სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ შევარჩიოთ მაცივარი

შინაარსი:

  • ·შესავალი;
  • ·მაცივრის ტიპები;
  • ·კამერების განლაგება;
  • ·ზომა და მოცულობა;
  • ·კომპრესორი;
  • ·გალღობის სისტემა;
  • ·მართვის ტიპი;
  • ·ფუნქციები და პარამეტრები;
  • ·ენერგომოხმარების კლასი;
  • ·კლიმატის კლასი;
  • ·ხმაურის დონე.

თითოეულ მომხმარებელს სურს, რომ არჩეული მაცივარი დიდხანს ემსახუროს, არ გაფუჭდეს და იმუშაოს უხმაუროდ, ამავე დროს ხელმისაწვდომი იყოს ფასის მხრივ. პარალელურად, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შეძენილი აგრეგატი ინტერიერსაც მოუხდეს, იყოს ენერგოეფექტური და გამოსაყენებლად კომფორტული. მოცემულ ბლოგში შევეცდებით გირჩიოთ, როგორ აარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური მაცივარი.

მაცივრის ტიპები

ჩასაშენებელი და ცალკე მდგომი მაცივრები

დასაწყისისთვის უნდა გადავწყვიტოთ, როგორი ტიპის მაცივარი გვჭირდება - ჩასაშენებელი თუ ცალკე მდგომი. ჩასაშენებელი ტექნიკა დაგვიზოგავს სამზარეულოში სივრცეს და მაქსიმალურად გაერთიანებული იქნება საერთო დიზაინში. მაცივარი მონტაჟდება სპეციალურად შერჩეულ ნიშაში და გარეგნულად არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი მაცივრისგან, თუმცა ამ ტიპის ტექნიკის ფასი, როგორც წესი, გაცილებით მეტია მსგავსი მახასიათებლების მქონე ცალკე მდგომი მაცივრის ფასთან შედარებით.

ჩასაშენებელი და ცალკე მდგომი მაცივრები

კონსტრუქციის ტიპის განსაზღვრის შემდეგ ვირჩევთ კამერების განლაგების მხრივ როგორი მოდელი გვინდა, რა მოცულობისა და გაბარიტების?

მაცივრები იყოფა შემდეგნაირ მოდელებად: ერთკამერიანი, ორკამერიანი, Side-by-Side მაცივრები, საყინულეები და ღვინის მაცივრები.

ერთკამერიან მაცივრებს აქვთ საერთო კარი მაცივრისა და საყინულის განყოფილებისთვის, ორკამერიანს კი ორივე მათგანისთვის ცალკე კარი გააჩნია. პრინციპული განსხვავება მათ შორის ის გახლავთ, რომ ორკამერიანი მაცივრის ერთი კარის გაღებისას მეორეში არ ირღვევა ტემპერატურის დონე და, შესაბამისად, იზოგება ელექტროენერგია. გარდა ამისა, ერთკამერიან მაცივრებს საყინულე განყოფილება გაცილებით პატარა აქვთ ორკამერიანთან შედარებით.

ერთკამერიანი და ორკამერიანი მაცივრები

არსებობს კამერების განლაგების სამნაირი სქემა:

ევროპული სქემა“ - დიდი საყინულე განთავსებულია მაცივრის ქვედა ნაწილში;

აზიური სქემა - მცირე ზომის საყინულე განთავსებულია მაცივრის კამერის ზედა ნაწილში;

ამერიკული სქემა“ – Side-by-Side, რომელშიც მაცივრისა და საყინულე განყოფილებები გვერდიგვერდ არის განლაგებული.

ღვინის მაცივრები

ღვინის შენახვისთვის განკუთვნილია სპეციალური მაცივრები, რომლებშიც ბოთლები ჰორიზონტალურად თავსდება. გაბარიტების მიხედვით არსებობს მცირე ზომის, საშუალო გაბარიტებისა და პროფესიონალური ღვინის მაცივრები.

განყოფილების მოცულობა ხასიათდება მასში ბოთლების ტევადობით. მცირე ზომის მოდელებში ეტევა 6 ბოთლი. პროფესიონალურ მაცივრებში კი შესაძლებელია მოთავსდეს 100 ერთეულამდე: ასეთ მაცივრებს ძირითადად კერძო კოლექციონერები ან კვების ობიექტები იყენებენ.

ზოგიერთ ღვინის მაცივარს ნახშირის ფილტრი აქვს, რომელიც უზრუნველყოფს გარემომცველი სუნებისგან დაცვას. ბოთლების სწორად შენახვის მიზნით გათვალისწინებულია ტემპერატურის რეგულირების პარამეტრები.

ტემპერატურული რეჟიმების ვარიანტების მხრივ არსებობს მონო-, ორ-, სამ- და მულტიტემპერატურული ღვინის მაცივრები. მონოტემპერატურული ტიპის მაცივრები ერთ რეჟიმზე მუშაობს და სამაცივრე კამერაში შენარჩუნებულია უცვლელი 10-14ºC ტემპერატურა.

ზომა და მოცულობა

ერთკამერიანი მაცივრები, როგორც წესი, მცირე ზომისაა, სიმაღლით 150 სანტიმეტრამდე და არაუმეტეს 250 ლიტრამდე მოცულობით. ორკამერიანი მაცივრების უმეტესობის საშუალო სიმაღლეა 150-210 სანტიმეტრი, მოცულობა კი არ აღემატება 400 ლიტრს. არსებობს ისეთი ორკამერიანი მაცივრებიც, რომელთაც უფრო ვრცელი სივრცე აქვთ: გაბარიტების გაზრდის ხარჯზე მათი მოცულობა 600 ლიტრამდე იზრდება. Side-by-Side ტიპის მაცივრები ყველაზე დიდი მოცულობის მქონეა და დანარჩენი მაცივრებისგან დიდი სიგანით გამოირჩევა, ზოგიერთ ასეთ მაცივარს კი ერთდროულად რამდენიმე საყინულე და მაცივრის განყოფილება აქვს.

2-4-წევრიანი ოჯახისთვის საკმარისი იქნება 200-350 ლიტრი მოცულობის მაცივარი. ხოლო თუკი დიდი ოჯახი გაქვთ, მაცივარიც შესაბამისი დაგჭირდებათ - დღესდღეობით ბაზარზე მაცივრების დიდი არჩევანია და თავისუფლად შეძლებთ 400 ლიტრი მოცულობის ზემოთ მაცივრის შერჩევას. მაცივრის შეძენამდე მეტად მნიშვნელოვანია კარგად გათვალოთ მაცივრისა და საყინულე განყოფილებების მოცულობა: თუკი გიყვართ ცოცხლად გაყინული ხილის, ნახევარფაბრიკატების მირთმევა, ასეთ შემთხვევაში მოზრდილი საყინულე დაგჭირდებათ.

მაცივრის ზომა რაღა თქმა უნდა შესაბამისი უნდა იყოს სამზარეულოს ფართობისა და მისთვის განკუთვნილი ნიშის ზომისათვის. ამასთან, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის პირობა, რომ მაცივრის უკანა კედელი კარგად უნდა ნიავდებოდეს, რადგანაც ეს გავლენას ახდენს მის ენერგოეფექტურობასა და სამუშაო ხანგრძლივობაზე. სწორედ ამიტომ მაცივრის უკანა კედელსა და სახლის კედელს შორის უნდა დავტოვოთ არანაკლებ 5 სანტიმეტრი თავისუფალი სივრცე. თუკი საუბარია ჩასაშენებელ ტექნიკაზე, მისი გაბარიტები ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ჩასაშენებელი ნიშის ზომებს.

კომპრესორი

მაცივრის კომპრესორი - ეს არის ენერგიის მანქანა, ძრავი, რომელიც უზრუნველყოფს ფრეონის ცირკულირებას სისტემის შიგნით კამერის გასაგრილებლად. არსებობს ერთ- ან ორკომპრესორიანი მაცივრები. ორი კომპრესორის მქონე მოდელებში თითოეულ კამერას საკუთარი კომპრესორი აქვს, რის შედეგადაც ორივე მათგანში დგება ინდივიდუალური ტემპერატურა. ერთი კამერის კარის გაღებისას მეორე კამერაში ტემპერატურა უცვლელი რჩება, რისი წყალობითაც იზოგება ელექტროენერგია.

გალღობის სისტემა

თანამედროვე მაცივრებში გალღობის ტიპი ძირითადად სამგვარია: მექანიკური, წვეთოვანი (ანუ ნახევრად მშრალი) და მშრალი (No Frost). მექანიკური გალღობის სისტემა მოძველებულად ითვლება და პრაქტიკულად აღარ გამოიყენება. წვეთოვანი გალღობის სისტემის მაცივრებში სითხე კონდენსირდება მაცივრის უკანა კედელზე და წვეთავს სპეციალურ არხში, საიდანაც ამაორთქლებელში ხვდება. მშრალი ყინვის სისტემა ყველაზე თანამედროვეა, ასეთ მაცივრებში პრაქტიკულად არ ჩნდება კონდენსატი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კამერებში განთავსებული სურსათი შედარებით სწრაფად შრება, ამიტომ საჭიროა მათი შეფუთვა ან კონტეინერებში ჩაწყობა.

მართვის ტიპი

მაცივრის მართვის ტიპი ორგვარია: ელექტრომექანიკური და ელექტრონული. ელექტრომექანიკური მართვა ხორციელდება თერმოსტატის მეშვეობით და საშუალებას იძლევა რეგულირდეს გაგრილება მხოლოდ დიდ და მცირე სიმძლავრეზე. ელექტრონული მართვა კი როგორც წესი დისპლეის მეშვეობით ხდება, რისი წყალობითაც შესაძლებელია გაგრილების ზუსტი ტემპერატურის დაყენება, აგრეთვე ვენტილატორისა და კომპრესორის მართვა. დისპლეი აგრეთვე უზრუნველყოფს ყველა ფუნქციის დეტალურ ინდიკაციას.

ფუნქციები და პარამეტრები

ყველა კომპანია ცდილობს თავისი პროდუქცია იყოს ორიგინალური და გამოსაყენებლად კომფორტული, ამიტომ უახლესი მოდელები გვთავაზობენ უამრავ ფუნქციასა და პარამეტრს, რომლებიც მომხმარებლების ძალისხმევის გაადვილებისთვისაა შექმნილი.

Turbo-გაგრილება, ანტიბაქტერიული დაცვა ვერცხლის იონების მეშვეობით, სუპერგაციება და სუპერგაყინვა, სხვადასხვა ზონა ცოცხალი ხილ-ბოსტნეულისთვის, ხორცეულისთვის, უსიამოვნო სუნის მოსაცილებელი ფილტრები, ფუნქციაარდადეგები“ - ეს ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი.

ენერგომოხმარების კლასი

საყოფაცხოვრებო მოწყობილობებიდან ელექტროენერგიის ყველაზე დიდი ხარჯი სწორედ მაცივარზე მოდის, რადგანაც იგი ქსელში მუდმივად შეერთებულია. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ეკონომიური, ენერგოეფექტური მოდელის შერჩევა. დღესდღეობით ენერგომოხმარების კუთხით მაცივრები იყოფა რამდენიმე ტიპად და და მათი დასახელება წარმოდგენილია ლათინური ასოებით - A და B, რომელთაგან A ვარიანტი უფრო ეკონომიურია. გარდა ამისა, არსებობს მაცივრები მინიმალური ენერგომოხმარებით და ასეთი მოდელების კლასებია „Super A“, „A+“ და „А++“.

კლიმატის კლასი

არჩევანი დამოკიდებულია აგრეგატის ექსპლუატაციის პირობებზე, ასევე იმ რეგიონის ტემპერატურაზე, სადაც იმყოფებით. ძირითადი კლიმატური კლასები წარმოდგენილია ცხრილში:

კლიმატის კლასი N

+16-დან +32 C-მდე

გამოსადეგია მომხმარებელთა უმეტესობისთვის. თუმცა თუკი ტემპერატურა +32 გრადუსს გადააჭარბებს, ასეთი მაციავრი კონდიცირებად შენობაში უნდა გამოიყენოთ.

კლიმატის კლასი SN

+10-დან +32 c-მდე

განკუთვნილია ცუდად გათბობადი შენობებისთვის: ცივი დერეფნებისთვის, სარდაფებისთვუს, სადაც ტემპერატურა კომფორტულის ქვემოთაა.

კლიმატის კლასი ST

+18-დან +38 C-მდე

იდეალური არჩევანი სამხრეთ რეგიონებისთვის. თუკი თქვენს რეგიონში ზაფხულში ტემპერატურა +32 გრადუსს აჭარბებს, სწორედ ST კლასის მაცივარი გჭირდებათ.

კლიმატის კლასი T

+18-დან +43 c-მდე

მეტად ცხელ რეგიონებში მცხოვრებთათვის ხელსაყრელია T კლასის მაცივარი. იგი ყველაზე ცხელ პირობებშიც კი შესანიშნავად იმუშავებს.

ხმაურის დონე

ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია. ყველას სურს ჰქონდეს ისეთი მაცივარი, რომელიც ხარისხიანია, უხმაუროდ მუშაობს და თანაც არ ღირს ძვირი. რეკომენდაციის სახით მიიჩნევა, რომ ყველაზე ჩუმია მაცივარი 40-დეციბელზე ნაკლები ხმაურის დონით. ამგვარი პირობის შემთხვევაში მოწყობილობა უხმაურო რეჟიმში იმუშავებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100