სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წნორში ათი წლის წინ 800 ლარად გაყიდული ჩვილის გამო ბებიას დასჯიან

წნორში მცხოვრები ლუბა წიკლაურის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საკუთარი სიძე, გოგიტა ყოჩიაშვილი მას ჩვილის გაყიდვაში ადანაშაულებს. წიკლაურის სიძე აცხადებს, რომ 10 წლის წინ მის მეუღლეს, თამრიკოს, წნორის სამშობიარო სახლში ვაჟიშვილი შეეძინა, რომელსაც ვეფხვია დაარქვეს.

სიძე სიდედრს მძიმე ბრალდებას უყენებს: მისი თქმით, „ლუბა წიკლაური კარდაკარ დადიოდა და ყველა ნაცნობს ეკითხებოდა, პატარა ბავშვს ხომ არ იყიდით, ან ვინმეს ხომ არ უნდაო, ბოლოს კი ვეფხვია 800 ლარად გაყიდა“.

ბავშვის მამის თქმით, ისევ და ისევ სიდედრის გამო, იმ დროს მეუღლესთან კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდა, ერთად არ ცხოვრობდნენ და, შესაბამისად, ბავშვის გაყიდვა მისგან უჩუმრად მოხდა. ყოჩიაშვილის განცხადებით, ლუბა წიკლაურმა ბავშვი 800 ლარად გაყიდა, თანხა კი წნორის სამშობიარო სახლის ექიმებთან ერთად გადაინაწილა.

ბრალდებაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებს თვითონ ლუბა წიკლაური. ტელეკომპანია „იმედის“ ჟურბნალისტებს, რომლებმაც მას შესაბამისი კითხვით მიომართეს, ლუბა წიკლაურმა აგრესიით უპასუხა: „თავი გამანებეთ, არაფერი არ მაინტერესებს, რასაც მეკითხებით. რას მიედ-მოედებით?“, - შეუტია მან გადამღებ ჯგუფს.

წნორის სამშობიარო სახლში ყოველგვარი გარიგების შესაძლებლობას გამორიცხავენ და გარიგებაში ექიმების მონაწილეობის შესახებ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. სამშობიარო სახლის დირექტორის, გივი მოსულიშვილის განცხადებით, ათი წლის წინ ქალმა მართლაც იმშობიარა, მაგრამ ისიც და ახალშობილიც 9 დღის შემდეგ სამშობიაროდან გაეწერნენ: „ორივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, გაწერას ექვემდებარებოდა და სამშობიარო სახლი დედა-შვილმა ერთად დატოვა. აი, მერე რა მოხდა, ნამდვილად არ ვიცი“, - განაცხადა სამშობიარო სახლის დირექტორმა.

ჩვილის გაყიდვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია. საქმეში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებსაც ჩართავენ. 10 წლის წინ ჩვილის გაყიდვის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში სწორედ ისინი შეეცდებიან დაადგინონ, რა პირობებში იმყოფება მოზარდი, რომელიც ბიოლოგიური მშობლების გარეშე ცხოვრობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100