აფხაზეთის დე–ფაქტო სამხედრო კომისარიატი ქართველ ახალგაზრდებზე „ნადირობს“
გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში დე ფაქტო კომისარიატის უფროსის მოადგილე, ბესიკ კირთაძე ე.წ. რეიდს ატარებს.
როგორც "ივერონს" გალის რაიონიდან აცნობეს, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სავალდებული სამსახურში გაწვევის დრო გავიდა, კირთაძე ახალგაზრდების დაკავებას განაგრძობს.
"მიუხედავად იმისა, რომ გაწვევის დრო გაზაფხულამდე დასრულდა, დე ფაქტო კომისარიატი ახალგაზრდების დევნას აგრძელებს. დღეს რამდენიმე ახალგაზრდას აედევნენ, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს. ღმერთმა უწყის, დღის ბოლომდე რამდენს დააკავებენ", - განუცხადა "ივერონს" ინფორმირებულმა წყარომ.
შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო კომისარიატი, აფხაზური ჯარისგან თავის არიდების შემთხვევაში, გალელ ახალგაზრდებს სამწლიანი პატიმრობით ემუქრება, რის შემდეგაც, მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მაინც მოუწევთ.
ცნობისთვის, დე ფაქტო კომისარიატმა რამდენიმე ქართველ ახალგაზრდას, რომლებიც ამჟამად უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, ხელწერილი დააწერინა, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ, აფხაზურ ჯარში იმსახურებდნენ.
აღნიშნული შეღავათი ახალგაზრდებს 5 000 რუსული რუბლი დაუჯდათ.
კომენტარი