ერთი დიდი ოჯახი - სარაგბო კლუბი „სოხუმის“ ახალი ცხოვრება
ჩვენი გუნდი ერთი დიდი ოჯახია, - ასე პასუხობენ
,,სოხუმის“ სპორტსმენები კითხვას, რა აერთიანებთ სარაგბო კლუბში. უკვე 5 წელია სავარჯიშოდაც
ამ განწყობით იკრიბებიან. ზუსტად ისე როგორც ოჯახის წევრებს შეეფერებათ, ერთმანეთის
გვერდით დგანან და საერთო საქმისათვის თავს არ ზოგავენ. კლუბის შექმნის დღიდან იცოდნენ, რომ ასე, მხარდამხარ, უფრო დიდ წარმატებას
მიაღწევდნენ. მერე რა რომ არ ჰქონდათ გუნდის ფორმა, არც გასახდელი და სკოლიდან ვარჯიშზე
მისულებს გამოცვლა ღია ცის ქვეშ უწევდათ. დღეს უკვე კლუბი ახალი აღჭურვილობით ამაყობს.
,,თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ დახმარებით ,,სოხუმის“ მორაგბეები მოედანზე შესაბამისი ნომრით
და ახალი სპორტული სამოსით გამოვლენ.
,,მე მგონი, ახლა
უფრო ბევრ შეხვედრას მოვიგებთ. ერთი სული მაქვს თამაშები როდის დაიწყება, რომ მოწინააღმდეგეს
ახალი ფორმებით დავხვდეთ“, - 14 წლის ზუზუ
(ზუკა გაგუა).
ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი 30-ზე მეტი ბავშვით
დაკომპლექტებული გუნდი შემოწირულობებით არსებობდა. ახალ ფორმაზე ყველა იმ კომპანიის და ადამიანის სახელია
დატანილი, ვინც ამ წლების განმავლობაში კლუბს მცირედით მაინც დახმარებია, - სულ
100 შემომწირველი. წლევანდელი გენერალური სპონსორობა კი თავის თავზე „თეგეტა თრაქ ენდ
ბასმა“ აიღო.
,,თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ჩაერთვება ყველა აქტივობაში
ერთი წლის განმავლობაში. ძალიან გვიხარია, რომ მოზარდების მხარდამჭერები ვართ და მათ
სპორტულ განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს. განსაკუთრებული შეგრძნებაა, როდესაც
ამ ბავშვების გაბრწყინებულ სახეებს ხედავ“ - ამბობს
„თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, თამარ კიკნაძე.
საფრანგეთის
უმაღლეს ლიგაში უნდა მოხვედრა 13 წლის გიგა გვაძაბიას და მიზნის მისაღწევად თავს არ
ზოგავს. ზოგი სპორტს გაყვება, ზოგიც სხვა პროფესიის არჩევას აპირებს, თუმცა იციან,
რომ რაგბის სულ ითამაშებენ. კონკრეტული მიზეზი აქვს ამ გადაწყვეტილებას და ეს ყველაზე
კარგად გუგა კუკავამ ერთი წინადადებით აგვიხსნა, როდესაც გვითხრა, - ეს კლუბი ჩემი
გულის ნაწილიაო. სწორედ ასე, მთელი გულით შეეჭიდნენ
გასახდელის მშენებლობასაც, როდესაც ,,თეგეტა თრაქ ენდ ბასისგან“ დაფინანსება მიიღეს.
ხელები დაიკაპიწეს და ხელოსნებთან ერთად, 10 დღეში გამოსაცვლელიც წამოჭიმეს. საჩვენებელი
თამაშისთვისაც ახალი ფორმები უკვე ახალ, საკუთარი ხელით მოწყობილ სივრცეში მოირგეს.
,,მოკლე, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მივდივართ წინ“,
- გვიყვება კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ჯობავა. ,,იმის მიუხედავად, რომ კლუბის
შექმნიდან დღემდე ბავშვებს ხის ქვეშ უწევდათ გამოცვლა, მოტივაცია არ დაგვიკარგავს.
ახლა გუნდის ცხოვრებაში სიახლეებია, უფრო დიდი ენთუზიაზმით ვაგრძელებთ ვარჯიშსაც და
თამაშებისთვის ვემზადებით,“ - კლუბ ,,სოხუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ჯობავა.
გუნდის დამფუძნებლების მთავარი იდეა ბავშვების
არა მხოლოდ სპორტული განვითარება, არამედ მოზარდებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნაა,
რაც საბოლოო ჯამში ახალგაზრდების მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებას
შეუწყობს ხელს. წინ დიდი გეგმებია, - სარაგბო კლუბ ,,სოხუმის“ პატარა სპორტსმენები
ახლა საფესტივალო შეხვედრებისთვის ემზადებიან.
კომენტარი