სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ორი კაპიკი შემოგაქვს და თავი მეფე გგონია, მე კი შენი მონა-მეთქი, ეს ვუთხარი ბოლოს"

სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეშახტეებზე უამრავი პოსტი და სევდიანი ჩანახატი დაიწერა. ერთ-ერთ მათგანს ახლა გთავაზობთ, რომლის ავტორიც თინა სიხარულიძეა:
"მკვდარი მეშახტის ცოლებო, გოგოებო, ქალებო,
აი, აქ ვარ ოთხთაგან ერთი მეშახტის ცოლი და გელაპარაკებით.
ჩემი კაციც წავიდა იმ დილით და აღარ დაბრუნდა.
წაიღო ერთი ქილა ლობიო თავისთვის და ძმაკაცებისთვის, ერთი პური და მეოთხედი წველა ყველი.
ჩაალაგა ტყუილი ადიდასის გაქექილ ზურგჩანთაში და წავიდა.
დატოვა მაღაზიის ვალი და ბიჭისთვის მიცემული პირობა, რომ დაბადების დღეზე ლეკვს აჩუქებდა.
გოგოსთვის წართმეული სიგარეტი მოსაწევად არ წაიღო, გადაყარა და თქვა, დღეიდან ამ სახლში აღარავინ აღარ მოწევსო.
ვიჩხუბეთ იმ დღეს,
იცოდი შენ, რომ ჩვენი გოგო ეწეოდა და არ მითხარიო.
არ ვიცოდი-მეთქი, ვერ დავაჯერე და გავებუტე.
მბრძანებელი ხარ-მეთქი ამ ოჯახში,
ორი კაპიკი შემოგაქვს და თავი მეფე გგონია, მე კი შენი მონა-მეთქი, ეს ვუთხარი ბოლოს.
გავაგრძელე ლობიოს შეკაზმვა და ბიჭის პირით შევუთვალე, დიდო მეფეო, ხვალ შეგიძლია ლობიო წაიღო-მეთქი საგზლად.
აღარაფერი უთქვამს, ეწყინა ლამაზად, როგორც იცოდა ხოლმე,
თვალის კუთხეებთან შავი ნაოჭები უფრო ჩაუმუქდა, ნიკაპი აუკანკალდა, კედლისკენ მიიხედა და არ ვიცი რა იფიქრა.
ადგა დილით ხმაურით, უნდოდა გამღვიძებოდა და გამოვლაპარაკებოდი.
მე კი, მეორე მხარეს გადატრიალებულს, თვალები მაგრად დამეხუჭა და არ ვაპირებდი შერიგებას მის დაბრუნებამდე. ვიცოდი, დაბრუნებულზე მომიტანდა შოკოლადს ან ლამაზ წინდებს
და მე ვეტყოდი, შეგირიგდი, ბიჭო, აბა რა ვქენი, ხო იცი, არ მაქვს შენს იქით გზა.
გაეღიმებოდა მასაც და თმას ამირევდა დაღლილი ხელებით.
ასეთი მქონდა მე გეგმა და დუმილით გავაცილე ქმარი.
წავიდა უთქმელი, საბანი შემისწორა და წავიდა.
დამიტოვა სახლი, დამიტოვა შვილები და იფრინა 400 მეტრი.
არ შევურიგდი ჩემს ქმარს, ბნელ გვირაბებში ისე გავუშვი.
არ შევურიგდი ჩემს კაცს, არ გავუნელე კაცური დარდი,
არ გავაყოლე ჩვეული კოცნა.
მარტო ერთი ქილა ლობიო გავატანე.
და ჩვენში ხომ ქელეხებიც სულ ლობიოთი იციან...
დავუწყობ ახლა სუფრაზე ცხელ კოცნებს, რაც აქამდე მიკოცნია და რაც აწი უნდა მეკოცნა.
ლობიოს ვერ გავაკეთებ, ქალებო, ლობიოს როგორ შევხედო დღეის მერე, გოგოებო...
და ახლა რა ვქნა, რომელი ლეკვი ვუყიდო ჩვენს ბიჭს, ორ კვირაში რომ ხუთის ხდება,
რა ვასწავლო ჩემს თოთხმეტი წლის გოგოს კაცებზე, ცხოვრებაზე, როგორ დავუშალო მოწევა, დარდის ჩაკვლა ობოლ გოგოს...
რა კუბოში ჩავაწვინო ჩემი დაბეგვილი კაცი, რომ შვილებმა ვერ დაინახონ...
თქვენ ხომ შერიგებული გაუშვით თქვენი ნატანჯი კაცები, თქვენი მეფე კაცები, გოგოებო?
ხომ გაატანეთ ფრთებად თქვენი კოცნები, ხომ გაატანეთ ბალიშებად თქვენი თმების სიმსუბუქე, თქვენი მკერდის სირბილე?"
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს ტყიბულში, მინდელის შახტაში ოთხი მეშახტე 400 მატრის სიმაღლიდან ჩავარდა და გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100