სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გასული ზაფხულის პოლიტიკური ვნებები

რითი გამოირჩეოდა გასული ზაფხული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში? ალბათ, პირველ რიგში იმით, რომ მთელი ზაფხულის მანძილზე უამრავი მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენა მოხდა და სექტემბრისათვის საზოგადოებას, მედიას, პოლიტიკურ სპექტრს სალაპარაკო და სამოქმედო საშუალება აქტიური სეზონის დასაწყისიდანვე მიეცა. გავრცელებული ცნობები კი ახალი პროგნოზების და ვარაუდების შესაძლებლობებს იძლევა.
სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებმა ჯერ კიდევ ზაფხულში მორიგი ინფორმაცია გაახმიანეს: საქართველოს სექტემბერში რამდენიმე ქვეყნის ყოფილი მაღალჩინოსანი ეწვევა, რომლებიც აქ გასამართ მსოფლიო ლიდერების მეხუთე სიმპოზიუმს დაესწრებიან. ამ პირველი პირების სიაში, არც მეტი, არც ნაკლები, სსრკ-ის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი, "პერესტროიკის მამად" წოდებული მიხეილ გორბაჩოვიც შედის.
ძნელი სათქმელია, საიდან გაახსენდა მიხეილ სერგის ძეს ახლა საქართველო და აქ გასამართი სიმპოზიუმი. იქნებ საკუთარი თვალით სურს რომ იხილოს აქ არსებული სიტუაცია და ის, თუ რა შეიცვალა უკანასკნელი წლების განმავლობაში. როგორც ჩანს, საქართველოთი დაინტერესება არა მხოლოდ რუსეთში გაიზარდა კვლავ.
ეს ზაფხული ჩვენს ქვეყანაში დედამიწის ყველა მხრიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობით განსაკუთრებით გამოირჩეოდა. ტურისტები ტრიალებდნენ ყველგან: მთაში, ბარში, ზღვაზე, საკურორტო ზონებში თუ დედაქალაქში. ევროპელი სტუმრები უფრო მთით იყვნენ დაინტერესებულნი, ჩვენი მეზობლები ზღვის კურორტებისთვის ჩამოვიდნენ სპეციალურად მეზობელი სომხეთიდან თუ აზერბაიჯანიდან.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ არინ მთელი რიგი ქვეყნები, რომლებიც მხოლოდ ტურისტული შემოსავლებით ცხოვრობენ და ტურიზმი მათ ქვეყანაში წამყვან სფეროდ ითვლება, ეს მოვლენა, უდავოდ, დადებითად უნდა შეფასდეს. საქართველოს ტურიზმის გამორჩეული პოტენციალი რომ აქვს, ეს უკვე წლევანდელმა ზაფხულმაც ნათლად დაადასტურა.
ამ ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მესტიაში ახალი აეროპორტი იხსნება. მშენებლობა ერთ კვირაში დაიწყება და დეკემბრისთვის დასრულდება. ანალოგიურად მოხდება კიდევ რამდენიმე რეგიონში. ეს მოვლენა სვანეთში ტურისტების რაოდენობას, ტურისტულ ბრუნვას, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანწილად გაზრდის.
გასული ზაფხული ისე გავიდა, რომ ოპოზიციას კვლავ ჩქამი არ გაუღია. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც აღვნიშნეთ, გასულ წლებთან შედარებით მიმდინარე სეზონი პოლიტიკური პასიურობით არ გამოირჩეოდა.

ზაფხულამდე მცირე ხნით ადრე რამდენიმე ოპოზიციურმა წარმონაქმნმა წინასწარ დააანონსა, რომ "ახალ ცხოვრებას" სექტემბრიდან დაიწყებდნენ და ახალი ძალებით და შემართებით გახსნიდნენ საომარ ფრონტს ხელისუფლების წინააღმდეგ. თუმცა სექტემბერიც მოვიდა და ქართული ოპოზიცია, როგორც ჩანს, კვლავ ძველებური მდგომარეობის შენარჩუნებას აპირებს და რაიმე მნიშვნელოვანს არ გეგმავს. მეტიც, საერთოდ ბაიბურში არ არის მიმდინარე მოვლენების.

ხელისუფლებაში მომხდარმა საკადრო ცვლილებებმაც კი ვერ გამოაფხიზლა ქართული ოპოსპექტრი, რომელიც "საღათას ძილს" კვლავ ძველებურად განაგრძობს. არადა, ჯერ კიდევ ახლო წარსულში სამინისტროების თითოეული ჩინოვნიკის შეცვლაზე რეაგირებდნენ. როგორც ჩანს, ამათ უკვე აღარც აღარაფერი ეშველებათ და ქართულმა საზოგადოებამ თავის წიაღში ახალი ოპოზიციური ძალები და სახეები უნდა ეძიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩენილა საქართველო დემოკრატიის ამ ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის გარეშე.

თუმცა ამ ზაფხულსვე გავრცელდა საზოგადოებაში ოპოზიციასთან დაკავშირებული რამდენიმე საყურადღებო ინფორმაცია, თუ რატომ იყრუებს ყველა მოვლენაზე ყურს ქართული ოპოზიციის დიდი ნაწილი.
ფდსფს
როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ოპოზიციის ლიდერების უმრავლესობა კარგა ხანია თავადაც მოსყიდულია ყველა იმ სიკეთეებით, რის გამოც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ და სხვადასხვა საშუალებებით ესხმოდნენ თავს. ამიტომაც ინარჩუნებენ ახლა "კონსტრუქციულ სიჩუმეს," რომელიც მათ უმრავლესობას არასდროს ახასიათებდა.
უამრავი ფაქტორი მეტყველებს იმაზე, რომ ეს ნამდვილად ასეა. და თუ არ არის, მაშინ მთელ ქართულ ოპოსპექტრს ერთი დიდი სიზარმაცის სინდრომი ერთდროულად დამართვია და მთელი შემართება იმ აქციებზე დაუტოვებიათ, რომელიც მსოფლიოში უპრეცედენტო იყო საკნების და ქუჩებში დაყრილი ნაგვის რაოდენობით.
ფდსფს
ამ სეზონზევე დიდი ვნებათაღელვა წარმოიშვა სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სავარძელთან დაკავშირებითაც. ესეც ამ ზაფხულს განვითარებული მოვლენების ჯაჭვში შევიდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ყველაფერი ნებსით თუ უნებლიედ პოლიტიზირდება, ამ მოვლენის გაპოლიტიკურებაც არ არის გასაკვირი. სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავალი რექტორის საკითხი მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ გადაწყდა და წინა შემთხვევისგან განსხვავებით, აქციები და ქუჩების გადაკეტვა არ მოჰყოლია.
ფდსფს
საინტერესო იყო ზაფხულში გავრცელებული რამდენიმე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი, შესაძლოა, აფხაზეთ-"სამხრეთ ოსეთის" საკითხის გადახედვაზე დაფიქრდეს. გავრცელებული ცნობის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების სულ უფრო დიდი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს საქართველოს ამ ორი რეგიონის დამოუკიდებლად აღიარების სისწორეს.
ფდსფს
თან, როგორც ირკვევა, რუსეთის მოსახლეობაში ეს საკითხი აქტუალობასაც კარგავს. თუმცა თავად პუტინი რას ფიქრობს და რამდენად გაითვალისწინებს საკუთარი საზოგადოების აზრს, ეს არავინ იცის. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ეს ცნობა კრემლის მიერ კონტროლირებულ მედიაში გამოჩნდა, რაც უკვე სხვა ელფერს აძლევს ინფორმაციის გავრცელების სავარაუდო მიზანს.
გასულ ზაფხულს განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია გეიპარადის შესახებ აგორებულმა ხმებმა. ქართული საზოგადოება ქუჩაში, მედიაში, სახლებში, თავშეყრის ადგილებში, ლამის ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ამ მოვლენაზე საუბრობდა.
ფდსფს
დასახელდა თარიღი, "პასიური ოპოზიციისაგან" განსხვავებით, გააქტიურებულმა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა უკვე გეგმებიც დასახეს. თუმცა ეს საქართველოსთვის უჩვეულო და აჟიოტაჟის მქონე აღლუმი რატომღაც არ ჩატარდა და, შესაბამისად, ქართული საზოგადოების ვნებებიც მალევე დაცხრა.
ფდსფს
3 სექტემბერს კი ბესლანის ტრაგედიიდან მორიგი წლისთავი შესრულდა და საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა რუსული იმპერიალიზმის მიერ კავკასიაში ჩადენილი მორიგი ვანდალიზმი. თუმცა ამ ვანდალიზმის უპირველესი ადრესატები რატომღაც კვლავ დუმან ამ ბოროტების წინააღმდეგ.
ფდსფს
ამასობაში საქართველოში კონსტიტუციის ახალი ვერსია იწერება და ამ პროცესში საზოგადოების წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას, საქართველოში კი 10 000 ინგლისურის მასწავლებელი ჩამოვა, რომლებიც საქართველოს რეგიონებში გადანაწილდებიან და ქართველ ბავშვებს მსოფლიოში ყველაზე საჭირო ენას შეასწავლიან, ოპოზიცია კვლავ დუმს, ხელისუფლება საკადრო ცვლილებებს ახორციელებს – ბევრი რამ იცვლება და შეიცვლება საქართველოში. შემოდგომა, სავარაუდოდ, ქართულ საზოგადოებას დიდ ვნებათაღელვას და სიურპრიზებს უმზადებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100