სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოჭში ტერაქტი აღკვეთეს და მის მომზადებაში „ქართულ კვალს“ არ გამორიცხავენ

რუსეთის მორიგი ბრალდება საქართველოს მისამართით. რუსეთი ქართველ სამართალდამცავებს ტერორისტებთან კავშირში ადანაშაულებს. რუსეთის ფედერაციის ანტიტერორისტული კომიტეტი იუწყება, რომ ორგანიზაცია "იმარატ კავკაზის" მეთურს, დოკუ უმაროვს, საქართველოს სპეცსამსახურებთან მჭიდრო კონტაქტი აქვს.

"საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "იმარატ კავკაზის" მეთაური უმაროვი, რომელიც მჭიდრო კავშირშია საქართველოს სპეცსამსახურებთან, კოორდინირებას ახდენდა მთელი საქმიანობისა, რომელიც სოჭის სიახლოვეს იარაღის სამალავების გაკეთებასა და ტერორისტული აქტის ჩასადენად საჭირო მასალის ამ ადგილამდე მიწოდებას ეხებოდა", - აცხადებს რუსეთის ფედერაციის ანტიტერორისტული კომიტეტი.

მათი ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სპეცსამსახურებმა იარაღის ათი სამალავი აღმოაჩინეს, რომელშიც იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და ტერაქტის ჩადენისთვის სხვა საჭირო ნივთები იყო აღმოჩენილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე კატეგორიულად უარყოფს რუსეთის ბრალდებას სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ ტერაქტების მზადების საქმეში საქართველოს შესაძლო მონაწილეობის თაობაზე.

“ეს ბრალდება ტრადიციული პროპაგანდის გაგრძელებაა, რომელიც საქართველოს დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. ეს სრული აბსურდია, რომელზეც სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია. მსგავსი საკითხები ჟენევის ფორმატის ფარგლებში განიხილება და ოდესმე რომ რაიმე სერიოზული ეჭვი ან ინფრომაცია ჰქონოდათ მოსკოვში, ამ თემას ჟენევაში აუცილებლად წამოწევდნენ. მაგრამ ისინი არც კი ცდილობენ, ჟენევის კონსულტაციების მონაწილეებს რომ ამ თემის სერიოზულობა აჩვენონ.

ეს განსაკუთრებით იმიტომ არის აღმაშფოთებელი, რომ რუსეთის სპეცსამსხურები თავად ახორციელებენ ტერაქტებს ოკუპირებული რეგიონებიდან. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს და ტერაქტის მცდელობა აღიკვეთა.

ჩვენ სრული ინფორმაცია გვაქვს ამ ტერაქტებზე და იგი ჟენევის ფორმატში გამართულ ბოლო შეხვედრაზე რუსულ მხარეს გადავეცით, თუმცა ჩვენი და საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, ისინი ამ საკითხში სერიოზულ თანამშრომლობას არ აპირებენ”, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100