ცნობილი ადამიანების დაღუპვის ადგილების რეიტინგი
მსოფლიოს სხვადასხვა ადგილი, რომელიც წლების განმავლობაში რიგით ქუჩად, ან მოედნად ითვლებოდა, ახლა ტურისტების ყურადღების ეპიცენტრშია. ამის მიზეზი კი ყველგან ერთი შემთხვევა გახდა – ამ ადგილას ცნობილი ადამიანი ტრაგიკულად გარდაიცვალა. ადგილები, სადაც ცნობილი ადამიანების სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა, არა მხოლოდ ამ ადამიანების თაყვანისმცემლებს, არამედ რიგით ტურისტებსაც იზიდავს. Forbes–მა სწორედ იმ ადგილების რეიტინგი შეადგინა, რომელიც ერთი ადამიანის გარდაცვალების გამო გახდა ყველაზე „მიმზიდველი“ და საინტერესო. გამოცემა, რეტინგის გამოქვეყნებისას აღნიშნავს, რომ ამ ადგილას ყველაზე უინტერესო ადამიანიც კი სვლას ანელებს და ინტერესით აკვირდება ადგილს, სადაც ცნობილი ადამიანი გარდაიცვალა.
Forbes–ის რეიტინგით, პირველ ადგილზე ინტერესის მხრივ არის სახლი, სადაც Nirvana–ს ლიდერმა კურტ კობეინმა თავი მოიკლა. ეს სახლი სიეტლში მდებარეობს. აქ 1994 წლის 5 აპრილს 27 წლის მუსიკოსის გვამი აღმოაჩინეს. პოლიციის დასკვნის თანახმად, პისტოლეტი კობეინის სხეულზე იდო, მის ხელებზე კი ნანემსარები ჩანდა. გარდაცვალების ადგილას აღმოჩენილი იყო სიკვდილის წინ დაწერილი წერილიც. სახლს ახალი მფლობელები ჰყავს. საზოგადოების გადამეტებული ინტერესის გამო, სახლის ახალმა მეპატრონეებმა, შენობის ირგვლივ ღობე აღმართეს და სათვალთვალო კამერები დააყენეს. თუმცა სახლი გზიდან მაინც კარგად მოჩანს და ინტერესიანი მოქალაქეები მაინც ახერხებენ მათთვის საინტერესო ადგილის ყურადღებით დათვალიერებას.
რეიტინგის მეორე ადგილზე ჯონ ლენონის მკვლელობის ადგილია – ნიუ–იორკის პოპულარული ღირსშესანიშნაობა. ტრაგედია 1980 წლის 8 დეკემბერს მოხდა. ამჟამად აქ მუსიკოსის ქვრივი იოკო ონო და მისი შვილი შონ ლენონი ცხოვრობენ.
ნიუ–იორკის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა სახლი, რომელიც მდებარეობს მისამართზე 63 Bank Street. მის პირველ სართულზე განთავსებულია ბინა, რომელშიც ჯგუფ Sex Pistols–ის 21 წლის ბასისტი სიდ ვიშესი გარდაიცვალა. მუსიკოსი 1979 წელს, ჰეროინის დიდი დოზის მიღების შედეგად დაიღუპა. ვიშესის დედა დარწმუნებულია, რომ მისმა შვილმა თავი მოიკლა, რისი მიზეზიც შეყვარებულის გარდაცვალება გახდა. კიდევ ერთი ტრაგიკული ადგილია ვაშინგტონის თეატრი Ford–ი, სადაც 1865 წლის 14 აპრილს აშშ–ის პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი მოკლეს. თეატრის პერსონალი დამთვალიერებელს იმ ადგილებს აჩვენებს, სადაც ეს ისტორიული მკვლელობა მოხდა.
ლონდონის სტუმრებს კი ჯიმი ჰენდრიქსის გარდაცვალების ადგილის მონახულება შეუძლიათ. სახლი პრესტიჟულ რაიონში Notting Hill–ში მდებარეობს. აქ, საკუთარი შეყვარებულის სახლში, 1970 წლის 18 სექტემბერს 27 წლის ჰენდრიქსი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებით გარდაიცვალა. ახლა აქ ოტელია განთავსებული, თუმცა იმ ოთახის ნომერი, სადაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, გასაიდუმლოებულია.
პარიზში, 1971 წლის 3 ივლისს The Doors–ის 27 წლის ლიდერი ჯიმ მორისონი დაიღუპა. ექსპერტიზის დასკვნით, მას უბრალოდ, გული გაუჩერდა.
პარიზის განსაკუთრებულად აქტუალურ და ღირსშესანიშნავ ადგილს ტურისტებისთვის წარმოადგენს ბრიტანელი პრინცესას დიანას დაღუპვის ადგილი. ავარია, რომელმაც დიანას და მისი მეგობრის დოდი ალ–ფაიედის სიცოცხლე იმსხვერპლა, 1997 წლის 31 აგვისტოს, ალმას ხიდის ქვეშ მოხდა. ტრაგედიის სიახლოვეს დგას მემორიალი სახელწოდებით „თავისუფლების ცეცხლი.“
შვედეთის პრემიერ–მინისტრი ულოფ პალმე 1986 წლის 28 თებერვალს, სტოკჰოლმის ცენტრში მოკლეს. სოციალ–დემოკრატიული პარტიის ლიდერი დაცვის სამსახურით არ სარგებლობდა და ქუჩებში ხშირად თავისუფლად დადიოდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს მკვლელობა დღემდე გაუხსნელია.
1995 წლის 15 ნოემბერს თელ–ავივში ისრაელის პრემიერ–მინისტრი იცხაკ რაბინი მოკლეს. ახლა ეს მოედანი რაბინის სახელს ატარებს და მასზე აუზია განთავსებული, სადაც ოქროს თევზები დაცურავენ.
კომენტარი