სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ღარიბაშვილი: წლევანდელი ბიუჯეტი 100%–ით იქნება შესრულებული

წლევანდელი ბიუჯეტი 100%–ზე იქნება შესრულებული და ცოტა მეტის იმედი გვაქვს,–ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი 2014 წლის ბიუჯეტის მდგომარეობით დაინტერესდა და ფინანსთა მინისტრს შესაბამისი ანგარიშის წარმოდგენა სთხოვა.

„საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით ჩვენ ვართ წინ - გეგმაზე დაახლოებით 70 მილიონით მეტი გვაქვს მობილიზებული და წლევანდელი ბიუჯეტი გადაჭარბებით იქნება შესრულებული, როგორც შემოსავლების, ისე ზოგადად შემოსულობების თვალსაზრისით. გვქონდა გარკვეული ჩამორჩენა გრანტების და კრედიტების თვალსაზრისით, მაგრამ თანხები უკვე ჩამორიცხულია. დეკემბერში ასევე ჩამოირიცხება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკიდან და აზიის განვითარების ბანკიდან მისაღები თანხებიც. ასე, რომ წლევანდელი ბიუჯეტი იქნება შესრულებული 100 პროცენტით და ცოტა მეტის იმედიც გვაქვს. საგადასახადო სამსახური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და არანაირი პრობლემა ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით არ იქნება. რაც შეეხება ათვისებას, ამ მიმართულებითაც უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე წინა პერიოდებში იყო. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ინფრასტრუქტურის სამუშაოები - უწყება თვეში დაახლოებით 125-130 მილიონს ხარჯავს", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

მთავრობის სხდომაზე განმარტება გააკეთა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა. მისი განცხადებით, 2014 წელს უწყების ბიუჯეტი იყო 936 მილიონი ლარი, ნოემბრის მაჩვენებლებით უკვე დახარჯულია 755 მილიონი.

„წლის ბოლომდე ჩვენ ველოდებით დამატებით 130–140 მილიონამდე დახარჯვას, ეს იქნება უკვე 95%–მდე ათვისება. 93%–ზე მეტი ათვისება რეალურად არასდროს ყოფილა, დაკორექტირების შემდეგ იყო ხოლმე 97% და 100%–ზე ადიოდნენ, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ. რაც შეეხება დეკემბრის თვეს, ყოველ წელიწადს დეკემბერში იყო ყველაზე მეტი ხარჯვა. ჩვენს შემთხვევაში თანაბრად მიდის ყოველ თვეში შესრულება,“–აღნიშნა დავით შავლიაშვილმა.

მთავრობის მეთაური ასევე დაინტერესდა ლარის კურსის მდგომარეობით. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, კურსი დასტაბილურდა და აჟიოტაჟი ჩაცხრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არც ერთ ოპონენტს არ აქვს საფუძველი თქვას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ან ლარის კრიზისია.
"ჩვენ მართლაც ამ ძალიან რთულ ვითარებაში მივაღწიეთ იმას, რომ გვაქვს ერთ-ერთი წარმატებული პოლიტიკა. მინდა მოსახლეობისთვის ვთქვა, რომ ძალიან რთული ეკონონიკურ-პოლიტიკური სიტუაციაა რეგიონში - უკრაინა, თურქეთი, რუსეთში. ყველაფერი ეს რა თქმა უნდა ასახვას ჰპოვებს ჩვენს ეკონომიკაზე, ლარზე", -განაცხადა პრემიერმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100