სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სექსი დიდ... საიტზე

არავის ჭრის ყურს კინოსერიალის სახელწოდება „სექსი დიდ ქალაქში“, რადგან დიდ ქალაქში სექსს აპრიორულად არავინ გამორიცხავს. სამაგიეროდ, რიგი ინტერნეტ–მომხმარებლების თვალსაზრისით, სექსი შეუთავსებადია დიდ საიტთან. რატომ? იმიტომ, რომ სექსი პატარა, „ყვითელი“ საიტების პრეროგატივაა და ბღალავს დიდი და რესპექტაბელური საიტის სახელს. გვესმის უკმაყოფილო შეგონებებიც – „აღარ მოგბეზრდათ სულ პროსტიტუციაზე და საქალწულე აპკებზე წერა – სხვა არაფერი გაქვთ განსახილველი“?

მაგრამ მსგავსი მსჯელობის დროს ადამიანს ავიწყდება, რომ საიტის მოვალეობაა, უპასუხოს ინტერნეტ–მომხმარებლის რეალურ მოთხოვნილებას. ხოლო, ინტერნეტ–საიტს ის თავისებურება ახასიათებს, რასაც მოკლებულია ჟურნალ–გაზეთები – მათემატიკური სიზუსტით იცნობს ამა თუ იმ თემით დაინტერესებული მომხმარებლის მოთხოვნილებებს. ამასთანავე, რადგან ჟურნალ–გაზეთებისგან განსხვავებით, ინტერნეტ–ფორუმებში მონაწილეთა უმრავლესობა შედის „ნიკის“ მეშვეობით, ეკრანზე აღიბეჭდება სრულიად რეალური ციფრები!

ანონიმურობის მნიშვნელობაზე სტატისტიკურ ცხრილებში წარმოდგენას გვაძლევს სწორედ სექსუალურ თემებზე ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევები – ასე, მაგალითად, როდესაც პირადი ცხოვრების ინტიმური მხარეების კვლევისას აშშ–ში, სახელითა და გვარით წარდგინების დროს გულახდილობას აღწევდნენ 10% შემთხვევაში, ხოლო წარმოშობის, პროფესიის, გენდერული კუთვნილების აღნიშვნისას – 50% შემთხვევაში – ანონიმური გამოკითხვის პროცესში გულახდილად პასუხობდა გამოკითხულთა 85%!

ასეა აქაც – რადგან მკითხველი ანონიმურად სარგებლობს ინტერნეტ–საიტებით, ბუნებრივია, მის მიერ წასაკითხად არჩეული მასალა სხვათა კონტროლს არ ექვემდებარება და იგი არავის წინაშე არ გრძნობს ზნეობრივსა და ესთეტიკურ ანგარიშვალდებულებას; ხოლო ტოპ–მახასიათებელი ზუსტად აღნუსხავს, რომ ჩვენი თანამემამულე ინტერნეტ–მომხმარებლის ყველაზე დიდი ინტერესი მოდის სექსუალური შინაარსის თემებზე – 85%–ზე მეტი. რა არის ამის მიზეზი და კარგია ეს თუ ცუდი, ცალკე განხილვის საგანი გახლავთ, მაგრამ ის, რომ ნებისმიერი – დიდი და პატარა საიტების მოვალეობაა – უპასუხოს მათ მოთხოვნებს, სრულიად უდავოა!

ცხადია ამ მოვლენას გვერდს ვერც ჩვენი საიტი აუვლიდა და, ამიტომაც არის, რომ დროდადრო ჩვენი სახელით, ფსევდონიმით თუ თიკუნით მოღვაწე ავტორები მკითხველს სთავაზობენ წერილებს ამ საყოველთაო დაინტერესების მქონე საკითხებზე.

მაგალითად, ბევრს მიუღებლად ეჩვენა „დრონი. ჯი“–ზე დაბეჭდილი უძველესი საისტორიო წყაროებიდან და უცხო საიტებიდან გადმოღებული ქმრის მოტყუების ხერხები, გასათხოვარი ასულის მიერ საკუთარი თავის ქალწულად გასასაღებლად. მართლაც, თითქოსდა რა უნდა იყოს ამაში სასიკეთო? მაგრამ, თუ ქალი მაინც სიცრუის გზას ადგას და ასე სურს მომავალ თანამეცხედრესთან სარეცელის გაყოფა, განა არ სჯობს თვალთმაქცობის გამოცდილსა და უმტკივნეულო ხერხებს მიმართოს, ვიდრე შეავსოს ჰიმენოპლასტიკის ასეულობით მომლოდინეთა რიგები? ასე ხომ ფიზიკურად ტრავმულ ოპერაციასაც ავაცილებთ მას და მატერიალურადაც ავარიდებთ დიდ დანაკარგს!

ისე კი, ჩვენ თუ გვკითხავთ, ყველაფერს გვირჩევნია, ქალისა და ვაჟის სულიერი და ფიზიკური ერთობა ყოველგვარი სიცრუისა და თვალთმაქცობის გარეშე – თანხმობით, ჰარმონიითა და ერის გამრავლებაზე ზრუნვით!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100