სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფგან სადიგოვის მდგომარეობა გაუარესდა - ადვოკატები პროკურატურისგან საექსტრადაციო პროცედურების შეწყვეტას ითხოვენ

საქართველოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა - პატიმრის უფლებადამცველები საქართველოს გენერალურ პროკურორთან, გიორგი გაბიტაშვილთან შეხვედრას ითხოვენ და უწყებისგან საექსტრადაციო პროცედურების შეწყვეტას ითხოვენ.

ამასთან, ადვოკატები სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტს საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.

„სოციალური სამართლიანობის“ იურისტის, ქეთი ჩუთლაშვილის განცხადებით, სადგიოვის ოჯახის წევრები აზერბაიჯანიდან მუქარის გზავნილებს რეგულარულად იღებენ.

სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ, სადიგოვისთვის საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭებაზე. ახლა აფგან სადიგოვის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მან 26 დღის წინ დაიწყო შიმშილობა, წინა, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასუსტებულია, ამიტომ ახლა ის ძალიან ცუდად გრძნობს თავს, გადაადგილება, საუბარიც კი უჭირს. თბილისში რჩებიან მისი მეუღლე, სევინჩ სადიგოვი და ორი მცირეწლოვანი შვილი, ისინი აქ აზერბაიჯანიდან მუქარის გზავნილებს რეგულარულად იღებენ, მათ განცდა აქვთ, რომ გარკვეული პირები მათ უთვალთვალებენ. პროკურატურას ვთხოვთ, პირველ რიგში საექსტრადაციო პროცესისი შეჩერებას", - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

აფგან სადიგოვი შიმშილობა 21 სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 2024 წლის 16 სექტემბერს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში. სადიგოვი, ციხის ადმინისტრაციამ 7 ოქტომბერს პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში გადაიყვანა.

შეგახსნებეთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100