სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პეტრე მამრაძე სექტის წევრობას ასაიდუმლოებს?

როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, საქართველოშიც რელიგიური თავისუფლება დაშვებულია. ასე რომ, ზოგიერთ პოლიტიკოსს თუ არაპოლიტიკოსს ამ მხრივ გზები გახსნილი აქვს. დღესდღეობით საქართველოში სექტები მრავლადაა. მაგალითად, ყველაზე ცნობადი იაღოველები, ორმოცდაათიანელები... ჩვენთან უკვე მრავლად არიან...

ინფორმაცია, რომელიც „დრონი.ჯი“-მ მოიპოვა, ერთ-ერთი პოლიტიკოსის სექტანტობას ეხება. ეს პოლიტიკოსი ოპოზიციონერია და, არც მეტი, არც ნაკლები, ნოღაიდელის პარტიის სახე პეტრე მამრაძეა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბატონი პეტრე ერთ-ერთი სექტის წევრია და თან მათ რიტუალებში საკმაოდ აქტიურადაც იღებს მონაწილეობას. სექტას ჯერჯერობით არ დავასახელებთ და მკითხველს ამ თემის ირგვლივ მოგვიანებით შევთავაზებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას.
პეტრე მამრაძის სექტანტობა კიდევ არაფერი. თუმცა იგი აქტიურად ცდილობს ნოღაიდელის პარტიის წევრებიც ჩაითრიოს ამ „გაუგებრობაში“. ამას ღიად არავინ აცხადებს, თუმცა ერთმანეთში საუბრები ამის შესახებ უკვე მიდის. სექტის წევრობას ზოგი თანხმდება, ზოგი არა, ზოგიც კიდევ ფიქრის პროცესშია. ნოღაიდელი, სჯობს, სანამ მამრაძეს პარტია ერთ დიდ სექტად გადაუქცევია, გამოერკვეს და ან ბატონ პეტრეს მიხედოს, ან კიდევ რაიმე სხვა გზა მოძებნოს. გზების მონახვა კი ნოღაიდელს ნამდვილად არ „ეშლება“. ეს ლამის მის მეორე პროფესიად იქცეს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავის დროზე გურამ შარაძეც საუბრობდა პეტრე მამრაძის სექტანტობაზე და მას არამართლმადიდებლური პროპაგანდის ქადაგებაში ადანაშაულებდა. საქმის უფრო დეტალურად გარკვევისთვის „დრონი.ჯი“ პეტრე მამრაძეს დაუკავშირდა.
„დრონი.ჯი“: ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თქვენ ერთ-ერთი სექტის წევრი ხართ?
პეტრე მამრაძე: არა არანაირი სექტის წევრი არა ვარ.
- არც არასდროს ყოფილხართ, იქნებ გაიხსენოთ, იმიტომ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სანდო წყარომ მოგვაწოდა და ნამდვილად უტყუარია...
- მე, როგორც მახსოვს, არც ერთ სექტაში არ ვყოფილვარ გაწევრიანებული. ერთადერთხელ, მახსენდება, რომ კომკავშირში მიმიღეს. შემდგომ მალევე მოვახერხე კომკავშირიდან გასვლა. სხვათა შორის, არც კომუნისტური პარტიის წევრი ვყოფილვარ არასოდეს.
- მართლმადიდებელი ქრისტიანი ბრძანდებით?
- მე ყოველთვის ვამბობ, რომ მართლმადიდებელი არასოდეს ვყოფილვარ. მორწმუნე არა ვარ. მე ეს არაერთხელ მითქვამს, მაგრამ ჩემი ზნეობით და კულტურით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი.
- თქვენ რა სექტაშიც ხართ გაწევრიანებული, იმავე სექტა კრძალავს სექტის წევრობის უარყოფას და არ გეშინიათ, რომ სექტამ უარგყოთ?
- ვარ ასტროფიზიკოსი, მეცნიერი და არასოდეს არც ვყოფილვარ და არც ვიქნები რაიმე სექტის წევრი“.
მამრაძესთან სატელეფონო კომენტარის გაგრძელება ვერ შევძელით იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას ქრონიკული ხველა აუვარდა. შესაძლებელია ჟურნალისტებთან ურთიერთობის თავიდან აცილების ეს ერთგვარი, მამრაძისეული ხრიკიც იყოს.
რას გაუგებ ადამიანებს, მითუმეტეს, იდუმალი ნოღაიდელის პარტიის ერთ-ერთ აწ უკვე უკომკავშირო ლიდერს. საინტერესოა ისიც, რომ ბატონი პეტრესთვის სექტის ხსენება კომკავშირულ ბილეთთან და დიად კომუნისტურ პარტიასთან ასოცირდება. ალბათ, როცა კომკავშირში ერთიანდებოდა, იმაზე აღარ ფიქრობდა, რომ წლების შემდეგ კომკავშირის შედარება სექტასთან მოუწევდა, თორემ კომკავშირში ისეთ ქოქოლას დააყრიდნენ, რომ ცხოვრება აღარ მოუნდებოდა.
ისე, მართლაც საინტერესოა, რა რიტუალებს ასრულებენ სექტანტები შეკრებისას და რა როლი აქვს იქ პოლიტიკოს პეტრე მამრაძეს.
„დრონი.ჯი“-სთვის ცნობილია რა სახის რიტუალები ტარდება სექტაში, მაგრამ მისი გაზეთის ფურცლებზე გახმოვანება არაკორექტულად მიგვაჩნია. შესაბამისად თავს ვიკავებთ, მაგრამ ბატონ პეტრეს კეთილად ვურჩევთ, სერიოზული პოლიტიკოსია, ბოლოს და ბოლოს ნოღაიდელის პარტიის სახეა, ამიტომაც, სჯობია, ჟურნალისტებთან სიმართლე ილაპარაკოს. ბატონო პეტრე, მე მგონი, რასაც აკეთებთ, იმის აღიარება არ უნდა გიჭირდეთ, როცა ამის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს.

ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100