"აქ ყველა მდუმარედ მუშაობს... ერთი კაცი იყო მოსული ცოლის ამოსაცნობად, ჩემი ცოლი არ არისო, არ სჯეროდა მომხდარი" - რას ჰყვება 18 წლის მოხალისე სტიქიის ზონიდან?
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა ცხედრების სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 9 აგვისტოს მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს და ამით მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, მაშველები კიდევ 10-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ. 18 წლის ვასილ დვალაძე ერთ-ერთია მეწყრის ზონაში მომუშავე მოხალისეებს შორის. ის დღეს ჩვენი რესპოდენტია. - მე ვარ ვასილ დვალაძე, რაჭველი, ამბროლაურიდან. შოვის ტრაგედია თავზარდამცემი იყო ყველასთვის. მეწყერი რაჭველებს არ უკვირთ, მაგრამ ამ მასშტაბის, უხუცესებსაც არ ახსოვთ. რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან მომინდა, რომ წვლილი შემეტანა მეწყრის ზონაში მოხვედრილთა დასახმარებლად, მაგრამ თავიდან მხოლოდ და მხოლოდ მაშველებს უშვებდნენ და მათ, ვისაც სპეციალური სწავლების შემდეგ შეეძლოთ იმ ტერიტორიაზე შესვლა. მერე, როცა გავიგე, რომ სტიქიის ზონაში "წითელმა ჯვარმა" კარვები დადგა, მაშინვე ამბროლაურის "წითელი ჯვრის" ოფისში მივედი და ჩავეწერე მოხალისედ. ჯერ გვასწავლეს ელემენტარული უნარ-ჩვევები, სად როგორ მოვქცეულიყავით, დაზარალებულის ოჯახის წევრთან როგორ გვესაუბრა, რა ღონისძიებები გაგვეტარებინა და გაგვიშვეს. წყარო: ამბები .ჯი
კომენტარი