რამდენიმე სასულიერო პირი პეტრე ცაავას მოუწოდებს, მსოფლიო საპატრიარქოს მიმართოს
მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის საკათედრო ტაძარში ეპარქიის სასულიერო პირები შეიკრიბნენ. ისინი მოითხოვენ, ყოფილმა მღვდელმთავარმა, პეტრემ ცაავამ სჯულის კანონის მიხედვით მსოფლიო საპატრიარქოს მიმართოს და გაასაჩივროს სინოდის გადაწყვეტილება, მისი მღვდელთმთავრობიდან გადაყენების შესახებ.
როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, მათთვის ცნობილი იყო იმ ფაქტების შესახებ, რაზეც სინოდის სხდომაზე ისაუბრა პეტრე ცაავამ. ისინი მრევლს თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ, რომ არ მოხდეს რაიმე სახის გაუგებრობა.
საკათედრო ტაძარში შეკრებილი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ისინი პეტრე ცაავას დაელოდებიან და მხოლოდ მისი კურთხევის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რას გააკეთებენ. ამასთან სასულიერო პირები არ მიესალმებიან ეპარქიაში ახალი მიტროპოლიტის დანიშვნას.
„ჩვენ, მთელი ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო დასი, საქმის კურსში ვიყავით ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მეუფე პეტრემ გააჟღერა. მე კიდევ მეგონა, რომ მღვდელმთავრები გამოჩნდნენ სხვანაირ პრინციპულობას და ცოტა სხვანაირი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მეგონა, რომ ასეთ სირცხვილს დღევანდელი სინოდი არ მიიღებდა. დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია შეაფასებს ამ ყველაფერს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, მეუფეს ვთხოვოთ, გაასაჩივროს ეს უკანონო გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში, რის საშუალებასაც გვაძლევს სჯულის კანონი. სჯულის კანონის მიხედვით გასაჩივრება შეიძლება მსოფლიო საპატრიარქოს შესაბამის უწყებებში“, – განაცხადა იღუმენმა თამარ გამყრელიძემ.
საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. წმინდა სინოდის დღევანდელი კრების განჩინება ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სხდომაზე მიღებულ ორ გადაწყვეტილებაზე ყოფილმა მღვდელთმთავარმა, პეტრე ცაავამ ისაუბრა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის „პატრიარქმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა“. ამასთან, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.
კომენტარი