სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დათო ტურაშვილი: "სალსა და მერენგე"

სალსა და მერენგე

უნივერსიტეტის სახლში, ზუსტად ჩემი ოთახის თავზე, ორი კუბელი გოგონა ცხოვრობს, რომლებიც იმავე უნივერსიტეტში (სადაც მე ვეწამები), კინომცოდნეობას ეწაფებიან. ისინი გამხდრები, მაღლები, მხიარულები არიან და გამუდმებით, შეუსვენებლად ცეკვავენ (იმის პარალერულად), რასაც არ უნდა აკეთებდნენ: მიდიან - ცეკვავენ, ჭამენ - ცეკვავენ, ლაპარაკობენ - მაინც ცეკვავენ.

ერთადერთხელ ვნახე გაჩერებულები, როცა გავიცანი და მკითხეს, თუ რომელი ქვეყნიდან ვიყავი. ვუთხარი, რომ ვარ მიხეილ კალატოზოვის ქვეყნიდან (სხვა როგორ უნდა ამეხსნა კუბელებისთვის, რა არის საქართველო) და უცებ გაჩერდნენ, ცეკვა შეწყვიტეს და სიხარულისგან თვალები ისე გაუფართოვდათ, რომ ვიფიქრე, ვუდუ არ ამცდება-მეთქი და არც ამცდა:

რამდენჯერაც დამინახავენ, იმდენჯერ მკოცნიან და მადლობას მეუბნებიან მიხეილ კალატოზიშვილის გამო, რომელმაც 1963 წელს კუბასა და კუბელების შესახებ საუკეთესო ფილმი გადაიღო და მგონი, უფრო ლამაზი (ეკრანზე) არც არაფერი მინახავს. ისინიც იგივეს ამბობენ და კუბელებსაც უკვირთ, რომ მათთვის მანმადე უცნობ და პატარა საქართველოს თურმე ასეთი დიდი რეჟისორი ჰყოლია და ასეთი მდიდარი კულტურა ჰქონია. მე კი ის მიკვირს, რომ მათ არ იციან ფიდელ კასტროს საქართველოში ორჯერ ჩამოსვლის მიზეზი და მეუბნებიან, რომ ფიდელ კასტროს ბიოგრაფიაში არსად არის ნახსენები რომელიღაც საქართველო. რასაკვირველია, ბელადის ბიოგრაფებს "გამორჩებოდათ" ბელადის ცხოვრების რომანტიული ეპიზოდი, როცა შეყვარებულმა ფიდელ კასტრომ ორჯერ მიატოვა ამერიკულ რაკეტებმიბჯენილი კუბა და ქართველი ქალის გამო, თბილისში ჩამოვიდა. იმ ქართველმა ქალმა კუბელი ბელადის ცოლობაზე, რა თქმა უნდა, უარი თქვა (ცოლგაშვებულიაო), მაგრამ ჩემს მეზობელ კუბელებს ამის შესახებ აღარაფერს ვეუბნები, რომ გული არ ვატკინო. კუბელებს ისედაც გული ტკივათ, ძალიან უჭირთ და ყველაფერი აკლიათ, მაგრამ მაინც ცეკვავენ, მაშინაც კი, როცა ტირიან და საკუთარი თვალით ვნახე ერთი მათგანი, ჩვენი სახლის პირველ სართულზე, საერთო ტელეფონთან, რაღაც ცუდი ამბის გამო, ყურმილმიდებული რომ ტიროდა, მაგრამ მაინც ცეკვავდა...

დათო ტურაშვილი, "ესპანური ფოტომოთხრობები". გამოქვეყნდა "ცხელ შოკოლადში"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100