სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

23.11.2011, შესაძლოა, ახალი ცივი ომის ათვლის წერტილად იქცეს: აშშ ისევ თავისაზე რჩება

შესაძლოა, წლევანდელი 23 ნოემბერი ისტორიულ - აშშ-სა და რუსეთს შორის გადატვირთვის პოლიტიკის დასასრულად და ახალი ცივი ომის დაწყების თარიღად იქცეს: დიმიტრი მედვედევის განცხადებაზე აშშ-მა განაცხადა, რომ არ აპირებს ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებული გეგმის შეცვლას. სწორედ ამ შინაარსის განცხადებით უპასუხა რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ტომი ვიტორმა.

ვიტორის თქმით, ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების დანერგვის ტემპი დამაკამაყოფილებელია და აშშ-ს ამ მიმართულებით გეგმების შეცვლის ან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის პროექტებზე შეზღუდვის დაწესების არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

„ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა არანაირად არ არ ემუქრება რუსეთის სტრატეგიულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა ვიტორმა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ სისტემა მხოლოდ ირანის მხრიდან მზარდი მუქარის პასუხია.

ამასთან, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი ევრო რსთ (რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა)-სთან დაკავშირებით რუსეთთან თანამშრომლობის იმედს არ კარგავს და ვერ ხედავს სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ შეთანხმებაზე (ეს შეთანხმება 1993 წლის იანვარში მოსკოვში, ბორის ელცინსა და ჯორჯ ბუშს შორის დაიდო) მოსკოვის მხრიდან უარის თქმის საფუძველს. და ეს მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტმა აშკარა შანტაჟის ენით მიანიშნა აშშ-ს - შეთანხმებას დავტოვებთ, თუ თქვენს გეგმებზე უარს არ იტყვითო.

შეგახსენებთ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია ევრო რსთ-ს იმ სახით არსებობისა, რა სახითაც მის დანერგვას ევროპაში აშშ აპირებს, რადგან იგი 5-8 წლის შემდეგ პირდაპირ დაემუქრება რუსეთის სტრატეგიულ უსაფრთხოებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100