BBC რადიოპიესების საერთაშორისო კონკურსში ლაშა ბუღაძემ გაიმარჯვა
„ბი-ბი-სი"-ს და ბრიტანეთის საბჭოს რადიოპიესების საერთაშორისო კონკურსის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა ქართველი მწერალი ლაშა ბუღაძე პიესისთვის „ნავიგატორი“.
ამის თაობაზე ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ დღეს აქვეყნებს, თავად ლაშა ბუღაძემ კი ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიიღო:
„ამ კონკურსის შესახებ გავიგე ბრიტანეთის საბჭოს თბილისის ოფისიდან და გავაგზავნე პიესა ამ ოთხი– ხუთი თვის წინ. დაახლოებით ერთი თვის წინ აღმოჩნდა ჩემი პიესა „შორთ ლისტში". ძალიან გახარებული ვიყავი და მართალი რომ გითხრათ, არ მოველოდი, რომ გავიმარჯვებდი. რამდენიმე დღის წინ მომწერეს წერილი და მთხოვეს ტელეფონის ნომერი. და ვიეჭვე, რაკი ტელეფონის ნომერი მთხოვეს, ალბათ არ არის მთლად ჩვეულებრივად საქმე-მეთქი“.
ამის შემდეგ მწერალს „ბი-ბი-სი"-დან დაუკავშირდნენ და ინტერვიუც ჩაწერეს. ლაშა ბუღაძე „ნეტგაზეთთანაც“ იმავეს ამბობს, რაც „ბი-ბი-სის“ უთხრა:
„არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, ცხადია, ჩემი კოლეგებისთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგია“.
გამარჯვებული პიესის ინგლისური თარგმანის ავტორი მაია ყირსაშვილია. პიესას რადიო „ბი-ბი-სი“ ჩაწერს და ეთერში გაუშვებს. რეპეტიციებს და ჩაწერას, როგორც ბუღაძე ამბობს, თავადაც დაესწრება.
მანამდე კი ის ლონდონში შექსპირის გლობუსის თეატრში დაჯილდოვების ცერემონიალს დაესწრება, რომელიც 8 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ამას ბუღაძე „ამაღელვებელს“ და „ძალიან სასიხარულოს“უწოდებს.
„ესაა მოსასმენი პიესა, თუმცა შეიძლება სცენაზეც განხორციელდეს, მაგრამ მას შემდეგ რაც „ბი-ბი-სი"-ზე გავა. მანამდე მე არც გამოქვეყნების უფლება მაქვს და არც წარმოდგენის“, – ამბობს გამარჯვებული პიესის ავტორი და „ნეტგაზეთს“ მოკლედ უყვება რაზეა პიესა:
„ესაა ადამიანზე, რომელსაც ყავს მანქანა ნავიგატორით. მოგეხსენებათ, მანქანებში არის ნავიგაციის საშუალება, ნავიგატორი, რომელსაც შეუძლია ლაპარაკი შენთან და რომელიც მიგითითებს გზას –მარცხნივ გაუხვიე, მარჯვნივ და ასე შემდეგ. რამდენჯერმე ვიყავი უცხოეთში და ერთი ჩემი მეგობარი ისეთ მოწყენილ ქალაქში ცხოვრობს და ერთდარეთი მისი მეგობარი ეს მანქანის ნავიგატორი იყო.
და გადავწყვიტე, რომ დამეწერა ასეთ რაღაცაზე პიესა, სადაც რეალურად ადამიანის ერთადერთი და რეალური მეგობარი ნავიგატორია. რომანიც კი უჩნდებათ მათ ერთმანეთთან – მანქანის პატრონსა და ნავიგატორს. აი ამაზეა პიესა, თუმცა მხოლოდ ამაზე არა.
ესაა პიესა ადამიანზე, რომელსაც გარკვეული კომპლექსები აქვს, ფუნქცია აქვს დაკარგული და ეს „ადამიანი“, ეს ხმა რომელიც ესმის ამ მანქანში და რომელიც უთითებს მას გზის მიმართულების შესახებ, არა მხოლოდ გზაზე უთითებს, არამედ ცხოვრებაზეც. ორი სიტყვით, ბანალურად ასეა. ძაან რთულია ასე მოყოლა“.
„ბი-ბი-სი“ „შავ კომედიას“ უწოდებს ლაშა ბუღაძის გამარჯვებულ პიესას.
მეორე ავტორი, რომელმაც „ბიბისის“ კონკურსის მთავარი პრიზი მიიღო წელს ჩინელი ფერნანდა ჯაბერია.
კომენტარი