"დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ..."
_ დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე.
შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი _ თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და ისე მეუბნებოდა,_ ხან ვწევარ, შვილო, ხან აი, ასე დავრაცრაცებო.
ვიყავი ერთ ღამეს და ერთ დღეს _ თითქოს ეზო-ყორის მოწესრიგებით გართული, სინამდვილეში რაღაც ცოდვით შეწუხებული. მეორე საღამოს, უკვე შებინდებულზე, წამოვედი.
ჩვენი რკინიგზის სადგურამდე ოთხ კილომეტრამდე გზა არის, სულ თავქვე-თავქვე, აქედან კიდევ აღმართი. გამიმართა დედაჩემმა ძველებური ფარანი, ამინთო,_ სადგურში რომ ჩახვალ, მორიგესთან დატოვე და ვინმეს ამოვატანინებ მერეო. დავიწყე მე სიცილი,_ რა ფარანი მინდა, დედა, ორმოცი წელიწადია, ამ გზაზე დავდივარ, სულ ქვა-ქვა ვიცი-მეთქი ყველაფერი. _არაო, შვილოო, ახლა სულ შეცვლილია, სად რას აკეთებენ, სად რასო, თან მოლინჭყულია, ფეხი ცურავსო. ბევრი მეხვეწა, მაგრამ არ წამოვიღე ის ფარანი. გამომაცილა კი კარგა მანძილზე, სანამ დიდი დაღმართი არ დაიწყებოდა. მომყვებოდა იმ წკვარამში, მინათებდა გზას და თან სულ მარიგებდა დედურად. დიდ დაღმართთან თვითონვე შეჩერდა, ასწია ფარანი ცოტაზე,_ წაიღე, შვილოო,_შემეხვეწა ერთხელაც. მე გადავკოცნე ღიმილით _ წადი-მეთქი ახლა! _ მივაბრუნე, თითქოს გაბრუნდა, წავიდა კიდეც, მივიხედე და დგას ისევ, მაღლა უჭირავს ფარანი, მეორე ხელიც შეუშველებია. _ წადი-მეთქი, წადი! გაბრუნდა, წავიდა. მე თავქვე დავეშვი. ზურგჩანთა მკიდია, თითქმის მივრბივარ, მივიხედავ უკან და რამდენსაც მივიხედავ, იმ წკვარამში ის ფარნის შუქი ისევ ერთ ადგილას დგას, ალბათ, მეჩვენება-მეთქი, გავჩერდები, ვაკვირდები, შუქი მაინც არ იძვრის.
_ დე-დაა! დე-დაა!
არავითარი ჩქამი! ნიავი სახეში მცემს, ჩემი ხმა იქამდე ვერ აღწევს.
ისე ჩავედი სადგურში, ისე ავედი მატარებელში, ის შუქი მხოლოდ პატარავდებოდა და არ იძვროდა. ვუყურებდი ვაგონის ფანჯრიდანაც და ვწყრებოდი დედების სიჯიუტეზე.
ის კი იყო და ის _ ცოცხალი აღარ მინახავს დედაჩემი. დეკემბრის თექვსმეტში, ღამით, თერთმეტ საათზე, უწვალებლივ დაელია სული და დამრჩა ამ ფარნის შუქი სამუდამო დარდად.
რატომ იდგა იქ, იმ აღმართის თავზე, სიბნელეში და სიცივეში იმდენ ხანს? ნუთუ მართლა იმას ფიქრობდა, რომ ცოტათი მაინც მინათებდა ფარნით გზას?! ნუთუ ეგონა, ცუდი რომ რამე მომწეოდა, უთუოდ მისწვდებოდა ქვემოდან ხმა?! თუ სულაც ცუდად გახდა, ჩაჯდა, ვეღარ წამოდგა და იყო ასე, _ ფარანზე დაყრდნობილი?! კიდევ უარესი _ სამუდამოდ ხომ არ მეთხოვებოდა იმ ფარნით?!
დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს...
კომენტარი