სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სამსახურიდან ძმის ქორწილში არ გამიშვეს, ახლო ნათესავში არ ითვლებაო" - სად წავიდა CSR? ჩიტმა წაიღო? ჰაერმა?

მაშინ როდესაც მსოფლიო ოთხდღიანი სამუშაო კვირის შესახებ ალაპარაკდა, ვიღაცა საქართველოში, თავისი დასაქმებულს ძმის ქორწილში არ უშვებს და მიზეზად ის მოჰყავს, რომ თურმე, ეს უკანასკნელი ახლო ნათესავში არ ითვლება.

24 წლის გოგონა სახელად X ჩვენთან საუბარში ყვება, თუ როგორ არ გაუშვა ხელმძღვანელობამ ძმის ქორწილში. (ვიდეო 1)

გოგონა სახელად X: სამწუხაროდ ისევ ამ კომპანიაში ვმუშაობ და არ შემიძლია თამამად გავამხილო ჩემი ვინაობა, მაგრამ ეს დღეც დადგება. ხელმძღვანელობამ ძმის ქორწილში არ გამიშვა, ახლო ნათესავი არ არისო - ძმაზე მითხრა, წარმოიდგინეთ. ოჯახი რაიონში მყავს, მე 8 წელია თბილისში ვცხოვრობ, პირველად მაქვს ისეთი სამსახური, რომ მშობლების დახმარება არ მჭირდება, ქირასაც ვიხდი, ანუ საარსებოდ მყოფნის ის თანხა რასაც მიხდიან, ამიტომ ზოგმა შეიძლება მითხრას, თავზე დაგეხურებინა და წამოსულიყავიო. მეც მინდოდა წამოსვლა, ისე გავმწარდი. წარმოიდგინეთ, ერთადერთი ძმის ქორწილში არ გამიშვეს, მაგრამ, როდესაც იცი რომ შეიძლება ხვალ სამსახური ვეღარ ვიპოვო და ქუჩაში დავრჩე, ვერ გავაკეთე...

კახა 27 წლის ახალგაზრდაა. ის ერთ-ერთი კომპანიის სოციალურ გვერდს მართავდა. სამსახურიდან გამოუშვეს ისე, რომ ბოლო თვის ხელფასი არც მიუციათ, კომპენსაციაზე კი, საერთოდაც ზედმეტია საუბარი. (ვიდეო 2)

27 წლის კახა: ერთ-ერთი კომპანიის სოციალურ გვერდს ვმართავდი, ახლა სასამართლო დავა მაქვს მასთან, ამიტომაც თავს შევიკავებ დასახელებისგან ჯერ-ჯერობით. წინასწარ არც გავუფრთხილებივარ, ისე დამითხოვეს, რაც ვიმუშავე არ მოუციათ და კომპენსაციაზე საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი. რომ მოვითხოვე, მითხრეს - იმის ღირსიც არ იყავი, რასაც გიხდიდითო და აქეთ დამემუქრნენ - ისე არ ქნა, ის დარიცხული ხელფასიც უკან დაგაბრუნებინოთო. ძალინ გავბრაზდი, მეგობარი მყავს იურისტი და მას მოვუყევი. მეგობარმა რჩევები მომცა და სასამართლოში ვუჩვლე აწ უკვე ყოფილ დამსაქმებელს. არა მგონია რამე გავაწყო, თუმცა შეშინებით მაინც შევაშინებ.

31 წლის მეძუძურ დედას, რომელსაც კანონით გათვალისწინებული უფლებით, სამსახურიდან ერთი საათით ადრე შეუძლია გასვლა, სამსახურიდან წამოსვლა მოუწია, რადგან დამსაქმებელი მის კანონით გათვალისწინებულ უფლებას უზღუდავდა და ისე ტვირთავდა, რომ ერთი საათით ადრე კი არა, სამუშაო გრაფიკის შემდეგაც უწევდა სამსახურში დარჩენა. (ვიდეო 3)

31 წლის მეძუძური დედა: მეგონა, სამსახურში დაბრუნების შემდეგ ჩემი დამსაქმებელი უფლებას მომცემდა ერთი საათით ადრე გავსულიყავი, თუმცა, ისე გამოვიდა, რომ ჩემი კანონით მონიჭებული უფლება ზედმეტი ტვირთი აღმოჩნდა ჩემი ხელმძღვანელობისთვის. ერთხელ ისიც კი მითხრა, დეკრეტში ამდენი ხანი იყავი (არადა, კანონით მონიჭებულ ვადაზე ადრეც კი გამოვედი) ახლა კიდე შეღავათებს ითხოვო. თავი ისე მაგრძნობინა, რომ ფაქტობრივად, მაიძულა სამსახურიდან ჩემი ნებით წამოვსულიყავი.

დღესდღეობით, საქართველოში შრომით ბაზარზე საკმაოდ რთული და პრობლემური გარემოა. შესაბამისად, გაზრდილია დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციის მსხვერპლთა რიცხვიც.

ქალებისა და ფეხმძიმე ქალების მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის თემაზე უამრავი სასამართლო პროცესი აქვს წარმოებული პროფკავშირების გაერთიანებას, თუმცა ეს პრობლემა რიგი კომპანიებისთვის კვლავ მოუგვარებელ საკითხად რჩება. ისინი დაკარგულ CSR-ს ვერც წაგებული სასამართლო პროცესების შემდეგ იძენენ. მათთვის თანამშრომლები უბრალოდ "მონური შრომის" სინონიმად მოიაზრებიან და ვერც კი აცნობიერებენ კორპორაციურ სოციალურ პასუხისმგებლობას მაშინ, როდესაც რიგ ქართულ კომპანიებს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში ბევრი CSR ჯილდო აქვს უკვე აღებული და ახალი ტენდენციით, ისინი ამით კონკურენტ კომპანიებსაც კი ეჯიბრებიან.

რა არის CSR?

კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობა არის ბიზნესის ნებაყოფლობითი არჩევანი, გაითვალისწინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესები და დადებითი გავლენა მოახდინოს თავის სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე.

“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის პროგრამა, რომელიც იწყება ან მთავრდება. ეს მუდმივმოქმედი საქმინაობაა” – ჯიმ კანტალუპო, Mcdonald’s ის აღმასრულებელი დირექტორი.

CSR ეს არის კომპანიის კეთილი ნება და ეთიკური მოქმედება, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია ქვეყანაში არსებული სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში თუნდაც პატარა წვლილის შეტანა.

რაც უფრო მეტად იცავს კომპანია CSR-ის პრინციპებს, განსაკუთრებით თანამშრომელთა მიმართ, მით უფრო ლოიალურნი ხდებიან დასაქმებულები დამსაქმებლის მიმართ და შესაბამისად - უმჯობესდება კორპორაციული გარემო.

დღესდღეობით ადამიანები სულ უფრო მეტად მიისწრაფვიან, დასაქმდნენ ისეთ კომპანიებში, რომლებიც განსაკუთრებული CSR მიდგომებით გამოირჩევიან. ბიზნესის პასუხისმგებლიანად წარმოებით და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობით კომპანია აძლიერებს საკუთარ რეპუტაციას როგორც კომპანიის შიგნით, ასევე - გარეთ. კომპლექსური CSR პოლიტიკა მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ მასში ჩართული არიან თანამშრომლები და სხვა შიდა დაინტერესებული მხარეები.

სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ დანიამ და მაიკროსოფტმა ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადასვლა გადაწყვიტა.

იაპონიაში მაიკროსოფთის მუშაკებმა ამ ზაფხულს შესაშური შოკი მიიღეს, როდესაც გაიგეს, რომ კვირაში 5 დღის ნაცვლად ოთხი დღე მოუწევდათ მუშაობა, თან ისე, რომ ხელფასს ზუსტად ანალოგიურს მიიღებდნენ. როგორც კომპანიაში ამბობენ, შედეგი 40% –ით პროდუქტიულობის გაზრდა იყო, ანუ ოთხდღიანმა სამუშაო კვირამ დასაქმებულების პროდუქტიულობა მესამედზე მეტით გაზარდა.

ოთხდღიანი სამუშაო კვირის შესახებ მესიჯები მსოფლიო მასშტაბით ჯერ კიდევ 2018 წლის გაზაფხულზე გაკეთდა, როდესაც ახალი ზელანდიის ნდობის მართვის კომპანია Perpetual Guardian– მა თანამშრომლების პროდუქტიულობის 20% -იანი ზრდა გამოაცხადა. თანამშრომლებს ზრდა ეხებოდა სამუშაო-ცხოვრების ბალანსსაც, სადაც ზრდის ნიშნულმა 45% -ს მიაღწია.

ცოტა ხნის წინ, აშშ-ში, ლეიბორისტულმა პარტიამ მისი პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ მესიჯში ოთხდღიანი სამუშაო კვირა მნიშვნელოვან საკითხად შეიტანა.

როგორც ჩანს, ათწლეულების განმავლობაში, ხელფასის ზრდის სტაგნაციურ პირობებში მუშაობამ, ბევრი მუშაკი უფრო მეტ მოქნილ გარემოზე დააფიქრა, უფრო მოკლე სამუშაო კვირაზე იოცნება და რიგ ქვეყნებსა თუ კომპანიებში ეს ოცნებაც აისრულა.

“გადავწყვიტეთ, დანიამ და „მაიკროსოფტმა“ რატომ უნდა გვაჯობონ და ოთხდღიან სამუშაო კვირას ავუწყეთ ფეხი!" - გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს მესიჯი ერთ-ერთ ქართულ კომპანიას ეკუთვნის, რომელმაც პარასკევი უკვე უქმე დღედ გამოაცხადა და ახლა, ქართული საკონსულტაციო კომპანია „Insource“ უკვე რამდენიმე დღეა, მეტი პროდუქტიულობის, "სამსახურეობრივი ბედნიერების" მაჩვენებელის" გაზრდის მოლოდინში აგრეძელებს ოთხდღიან სამუშაო კვირას.

და მაინც, სად დაკარგეს რიგმა კომპანიებმა CSR? ჩიტმა წაიღო? ჰაერმა?

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი დღეს უკვე აღარ არის მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული. კვლევები ადასტურებს, რომ საზოგადოდების მოთხოვნა კომპანიის მიმართ ძალიან შეცვლიალია და მისგან უფრო მეტს მოელის ვიდრე უბრალოდ პროდუქტს ან მომსახურებას.

მაღალი რეპუტაცია, ლოიალური მომხმარებლები და ხალხის ნდობის მოპოვება - აი, რაზე უნდა იყოს ორიენტირებული კომპანია. სწორად დაგეგმილი და გრძელვადიანი CSR სტრატეგია კი არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ხალხის ნდობის მოპოვებაში ყველაზე მეტად დაგეხმარებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100