სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო-ბულგარეთი: 69:79 - ქართველთა ბედი უკრაინელთა ხელშია...

საქართველოს ნაკრები პირველი ეტაპის ბოლო მატჩში ბულგარეთის ნაკრებთან ათი ქულით დამარცხდა. ქართველებმა გამარჯვება ვერ შეძლეს, მაგრამ ბულგარელებმაც ვერ შეძლეს პროგრამა–მაქსიმუმის მიღწევა +13–ით გამარჯვება. თუმცა, მოდით, შევაქოთ მეტოქეები, რომლებმაც მოედანზე ის აჩვენეს, რამაც ასე აღგვაფრთოვანა ჩვენს ბიჭებში სლოვენიასთან, უფრო ადრე კი რუსეთთან შეხვედრის დოს – ერთიანობა, მობილიზება და თავდადება. ბულგარელებმა, ფაქტობრივად, ბოლო 5 წუთში აქტიური თამაშის შედეგად გაიმარჯვეს, თუმცა, რასაკვირველია, მათ ამაში ქართველთა უხეში შეცდომებიც დაეხმარა. საბოლოო ანგარიში ტაბლოზე ასე დაფიქსირდა: საქართველო–ბულგარეთი– 69:79.

წაგების მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგული არ არის. ქართველთა გასვლა–არგასვლის საკითხი ამ საღამოს, ჯგუფის ბოლო მატჩში გადაწყდება, სადაც უკრაინის ნაკრები ბულგარეთის ნაკრებს ხვდება. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ნაკრები ბელგიისას ნებისმიერი ანგარიშით დაამარცხებს, საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გადის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ასპარეზობას ეთიშება.

უფრო ზუსტად რომ ავხსნათ, ეს ყველაფერი ასე გამოიყურება:

უკრაინის ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში საუკეთესო 12-ში საქართველო გადის, რადგანაც ასეთ სიტუაციაში სამ გუნდს - საქართველოს, ბულგარეთს და უკრაინას უგროვდებათ 7-7 ქულა და ამ სამეულს ერთმანეთთან ურთიერთშეხვედრებში თითო გამარჯვება აქვთ, ამის შემდეგ კი დაითვლება ბურთების შეფარდება, სადაც იგორ კოკოშკოვის გუნდს უშუალო კონკურენტებზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს და შემდეგ ეტაპზეც ამის გამო გავა.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ უმოტივაციო ბელგიამ შეძლო უკრაინის ნაკრების წაქცევა, შემდეგ ეტაპზე გავა ბულგარეთი, რადგანაც საქართველოსთან ქულათა 7-7 თანაბარი რაოდენობის შემდეგ, პირველი მაჩვენებელი ურთიერთშეხვედრებია, სადაც ბულგარეთმა მოგვიგო და უპირატესობაც აქვს.

სპორტი სპორტია და ბრძოლაში წაგებული მატჩის გამო ყურების ჩამოყრა ნამდვილად არ ღირს. ბიჭები მადლიერების სიტყვებს უფრო იმსახურებენ, ვიდრე საყვედურს, თუმცა, არც შენიშვნების მიცემისგან თავის შეკავებაა მიზანშეწონილი. იმედია, დღეს დაშვებულ შეცდომებს იგორ კოკოშკოვიც ხედავდა და ბარემ ისიც დავამატოთ, რომ ეს შეცდომები სულაც არ ყოფილა უფრო ნაკლები, ვიდრე წინა შეხვედრებში. კალათბურთელების "ეპიზოდებრივი" გაბრწყინება საქმეს ვერ შველის – მთელი გუნდი უნდა მოემზადოს ფსიქოლოგიურად ისე, რომ არ დავუშვათ შეცდომები, რომლებიც დღეს ბავშვთა კალათბურთშიც კი სასაცილოდ ითვლება. მოემზადოს მომავალი, უფრო რთული მატჩებისთვის იმ შემთხვევაში, თუ უკრაინამ გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავედით. სამწუხაროა, რომ სხვა თამაშის შედეგზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ ესეც სპორტის კანონია – ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია.

აშკარად გადაღლილი მთავარი ხუთეულით გუშინ მოვიგეთ, მაგრამ დღეს უკვე ეს ვეღარ შევძელით. მაგრამ უმადურობა იქნება, თუნდაც შემდგომ ეტაპზე ვერგასვლის გამო ვუსაყვედუროთ გუნდს, რომლის დებიუტი ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე შთამბეჭდავი და ყველასთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ასე რომ, ჯერ ყველაფერი წინ არის: დღევანდელი უკრაინა–ბელგიაც და, თუ აქედან არაფერი გამოვა – შემდეგი წლები...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100