მარგველაშვილი პრაღაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი პრაღაში გაემგზავრა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს პრაღაში გაემგზავრა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 25 აპრილს კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაა - "აღმოსავლეთ პარტნიორობა 5 წლის შემდეგ: დრო ახალი სტრატეგიისთვის" - ქვეყნის პირველი პირი სიტყვით წარსდგება ფორუმის მონაწილეთა წინაშე.
პრაღაში ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი სამიტში მონაწილე ყველა ქვეყნის ლიდერს შეხვდება.
სამიტი ორ დღეს გასტანს და მასში მონაწილეობას მიიღებენ მასპინძელი ქვეყნის, ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქსიანი, ავსტრიის პრეზიდენტი ჰანს ფიშერი, პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომაროვსკი და სხვა ლიდერები.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შესახებ პირველად 2009 წელს, სწორედ პრაღაში, ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოს სამიტზე გაცხადდა. აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნები არიან საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბელარუსი.
კომენტარი