გოგა ხაჩიძე - ბერას: წვიმად გადაქცევა ისეთი საკითხია, რასაც დიდი ფულიც ვერ აგვარებს...
გარემოს დაცვის მინისტრსა და მილიარდერის ვაჟს შორის „სოციალური კინკლაობა“ ისევ გრძელდება. ამჯერად გოგა ხაჩიძე მოკლედ გამოეხმაურა ბერას ახალი სიმღერის იმ ნაწილს, სადაც რეპერი „გოგას“ ახსენებს და ამბობს: ”არ ვიცოდი ვინ იყავი, მოგისმინე, გავიქეცი, გოგა, გთხოვ, დროზე წვიმად გადაიქეცი“.
მინისტრმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა: „პირველ “თხოვნას”, “წვიმად გადაქცევას” ვგულისხმობ, ძალიანაც რომ მოვინდომო, ვერ დავაკმაყოფილებ. “თხოვნის” ავტორს მამა-შვილურად მინდა ავუხსნა: მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება სიურპრიზი აღმოჩნდეს, არსებობს რიგი საკითხებისა, რომლებსაც ძალიან დიდი ფულიც კი ვერ აგვარებს. ეს ალბათ უფრო მომავლის საქმეა და ძირითადად მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე იქნება დამოკიდებული”.
შეგახსენებთ, რომ მანამდე, პირველი კლიპის - „ქართული ოცნების“ გამოქვეყნების შემდეგ, გოგა ხაჩიძემ ფბ-ში საკუთარ კედელზე ბერას „აგრესიული“ და „ჩლიფინა რეპერი“ უწოდა, რასაც ბერას მიერ გოგა ხაჩიძისთვის „წვიმად გადაქცევის“ თხოვნა მოჰყვა.
კომენტარი