სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ ციხიდან

რას ფიქრობს ვანო მერაბიშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, რა შეფასებას აძლევს ირაკლი ღარიბაშვილს, რამდენად სჯერა ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ სექტორში გადასვლის, რას ამბობს პოლიციის რეფორმაზე, როგორ აფასებს ნარმანიას თბილსისის მერის კანდიდატურაზე წარდგენის ფაქტს და რატომ არის დარწმუნებული, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დაბრუნდება – ამ და სხვა საკთხებზე ვანო მერაბიშვილმა ,,newposts“–ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

ბატონო ვანო, პირველ რიგში, როგორ გრძნობთ თავს სასჯელაღსრულების ადგილას - გაქვთ თუ არა რაიმე შეზღუდვები პაემნების კუთხით, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

– საკუთარ ჯანმრთელობაზე საზოგადოების ყურადღების მიქცევა არ მსურს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი ეს მდგომარეობა შეუძლებელს ხდის ქუთაისში სისტემატურად დავესწრო სასამართლო სხდომებს. 7 საათი საბადრაგო მანქანით მგზავრობა და 5-7 საათი სასამართლოში ჯდომა ჩემთვის მოულოდნელად ძნელი აღმოჩნდა. მიკვირს, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ზოგი პროცესის თბილისში და ზოგის ქუთაისში ჩატარება. ასეთ დროს ყოველთვის ერთიანდება საქმეები, ამით პროკურატურა თავისთვისაც გაიმარტივებდა საქმეს და თბილისელ პროკურორებსაც არ მოუწევდათ ქუთაისში სიარული.

თქვენს სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში აღნიშნეთ, რომ სასამართლო პროცესზე მხოლოდ რამდენიმეჯერ მიხვალთ, სხვა შემთხვევაში კი არ აპირებთ სხდომებზე დასწრებას. ეს მხოლოდ იმითაა განპირობებული, რომ, როგორც წერთ, თბილისიდან ქუთაისში მგზავრობა უკავშირდება სირთულეებს თქვენთვის, თუ ერთგვარი პროტესტის ფორმაცაა?

– ამ შეკითხვაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ მიზეზები. თუმცა იმ დროს, როდესაც პროცესებზე ვუსმენ პროკურატურის მოყვანილ მოწმეებს, რომლებიც ან არაფერს არ ამბობენ ჩვენს შესახებ, ან ჩვენს სასარგებლოდ იძლევიან ჩვენებებს, გარკვეული პროტესტის გრძნობა მიჩნდება, მითუმეტეს როდესაც მახსენდება, რომ სულ 3,900 მოწმეა დასაკითხი (ცნობისათვის ჯერ მხოლოდ 150-მდე მოწმე ანუ 4% არის დაკითხული).

ევროპარლამენტზე არ იქნა გატანილი რეზოლუციის პროექტი იმ სახით, როგორც ეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ იქნა მომზადებული „ევროპის სახალხო პარტიის“ ინიციატივით, საუბარია ჩანაწერზე რეზოლუციაში, სადაც თქვენს პოლიტიკური ნიშნით დევნაზე იყო აქცენტი. რამდენიმე ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩანაწერის შეცვლას ბოლო მომენტში თავად „სახალხო პარტია“ დაეთანხმა და ამოიღო რეზოლუციიდან. ფიქრობთ, რომ ეს საქართველოსთვის ვილნიუსის სამიტზე პრობლემების არშექმნის მიზნით გაკეთდა?

– სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მაინც მოხვდა ჩანაწერი ჩემი გვარის მითითებით, საქართველოსთვის და ჩემთვისაც უკეთესი იქნებოდა მსგავსი ჩანაწერები არ ხდებოდეს საქართველოსთან მიმართებაში.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ "არჩევნების მეორე დღეს, გაყალბების საბაბით, ნინო ბურჯანაძის ხელით რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა, რაც დაახლოებით იქნება 26 მაისის სცენარის განმეორება“. თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ რუსეთი არ დაკმაყოფილდება საოკუპაციო ზოლთან მავთულხლართების გავლებით და ამჯერად რუსეთს სურს ბარიკადები რუსთაველის გამზირზე აღმართოს. თუმცა არჩევნების შემდეგ ბურჯანაძემ უარი განაცხადა ქუჩის აქციებზე, როგორ ფიქრობთ, რუსეთმა ტაიმ-აუტი აიღო თუ ბურჯანაძის მოლოდინი მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილის მხარდაჭერის კუთხით, არ გამართლდა?

_ მე მოხარული ვარ, რომ ნინო ბურჯანაძემ გაცილებით ნაკლები მხარდაჭერა მიიღო ვიდრე ამას თვითონ ელდოებოდა და ბევრი „ექსპერტი“ ვარაუდობდა. თქვენ წარმოიდგინეთ, რა ნაბიჯებს გადადგამდნენ ნინო ბურჯანაძე და ბადრი ბიწაძე იმ შემთხვევაში, თუ შედეგი 20% ან 30% ექნებოდათ. დაბალმა მაჩვენებელმა არ მისცა საშუალება ნინო ბურჯანაძეს, თავისი, ანუ რუსეთის გეგმები განეხორციელებინა.

– ,,ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო შედეგს როგორ აფასებთ? როგორ ფიქრობთ, ეს შედეგი შესაძლოა გხდეს მზარდი, რათა ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნების ამბიცია რეალობად იქცეს?

– ,,ნაციონალური მოძრაობის” შედეგი არის ძალიან კარგი ყველა მნიშვნელობით. კარგია ქვეყნისთვის, რომ მთავარ და შეიძლება, ერთადერთ ოპოზიციურ ძალად დაფიქსირდა პროდასავლური, კომპეტენტური და პოლიტიკური გამოცდილების მქონე ძალა.

ეს კარგია ხელისუფლებისთვის, რადგან იგრძნობს მუდმივად კვალიფიციურ კრიტიკას. ამავე დროს, გამოაფხიზლებს მას, რომელსაც გაუქრება იმის შეგრძნება, რომ დაშინებით, გადაბირებებით, დაჭერებითა და კომპრომატებით შეძლებს ოპონენტების განადგურებას და მიხვდება, რომ ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი საშუალება დაპირების შესრულებაა.

კარგია პერსპექტივის თვალსაზრისითაც. დემოკრატიის პირობებში ხელისუფლება დიდხანს ვერ რჩება სათავეში. საქართველოშიც ხელისუფლების ცვლილება ჩვეულებრივი ნორმა ხდება. პასუხისმგებლიანი, კომპეტენტური და პროდასავლური ოპოზიციის არსებობა, რომელიც ამ ხელისუფლებას ჩაანაცვლებს ქვეყნის განვითარების გარანტიაა.

საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ ერთი რამ აჩვენა (რაც მისასალმებელია), რომ ოპოზიცია ფარავს მთელ ქვეყანას და არ შემოიფარგლება მხოლოდ ე.წ. ქართული რაიონებით. ეს ქართული სახელმწიფოს სტაბილურობაზე მიუთითებს.

აქვე საგულისმხოა, რომ ზოგ რაიონში ოპოზიციამ 30-45% აჩვენა (ასეთი რაიონები 10-ზე მეტია). ეს მონაცემები ხელისუფლებას სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს.

აქვე ჩვენც, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, უნდა გავზარდოთ ყურადღება იმ რაიონებში სადაც საშუალოზე გაცილებით ნაკლები პროცენტი მივიღეთ. ასეთი რაიონების რაოდენობა დაახლოებით ათია.

რაც შეეხება პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილმა, ფაქტობრივად, თქვენი გზა გაიმეორა მინისტრობიდან პრემიერ მინისტრობამდე. რას იტყვით თვითონ ღარიბაშვილის წარდგენის ფორმაზე?

– ამ შეკითხვაზე თავს შევიკავებ, როგორც მისი წინამორბედი, რადგან საზოგადოება ობიექტურად არ ჩამთვლის.

ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენისას მმართველი პარტიის მხრიდან იყო შეფასებები, რომ მან პოლიტიზირებული პოლიცია ევროპული ტიპის პოლიციად გადააქცია, რომ პოლიცია ხალხის სამსახურში ჩააყენა. თქვენ როგორ შეაფასებდით ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას?

– მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, განგებამ არგუნა ჩვენს გუნდს ბედნიერება, ასოცირებული ვიყოთ ქართული პოლიციის რეფორმასთან. არავის არ სჯეროდა, რომ პოლიცია შეიძლება იყოს არაკორუმპირებული და ეფექტური. ჩვენი რეფორმა აღმოჩენა იყო ჩვენი ხალხისთვის და აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის. პოლიციას, რომელიც 2003 წელს 10%-ზე ნაკლები ნდობით სარგებლობდა, 2012 წელს უკვე მოსახლეობის 84%-87% ენდობოდა. იმის შეგრძნება, რომ ჩვენ ეს გავაკეთეთ, არც ჩვენ წინამორბედებს არ ჰქონდათ და არც შემცვლელებს არ ექნებათ.

ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტიდან გადაინაცვლებს სამოქალაქო სექტორში, როგორ შეაფასებთ არჩევნებიდან ერთ წელწადში პრემიერის ამ გადაწყვეტილებას და რამდენად შეძლებს კოალიცია ,,ქართული ოცნება“ ერთიანობის შენარჩუნებას მთავრობის ახალი მეთაურის პირობებში?

– იქნება თუ არა ივანიშვილი მთავრობის ან პარტიის ფორმალური ხელმძღვანელი? ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება, რომ ის იქნება რეალური ხელმძღვანელი. ის ფაქტი, რომ ქვეყნის ხელმძღვანელ თანამდებობებზე ხდება მხოლოდ უამბიციო და პოლიტიკური მომავლის არმქონე ადამიანების დანიშვნა ან წამოყენება, ამას ადასტურებს. თუნდაც ბოლო ფაქტი, ქალაქის მერად ნარმანიას წარდგენა, საქართველოში პოლიტიკური ცხოველების გაქრობის უსუსური მცდელობაა.

პრეზიდენტმა შეიწყალა ბაჩო ახალაია და განმარტა ამის მიზეზი - მისი თქმით, არ უნდა შეიქმნას პრეცენდენტი, როცა „კანონიერი ქურდების“ ჩვენების საფუძველზე დასჯიან მაფიის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფო მოხელეს, ხოლო ე.წ. ციხის ბუნტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ყველა გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარ თავზე იღებს. როგორ შეაფასებთ?

_ კანონიერი ქურდების“ ჩვენებების საფუძველზე წაყენებული ბრალდების მთავარი მიზანი იმთავითვე სააკაშვილის დისკრედიტირება იყ, რაც ჩემი აზრით ყველასთვის ცალსახაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100