ალ კაპონე გაფრთხილებთ: პატიოსნად გადაიხადეთ გადასახადები!
მაფიის შესახებ არსებული უამრავი ჭორ–მართლიდან, რომელთა უმრავლესობა ისეა ერთმანეთში არეული, რომ ნამდვილს და გამოგონილს ძნელად თუ გაარჩევს ვინმე, ერთ–ერთი, ძალიან საინტერესო ჭორი თუ სიმართლე, რომელიც დღეს ერთ–ერთი მედიაჰოლდინგის შემოწმებასთან დაკავშირებით გამახსენდა, ყველა დროის უდიდეს განგსტერად და მაფიის „მამად“ აღიარებულ, „კოტონ–კლუბის“ დამფუძნებელსა და „დიდ ბოსს“, ალფონს ფიორელო კაპონის, იგივე ალ კაპონეს უკავშირდება.
ყველასთვის ცნობილია, რომ ალ კაპონე მაგიდაზე თავისი ბეჭდიანი თითების მრისხანე დარტყმით ანადგურებდა ირგვლივ ყველას და ყველაფერს, ვინც გზაზე გადაეღობებოდა. თანაც, ანადგურებდა ისე, რომ წყლიდან მუდამ მშრალი გამოდიოდა – მას ბრალს ვერასდროს ვერაფერში სდებდნენ, რადგან ყოველთვის მტკიცე ალიბი ჰქონდა. არადა, ვინ, თუ არა პოლიციამ და ფედერალებმა იცოდნენ, რომ ალ კაპონე მკვლელობას არა დანაშაულად, არა შეცდომად, არამედ ერთ–ერთ სტრატეგიულ ნაბიჯად მიიჩნევდა და ხშირად მიმართავდა. ცივსისხლიანი განგსტერი, რომელმაც პირველი ადამიანი მიქელ–გაბრიელთან ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში გაგზავნა, მუდამ მზად იყო, ჩახმახისთვის თითი გამოეკრა: სროლა და ჩხუბი მან მაშინ ისწავლა, როცა იტალიური მაფიის ერთ–ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა თავისი მეუღლის (ერთ–ერთი ვერსიით კი – დის) მისამართით ნათქვამი უწყინარი კომპლიმენტისთვის ახალგაზრდა ალფონსო არამარტო სცემა, არამედ სასიკვდილოდაც გაიმეტა – კისერსა და ზურგში რამდენჯერმე ჩაარტყა დანა. თუმცა, ალ კაპონე გადარჩა, მეტსახელი „შრამიანი სახე“ შეიძინა და ჩხუბსა და სროლაში, ასევე დანის ხმარებაში დაიწყო ვარჯიში.
მალე იგი სრულიად ამერიკის ბატონ–პატრონი და ქვეყნის მასშტაბით ხელშეუხებელი ფიგურა გახდა. პოლიციელები და ფედერალები ბევრს ცდილობდნენ, მაგრამ მის იმპერიას ვერაფერი მოუხერხეს. მართალია, მოახერხეს მისი ცოტა ხნით ჩასმა ციხეში (იარაღის ტარებისთვის), მაგრამ ამერიკული მართლმსაჯულება მალევე მიხვდა, რომ ციხეში ისე ყოფნა, როგორც ალ კაპონე იმყოფებოდა, პირველ რიგში, სწორედ აშშ–ის მართლმსაჯულებას სცხებდა ჩირქს: ალ კაპონე შეუფერხებლად ღებულობდა საკანში თანამოაზრეებს, საუბრობდა ტელეფონით და ასევე შეუფერხებლად მართავდა თავის თვალუწვდენელ იმპერიას.
მალე ალ კაპონე ვადაზე ადრე გათავისუფლდა და ისევ ხელფეხგახსნილმა დაიწყო მოქმედება. გამოსვლის დღიდანვე, პოლიციელთა და ფედერალთა არმია ისევ ცდილობდა მის გამოჭერას, მაგრამ გამობრძმედილი ალ კაპონეს დანაშაულზე დაჭერა ძალიან ძნელი იყო. ბოლოს და ბოლოს, ამერიკელმა სამართალდამცველებმა მაინც მოახერხეს ალ კაპონეს დაპატიმრება და მისთვის ბრალდების წაყენება: ალ კაპონეს გადასახადებისთვის თავის არიდება უმტკიცდებოდა. ამჯერად, ამერიკულმა მართლმსაჯულებამ ალ კაპონეს გამართლების ყველა შესაძლო ვარიანტისგან მტკიცედ დაიცვა თავი. სასამართლოს წინადღეებში მიღებული შეტყობინების შემდეგ სასწრაფოდ შეცვალეს მოსამართლეთა შემადგენლობა – თანაც ისე, რომ ეს ერთი საათით ადრე მოხდა და თვითონ ძველმა, სავარაუდოდ, ალ კაპონეს მიერ მოსყიდულმა მოსამართლეებმაც არაფერი იცოდნენ.
ალ კაპონეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად საკმაოდ სოლიდური ფულადი ჯარიმა დაეკისრა. ალ კაპონემ, თავდაპირველად, ასე ვთქვათ, ძველებურად გაუბერა: მეფესავით ცხოვრობდა საკანში, საუბრობდა ტელეფონზე და ხელშეუხებელ პერსონადაც ითვლებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ იგი მალევე გადაიყვანა ალკატრასის ციხეში, რომელიც თავისი სიმკაცრით იყო გამორჩეული. ხელისუფლების ტაქტიკა სწორი აღმოჩნდა: ალ კაპონე ამ ციხეში რიგით ტუსაღად იქცა, მალე კი კიდევ უფრო დაბალ საფეხურზე ჩამოქვეითდა, რადგან, ბერკეტებგამოცლილი, სულაც არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი პიროვნება, როგორიც ჩანდა: ალ კაპონე დანარჩენმა, აგრესიულმა პატიმრებმა დაიბრიყვეს, ის ცოცხითა და აქანდაზით ხელში ხშირად გვიდა საკნებსა და კორიდორებს, იტანდა დაცინვებს, ხოლო ერთხელ ერთმა პატიმარმა მაკრატლით ზურგში ჭრილობაც კი მიაყენა...
და ბოლოს, რაც შეეხება ალ კაპონესთან დაკავშირებულ ჭორსა თუ სიმართლეს, რომელზეც თავში ვწერდი და რომელიც გუშინ დაწყებულმა და დღეს გაგრძელებულმა, ერთ–ერთი მედიასაშუალების შემოწმების გამო დაწყებულმა აჟიოტაჟმა გამახსენა: ამერიკაში იტალიური მაფიის „მოღვაწეობასთან“ დაკავშირებული, უამრავთაგან ერთ–ერთი სტატიის კითხვისას, წლების წინ სადღაც ამოვიკითხე, რომ ალ კაპონეს დაკავების შემდეგ, მაფიამ, რომელიც დროდადრო ცვლიდა საყოველთაო, დაუწერელ, ზეპირ წესებს იმის შესახებ, თუ როგორ დარჩენილიყო მიუწვდომელი სამართალდამცველებისთვის, ადრე არსებულ, ყველა მაფიოზისთვის სავალდებულო რამდენიმე წესს:
დაიცავი ომერტა (დუმილის კანონი);
მაქსიმალურად ერიდე პოლიციელის მკვლელობას;
იზრუნე შენს ოჯახზე და ნათესავებზე;
ყველა საშუალებით ეცადე, ციხეს აარიდო თანამებრძოლი –
კიდევ ერთი, საყოველთაოდ სავალდებულო წესი დაამატა:
პატიოსნად გადაიხადე სახელმწიფო გადასახადები...
კომენტარი