას, პირველ რიგში, ბუნებრივი ღვინოების
მომაჯადოვებელი გემოები განაპირობებს და, მეორე მხრივ, ჩვენი გუნდი, რომელიც ასევე
ამ ღვინის სიყვარულმა და მისი ღირებულების ცოდნამ გააერთიანა“ ,- ამბობს „საამურის“
ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაია ჭოხონელიძე.
ბუნებრივი ღვინო,
სხვა, კონვენციური მეთოდებით დამზადებული ღვინოებისგან განსხვავებით, არ შეიცავს დანამატებს,
ის ბუნებრივი საფუარით ღვინდება. ქიმიური პროცესები აქ დამოუკიდებლად, მეღვინის ჩაურევლად
მიმდინარეობს, შედეგად კი ვიღებთ ბუნებრივი ღვინის მომაჯადოებელ გემოს.
„საამურის“ ძირითადი
მომწოდებელი, როგორც მაია ამბობს, ბუნებრივი ღვინის ასოციაციაში გაწევრიანებული მეღვინეები
არიან, რომლებიც „საამურთან“ დიდი ხანია, მეგობრობენ. ყველა მათგანი მცირე მეწარმეა და ძირითადად ექსპორტზე
მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ექსპორტზე გატანა მათთვის ბევრად მომგებიანია,
„ საამურთან“ მეგობრობას არ წყვეტენ და ამით ბუნებრივი ღვინის ბიზნესის მიმართ თანადგომას
გამოხატავენ.
„საამური“ 100-ამდე სახეობის ღვინოს აერთიანებს. 20-დან
250 ლარის ღირებულების ქართული თუ უცხოური ღვინოების გარდა, ბარში შეგიძლიათ დააგემოვნოთ
ზუგდიდში წარმოებული ჯინი, კრაფტ ლუდის რამდენიმე სახეობა, ქართული აბსენტი, სიდრი,
ჭაჭა და სხვა ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელი.
„საამურის“ ყველის
და ხორცპროდუქტების მენიუ ქართული წარმოების პროდუქტისგან შედგება, რომლებსაც „საამური“
მცირე მეწარმეებისგან ყიდულობს.
გარდა იმისა, რომ
მასთან მისულ სტუმრებს უმასპინძლდება, „საამურმა“ გადაწყვიტა, თავადაც იმოგზაუროს და
ბუნებრივი ღვინის გემო განსხვავებულ სივრცეებში შესთავაზოს მომხმარებელს. სწორედ ამ
მოტივით, სექტემბერში, თბილისის ზღვის „საიალქნო კლუბში“, ვაკის ბისტროსთან“ ერთად
ზღვის პროდუქტების თემაზე გამართული სადილით, „საამურმა“ ზღვის და იალქნიანი ნავების
ფონზე 40 ადამიანს უმასპინძლა. პირველმა ერთობლივმა ღონისძიებამ წარმატებულად ჩაიარა.
მაია ჭოხონელიძე ამბობს, რომ პოპ-აპის მთავარი წარმატება იქ შეკრებილ ადამიანებთან
ურთიერთობა და მათთან ერთად დასახული ახალი იდეები და პროექტებია, რომლებიც საქართველოს
მასშტაბით სხვადასხვა საინტერესო სივრცეში, სხვადასხვა მეგობარ ბარ-რესტორნებთან ერთად
გაიმართება.
საქართველოს ბაზრის
გარდა, „საამურის“ ბუნებრივ ღვინოებს უცხოელი მომხმარებელიც დააგემოვნებს. მალე შეკვეთა
დიდ ბრიტანეთსა და ჰოლანდიაში წავა, მომავალში კი „საამური“ ევროპის და აზიის სხვა
ქვეყნებშიც იმოგზაურებს.
კომენტარი