სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველ კალათბურთელებს კლაიპედაში ქართველები და ლიტველები უგულშემატკივრებენ

ქართველ კალათბურთელებს კლაიპედაში, ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე მრავალრიცხოვანი ქართველი გულშემატკივარი ეყოლებათ.
ნაკრების საქომაგოდ გუშინ ლიტვაში საკმაოდ დიდი დელეგაცია გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ხელისუფლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. საქართველოს ნაკრების თამაშებს დაესწრებიან ლიტვაში მცხოვრები ქართველებიც.
გარდა ამისა, კლაიპედაში გაიმართება საქართველოს ხელოვნების დღეები. 31 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილია ანსამბლების, "სუხიშვილებისა" და "ქართული ხმების" ერთობლივი კონცერტები, რომელიც კლაიპედას თეატრალურ მოედანზე, საგანგებოდ აგებულ სცენაზე გაიმართება.
ასევე, კლაიპედას ერთ-ერთ ქუჩაზე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას საქართველოს სახელი დაერქმევა, გაიმართება მიღება, რომელსაც მუსიკალურად "ზუმბალენდი" გააფორმებს.
საქართველოსა და ბელგიის კალათბურთელთა ნაკრებების შეხვედრა დღეს თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.
ქართველები ევროპირველობის ჯგუფურ ეტაპზე "დ" ჯგუფში ასპარეზობენ. ჩვენი ნაკრების მეტოქეები სლოვენიის, რუსეთის, ბელგიის, ბულგარეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან.
იგორ კოკოშკოვის გუნდის შემადგენლობაში არიან: გიორგი გამყრელიძე, ვლადიმერ ბოისა, ანატოლი ბოისა, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, თორნიკე შენგელია, მარკიზ ჰაინსი, გიორგი შარაბიძე, ლაშა ფარღალავა.
ჯგუფური ეტაპი კლაიპედაში 5 სექტემბერს გაიმართება და, სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, მოახერხებენ თუ არა ქართველი კალათბურთელები დასკვნით ეტაპზე გასვლას.
ევროპის ჩემპიონატი დღეს იწყება და 18 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100