სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "ხუდონჰესის" თემაზე ლექცია გაიმართა

დღეს, 23 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივამ" პროექტ "ხუდონჰესის" მშენებლობის თემაზე ლექცია გამართა.

ლექციაზე სიპის ხელმძღვანელმა, ექსპერტმა ეკონომიკის დარგში, ლევან კალანდაძემ, სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია პროექტის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ასპექტებზე და მათთან ერთად განიხილა ის სარგებელი, რომელსაც საქართველო პროექტის განხორციელების შედეგად მიიღებს. ლექციის მსვლელობისას, დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

ლექციას ასევე დაესწრო ექსპერტი ეკონომიკის დარგში - ირაკლი ლექვინაძე.

"საქართველოში მსხვილი ჰესების პროექტების განხორციელება არის ქვეყნის განვითარების შანსი. მე ცალსახად მიმაჩნია, რომ საქართველოში ხუდონჰესი და სხვა მსხვილი ჰიდრო პროექტები უნდა აშენდეს. ვფიქრობ ამას ალტერნატივა არ აქვს. წარმოიდგინეთ, 90-იან წლებამდე რომ მოხერხებულიყო ხუდონის პროექტის გაშვება, რამდენად წინ ვიქნებოდით განვითარების კუთხით. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია , რომ ახალგაზრდა თაობას მივაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნული პროექტისა და იმ სარგებლის შესახებ, რასაც "ხუდონჰესის" აშენების შედეგად მივიღებთ" - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

"ჩვენ დღეს მოგვიწევს არჩევანის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით წავალთ. ან ავაშენებთ ხუდონჰესს და საქართველო აქცენტებს განვითარების, პროგრესის სასარგებლოდ გააკეთებს. რაც გულისხმობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა და ბიზნესი უნდა განვითარდეს, შეიქმნას ახალი საწარმოები და სამუშაო ადგილები, მოზიდულ იქნეს უცხოური ინვესტიციები; ან უარს ვიტყვით ხუდონის მშენებლობაზე და ჩვენ, მთელი საქართველო, ერთ ადგილას, ერთ დონეზე „გავიყინებით“. სწორედ ამ არჩევანის შედეგებზე და სამომავლო პერსპექტივებზე მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება დღეს სტუდენტებთან შეხვედრის დროს, რადგანაც მათი ჩართულობა მიმდინარე პროცესებში ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია" - განაცხადა ლექციის დასრულების შემდეგ ლევან კალანდაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვას უნივერსიტეტებში სამომავლოდაც გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100