სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

16 წლის ელენე ბაშარულის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

16 წლის ელენე ბაშარულის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურამ ქ.რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვანი გოგონას გარდაცვალება გამოიწვია, გ.დ-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 22:45 საათზე, ქ. რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავმა გ.დ.-მ ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვა და თავისივე სამოძრაო ზოლში შეეჯახა ქვეითად მოსიარულე ე.ბ.-ს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გ.დ.-მ არ გააჩერა ავტომობილი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

სამართალდამცველებმა გ.დ. 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და 128-ე მუხლით (დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფება და შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად) დღეს წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულ გ.დ.-ს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100