სენატორი მაკკეინი ერთადერთი არ არის, ვინც ფიქრობს, რომ პუტინს „არაბული გაზაფხული“ უახლოვდება
დღეს, მთელი დღის განმავლობაში, დასავლური პრესა ერთხმად აღნიშნავს, რომ პროტესტის მუხტი რუსეთში საოცრად გაიზარდა. დღის მანძილზე ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოსკოვის ცენტრში უკვე სამხედრო პირები და ჯავშანტექნიკა გამოჩნდა, თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ისე არ წვიმს, როგორც ქუხს - ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმის (ომონის) და შინაგანი ჯარის კუთვნილი ძალების გადაადგილებაზე, თანაც, ჯავშანტექნიკა ამ პროცესებში მინიმალურად მონაწილეობს.
ხმები რუსეთის დედაქალაქსა თუ სხვა ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დაწყების შესახებ, უმეტესწილად, გადამეტებულია - სინამდვილეში საპროტესტო მიტინგები საკმაოდ მცირერიცხოვანია, თუმცა, თუ რუსეთის მასშტაბებს გავითვალისწინებთ, პროტესტის გამომხატველთა რიცხვი თანდათან იზრდება.
შესაძლოა, სწორედ ამ მოვლენებმა მისცა საბაბი აშშ-ის სენატორ ჯონ მაკკეინს, „ტვიტერში“, საკუთარ მიკრობლოგზე დაეწერა: „ძვირფასო ვლად, არაბული გაზაფხული შენს სამფლობელოს უახლოვდება“ - რომელიც მაშინვე დაიტაცეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა. პუტინის ყურამდე ჰილარი კლინტონის განცხადებამაც მიაღწია იმის თაობაზე, რომ რუსეთის არჩევნებში მნიშვნელოვანი დარღვევები მოხდა. გაღიზიანებულმა რუსებმა ამერიკელებს შეუთვალეს, თქვენს არჩევნებს მიხედეთ, ჩვენსას თავი გაანებეთო.
თუმცა, შეშფოთება რუსი ოფიციალური პირების განცხადებებშიც იგრძნობა. ასე მაგალითად, კრემლის მთავარმა „კომენტატორმა“, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „სინამდვილეში ვ.ვ. პუტინი პირდაპირ არაა დაკავშირებული „ედინაია როსიასთან“ და ის, რომ ხალხი „ედინაია როსიას“ იმდენად აღარ ენდობა, სულაც არ ნიშნავს ვლადიმირ პუტინისთვის ზურგის შექცევას“. - ამ განცხადებას, ალბათ, უფრო კომიკური შეიძლება ეწოდოს, ვიდრე რეალური.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, „ედინაია როსიამ“ 2007 წლის არჩევნებთან შედარებით ბევრად ნაკლები ხმები მიიღო და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი უმრავლესობაც კი ვერ მოიპოვა, თუმცა, მეორე ადგილზე გასულმა კომუნისტურმა პარტიამ 20 პროცენტზე მეტი მიიღო, ლიბერალ-დემოკრატები კი მესამე ადგილზე გავიდნენ.
ოპოზიციურად განწყობილ ძალებს „ედინოროსებისთვის“ ეს მონაცემებიც ებევრათ და 6 დეკემბერს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ქუჩებში გამოვიდნენ. საპასუხოდ, კრემლმა მოსკოვის ცენტრისგენ დამატებითი ძალები დაძრა - იმისთვის, რომ თითქოსდა უნდა აღეკვეთა მოსალოდნელი დაპირისპირება „ნაშისა“ და ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებს შორის. რუსმა პოლიტიკოსმა კონსტანტინე ბოროვოიმ დილის 4 საათზე „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე სტატუსი „აზრზე მოდი, ვოვა!“ დადო, სადაც ივარაუდა, რომ პუტინის მხრიდან დემონსტრანტებისთვის არმიის დაპირისპირება, შესაძლოა, მალე სისხლისღვრაში გადაიზარდოს: „თუნდაც ერთი ადამიანის სიკვდილის შემთხვევაშიც კი ხალხის ხელში იარაღი აღმოჩნდება“, - ვარაუდობს ბოროვოი. როგორც „ფეისბუქზე“, ასევე სხვა სოციალურ ქსელებში ამ სტატუსის აქტიური გაზიარება იმაზე მიანიშნებს, რომ მას უამრავი ადამიანი ეთანხმება.
მოსკოვში, ტრიუმფალურ მოედანზე საპროტესტო მიტინგი ამ წუთებში დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ არასანქცირებული მიტინგი ინციდენტის გარეშე მიმდინარეობდა, მოგვიანებით მილიციამ ოპოზიციონერების დაკავება დაიწყო. ბლოგერები იუწყებიან, რომ მასობრივი დაპატიმრებები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებშიც დაიწყო.
კომენტარი