ხაიშელების ნაწილს მიწის დაკანონებაში ხელს უშლიან
ხაიშის მოსახლეობა ყოველდღიურად, მორიგეობით დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე სატყეო დეპარტამენტის შენობასთან შეიკრიბება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, არ მისცემენ უფლებას, რომ ამ შენობაში "ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას" წარმომადგენლები შევიდნენ და აზომვითი სამუშაოები ჩაატარონ.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით გუშინ, მათთან პოლიციის სამხარეო უფროსი გრიგოლ ბესელია მივიდა , რომელმაც ადგილობრივებს უთხრა, რომ არ გაუწიონ წინააღმდეგობა სახლებისა და მიწების აზომვას. ხაიშის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ არ შეუშვებენ "ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას" წარმომადგენლებს სოფელში და არც იმის საშუალებას მისცემენ აზომვითი ნახაზები განახორციელონ. მათი თქმით ისინი არ გატეხავენ ფიცს და კომპანიას მოუწევს მათ ცხედრებზე და ძვლებზე ააშენოს "ხუდონჰესი".
რა ხდება ხაიშში და რატომ არ სურთ ხაიშელებს მიწის საკუთრებაში დარეგისტრირება, ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსთან" მესტიის გამგებელი კახა ჟორჟოლიანი აცხადებს: "მე გეტყვით, რა ხდება, "ტრანსელექტრიკას" ჰქონდა ხაიშის მოსახლეობის საკარმიდამო მიწები აღებული, რომელსაც სახელმწიფოს უკან უბრუნებს. სახელმწიფომ უთხრა მოსახლეობას, აგიზომავთ მიწებს და დაგიმტკიცებთო. მოსახლეობა გამოსულა ამის საწინააღმდეგოდ, არ გვინდა ჩვენ მიწების დამტკიცებაო... გაუგებარია ასეთი რაღაცა. "
_ ბატონო კახა, რას ნიშნავს არ უნდათ მიწების დამტკიცება. მიწა ხომ უნდა იყოს ვინმეს საკუთრება?
_ დიახ, გეთანხმებით. ამ შემთხვევაში, "ტრანსელექტრიკამ" უთხრა, მიწას უკან გიბრუნებთ და დაირეგისტრირეთო. იქ არის 5 ოჯახი, რომელსაც მიწის დარეგისტრირება უნდა, მაგრამ დანარჩენ მოსახლეობას უთქვამს, გამოვიდეს ის 5 მოსახლე, დადგეს ჩვენთან და თქვას, რომ მიწის დარეგისტრირება უნდაო.
_ რამდენი ადამიანია, ვისაც არ უნდა მიწის დარეგისტრირება?
_ არ ვიცი, ვერ გეტყვით. ვიცი მხოლოდ ის, რომ 5 ოჯახს უნდა მიწის დარეგისტრირება.
_ აქცია ახლაც მიმდინარეობს?
_ აქცია არ ყოფილა, უბრალოდ ამზომველებთან დაილაპარაკეს და წავიდნენ.
- რა არის მიზეზი იმისა, რომ მოსახლეობას არ სურს აზომვითი სამუშაოს ჩატარება და მიწის დარეგისტრირება?
_ ზუსტ მიზეზს ვერ გეტყვით. უნდა ჩავიდე და მოსახლეობას შევხვდე, დაველაპარაკო. გავარკვევ რატომ არ არეგისტრირებენ მიწებს და ამის შემდეგ შემიძლია ზუსტი პასუხი გაგცეთ.
_ როდის აპირებთ მოსახლეობასთან შეხვედრას?
_ რწმუნებულს უკვე ველაპარაკე და რამდენიმე დღეში შევხდებით მოსახლეობას და გავარკვევთ ყველაფერს.
კომენტარი