ბაღაფშის გარდაცვალებას აფხაზეთში სამ დღეს იგლოვებენ
მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაცვლილი სერგეი ბაღაფშის ცხედარს სოხუმში ხვალ ჩაასვენებენ. სამი დღე აფხაზეთში ამ ფაქტთან დაკავშირებით, გლოვის დღედაა გამოცხადებული. ბაღაფშს მშობლიურ სოფელ ჯღერდაში 2 ივნისს დაკრძალავენ.
რუსეთის ხელისუფლების პირველმა პირებმა, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა უკვე გამოთქვეს თავიანთი მწუხარება მომხდართან დაკავშირებით. სავარაუდოდ, 2 ივნისს სოხუმში რუსეთიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩავა.
სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების მიზეზი ავთვისებიანი სიმსივნე გახდა. მას მოსკოვში, ფილტვზე სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს, მაგრამ ოპერაციის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სერგეი ბაღაფშის გადარჩენა რუსმა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
მომდევნო სამი თვის განმავლობაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობას ალექსანდრე ანქვაბი შეასრულებს, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა უჭირავს. სამი თვის შემდეგ კი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.
კომენტარი