„უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ბანკის მევალე ვარ და წარმოდგენა არ მაქვს როგორ გადავიხდი კრედიტს" - ლელა წურწუმია
ცნობილი წყვილი - მომღერალი ლელა წურწუმია და პროდიუსერი კახა მამულაშვილი კორონავირუსის პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩა. აღნიშნულის შესახებ მათ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „ავტორის ხმა“ ისაუბრეს.
„უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. სხვების მსგავსად მეც ბანკის მევალე ვარ და წარმოდგენა არ მაქვს როგორ გადავიხდი კრედიტს სამსახურის გარეშე დარჩენილი“, - განაცხადა ლელა წურწუმიამ.
მისი თქმით, მართალია, გარეგნულად შოუბიზნესი ყოველთვის ბრწყინავს, მაგრამ მოსაზრება თითქოს პრობლემები არ აქვს – მცდარია.
„არ მივეკუთნებით მათ რიცხვს, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტით სარგებლობს, ამიტომ დამოუკიდებლად გვიწევს საკუთარ თავზე ზრუნვა. თუმცა, სახელმწიფოსგან არა ფინანსურ დახმარებას, არამედ რეგულაციების გადახედვას და მოწესრიგებას მოვითხოვთ, რათა ისევ თვითონ შევძლოთ საკუთარი თავის უზრუნველყოფა," - განაცხადა მომღერალმა.
მომღერალმა ლელა წურწუმიამ რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ გადაწყვიტა საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდეს და ჯგუფ „ნონ სტოპთან” ერთად რამდენიმე დღის წინ პირველი რეპეტიციაც გამართა.
კომენტარი