სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თვითმხილველი: შამბას ავარია შემთხვევითობა კი არა, "გატარანების" მცდელობა იყო

გამოსასვლელ დღეებში არჩევნებისთვის მზადებაში ჩაბმულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სერიოზული ინციდენტები მოხდა. აფხაზეთში ავარიაში მოყვა ერთ-ერთი კანდიდატი, სერგეი შამბა. შემთხვევამ არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა. ხმამაღალი განცხადებები იმის თაობაზე, რომ სოფელ ბზიფთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა წინასწარგანზრახული და შამბას წინააღმდეგ მიმართული იყო, არ გაკეთებულა, პირიქით, სერგეი შამბას ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ბიზნესმენმა ბესლან ბუთბამ განაცხადა, რომ ეს „წმინდა წყლის შემთხვევითობა იყო“ და რომ შამბას „მერსედესს“ მისივე მხარდამჭერი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლის მანქანა შეეჯახა, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა.

მაგრამ ის, ვინც „საჭე ვერ დაიმორჩილა“, დღეს „ნეზავისიმაია გაზეტას“ გამოუტყდა, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ ყოფილა და რომ შამბას ავტომანქანას შემთხვევით არ დასჯახებია.

ტარიელ არძინბა: „ჩემთან ერთად ჩემს მანქანაში ჩემი ძმა, ავთანდილი და კიდევ ერთი ბიჭი იჯდა. ჩვენ პრემიერის მანქანას მარცხენა მხრიდან მივყვებოდით და ვფარავდით. ესკორტი, მაქსიმუმ, 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. როცა სოფელ ბზიფს მივუახლოვდით, მე დავინახე საპირისპირო მხრიდან მომავალი შავი, უნომრო „ლენდკრუიზერი“, რომელმაც მოულოდნელად სიჩქარეს მოუმატა და გეზი სერგეი მირონის ძის მანქანისკენ აიღო.

ასეთ სიტუაციაში მხოლოდ ის შემეძლო, რომ შუაში ჩავმდგარიყავი და დარტყმა საკუთარ მანქანაზე მიმეღო. ასეც მოვიქეცი - სერგეი შამბას მანქანას გადავასწრე და საჭე მარჯვნივ ავიღე, რომ „ლენდკრუიზერთან“ ჩემი მანქანის წინა ნაწილით შეჯახება ამეცილებინა თავიდან. ბუნებრივია, ჩემმა მანევრმა ხელი შეუშალა პრემიერის „მერსედესის“ მძღოლს და ჩვენ, ორივე - გზიდან გადავვარდით, რის გამოც მართვა დავკარგეთ და მანქანები ამობრუნდა. მადლობა ღმერთს, არაფერს შევეჯახეთ - ირგვლივ სულ ხეები და რკინის ნარჩენები იყო.

როცა პირველმა შოკმა გაიარა, რამდენიმე მანქანამ სცადა, სოხუმის მიმართულებით წასულ უნომრო „ლენდკრუიზერს“ დაწეოდა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა, რადგან ვერ გაირკვა, ჯიპს ცამ უყო პირი თუ მიწამ. როცა გვერდით ჩამიქროლა, ჩემი მანქანის გვერდითი სარკე მოაფშვნია... ამის შესახებ მერე ჩვენებაშიც აღვნიშნე, მაგრამ ახლაც დავამატებ იმას, რაც ჩვენებაში ვთქვი: „ლენდკრუიზერის“ მძღოლთან შეხვედრის, მასთან გასაუბრების გარეშე დარწმუნებით ხელს ვერ დავადებ და ვერ ვიტყვი, რომ ჯიპის მძღოლს ავი განზრახვა ჰქონდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ მას შამბას მანქანის "გატარანება" უნდოდა. სიტუაცია მეტად საეჭვო იყო“, - ამბობს ტარიელ არძინბა.

რაც შეეხება შამბას, მას ამ დრომდე არ გაუკეთებია მისი მხარდამჭერის ნაამბობთან დაკავშირებული კომენტარი, მასთან დაკავშირება ვერც „ნეზავისიმაია გაზეტამ“ შეძლო. „პრემიერს ახლახან გაუკეთეს ნემსი და ჩაეძინა“, - უთხრა შამბას მეთვალყურე ერთ-ერთმა ექიმმა რუსულ გამოცემას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100