"ეს კატასტროფაა" - ირაკლი ღარიბაშვილი
დაახლოებით 2-3 წლის წინ შეიქმნა დასაქმების სააგენტო და მინდა, ახალი ინიციატივები, მათ შორის დასაქმების საკითხები, პოლიტიკა და მთელი ეს, მათ შორის პრაქტიკული საკითხები ამ სააგენტოს ფუნქციებში შევიტანო და ის იყოს დასაქმების საკითხების მთავარი მაკოორდინირებელი ორგანო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დასაქმება მთლიანობაში საბოლოო ჯამში მთავრობის პასუხისმგებლობაა, თუმცა დასაქმების სააგენტო აღიჭურვება შესაბამისი ფუნქციებით და ის გახდება მთავარი მაკოორდინირებელი და მთელი პროცესის მთავარი მენეჯმენტ-ორგანო.
"უმუშევრობა, სიღარიბე არის მთავარი გამოწვევა. სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია, თუმცა, თუ შევადარებთ, არ მინდა, შედარება შედარებისთვის გავაკეთო და წინა ხელისუფლებას შევედაროთ, მაგრამ 2012 წლიდან მოყოლებული, სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად არის შემცირებული. ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ამის გადამოწმება. დაახლოებით 400 ათასი ადამიანის სიღარიბიდან ამოსვლა მოხერხდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჯერ კიდევ ძალიან მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში - 21%, რაც დიდი გამოწვევაა ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალია - 19-20%. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს იდეა წარმატებით განხორციელდეს, ვგულისხმობ - public work-ის იდეის განხორციელებას, 300 ათას სამუშაო ადგილს შევქმნით და რეალურად ამ ადამიანების მენტალიტეტი შეიცვლება, განწყობა შეიცვლება, მეტი შემოსავალი გაუჩნდებათ და მათი ეკონომიკური აქტივობა იქნება თუ სხვა დაბრუნდება ქვეყანაში. რამდენად ტრაგიკული ვითარება გვაქვს, რომ ერთის მხრივ სახელმწიფომ ამ ადამიანებს ბორკილები დაადო და ეუბნება, შენ არ გატოკდე, არ გაბედო, რომ სხვა სამსახური იშოვო. თუ იშოვი უფრო მეტ ფულს, მე ამ ფულს ჩამოგაჭრი და ამიტომ ის დაკომპლექსებულია, შეშინებულია და დემოტივირებულია, დაკარგული აქვს მოტივაცია, იმედი, დეპრესიაშია და ეს საშინელი განწყობა რა თქმა უნდა მთელს ქვეყანას არის გადადებული", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას აქვს ინფორმაცია, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა და არა მხოლოდ ისინი, არამედ ბევრი სხვაც, ჩართული არიან ონლაინ-კაზინოებში.
"მე შემთხვევით არ მიხსენებია ეს საკითხი. კომპლექსურად, საერთო სურათი დავინახეთ და სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ გამოვედი ამ ინიციატივებით. ონლაინ-კაზინოებში თამაშობენ 2-3-5-10 ლარით, 100 ლარით, პენსიას ან სოციალურ დახმარებებს იყენებენ და წარმოიდგინეთ, 1,5 მილიარდი ლარი იხარჯება და რეალურად მისი დიდი ნაწილი გადის ქვეყნის გარეთ. ეს კატასტროფაა. წარმოგიდგენიათ, რომ ეს 1,5 მილიარდი ლარი ისევ ამ გაჭირვებული ფენიდან, გაჭირვებული მოსახლეობიდან, თუნდაც სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერებისგან მიედინება ონლაინ-კაზინოების ანგარიშებზე. მე უცხოური კომპანიების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ინფორმაციისთვის მინდა ვთქვა, რომ მათი უმეტესობა უცხოური კომპანიაა, ერთი თუ ორია დარჩენილი და ისინიც უკვე ყიდიან და გადიან ამ ბიზნესიდან, ეს არ არის საინტერესო. რა თქმა უნდა, ამ გაჭირვებული ხალხის ფული, 1,5 მილიარდი ლარი მთლიანად მიედინება ამ კომპანიების ანგარიშებზე, დიდი უმეტესობა უცხოეთში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კომენტარი