სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სალომე ზურაბიშვილი: ჩემი მთავარი იდეაა, დასრულდეს ის საბჭოთა წყობა, რომელშიც ზოგ-ზოგიერთები კარგად გრძნობენ თავს, დასრულდეს თავისი ფარული ჩანაწერებით და გაუთავებელი შურისძიებით

საქართველო არც ისე ცუდად არის, ჩვენი თავის უნდა გვჯეროდეს. არ შეიძლება, მუდამ ვიყოთ იმის ფიქრში, რა გვეშველება, რა მეშველება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.


წამყვანის კითხვაზე, რა არის ის ყველაზე მთავარი იდეა, რომლის აღსრულებისთვისაც საკუთარ თავს სთავაზობს ქართველ ამომრჩეველს, როგორც პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი იდეა არის, დასრულდეს ის საბჭოთა წყობა, რომელშიც ზოგ-ზოგიერთები კარგად გრძნობდნენ თავს, პოსტპოსტსაბჭოთა სისტემა უნდა დასრულდეს თავისი ფარული ჩანაწერებით, სიძულვილით, ერთმანეთის დასმენითა და გაუთავებელი შურისძიებით. როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, პოლიტიკური ძალის ლიდერი, ის არის საზოგადოების წარმომადგენელი და საზოგადოების ლიდერი.

„ჩემი მთავარი იდეაა, რომ საქართველო არც ისე ცუდად არის. ჩვენი თავის უნდა გვჯეროდეს. არ შეიძლება, მუდამ ვიყოთ იმის ფიქრში, რა გვეშველება, რა მეშველება. შევაბიჯეთ 21-ე საუკუნეში. სამოქალაქო საზოგადოება ბოლოსდაბოლოს უნდა ჩამოყალიბდეს და ამაში პრეზიდენტს ექნება ძალიან დიდი დანიშნულება. პრეზიდენტი არ არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, პოლიტიკური ძალის ლიდერი, არის საზოგადოების წარმომადგენელი და საზოგადოების ლიდერი. მასთან ერთად საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს, თავის უფლებები უნდა დაიცვას და ეს არის მთავარი ევროპული გეზი. დასრულება იმ ერთი საუკუნის, იმ საბჭოთა წყობის, რომელშიც ზოგ-ზოგიერთები კარგად გრძნობდნენ თავს, ერთი საუკუნე გავიდა და პოსტპოსტსაბჭოთა სისტემა უნდა დასრულდეს, თავისი ფარული ჩანაწერებით, სიძულვილით, ერთმანეთის დასმენითა და გაუთავებელი შურისძიებით. არ გვინდა წარსულში დაბრუნება, არავის დაბრუნება არ გვინდა, გვინდა დამშვიდებული და ახალი საზოგადოება, რომელიც თავის დაუცველ ფენებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს. ვიქნები ის ქალი პრეზიდენტი, რომელიც იზრუნებს იმ ფენებისთვის, რომლებიც დღეს არიან გაჭირვებაში, სჭირდებათ მეტი ყურადღება და სახელმწიფო რესურსების მათზე გადანაწილება. ეს იქნება ჩემი ევროპული საქართველო ხვალინდელი დღის, ჩემი ქართული საქართველო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100