„საქართველოს რკინიგზამ“ პროფესიული დღესასწაული აღნიშნა
“საქართველოს რკინიგზამ”, პროფესიული დღის აღსანიშნავ საზეიმო საღამოზე, წლის გამორჩეული თანამშრომლები ხაშურის სავაგონო დეპოში დააჯილდოვა. რკინიგზელებისათვის, ღონისძიებაზე გასამგზავრებლად, დაინიშნა და შესრულდა სპეციალური რეისი-Stadler Kiss-ის მატარებლით. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სადღესასწაულოდ მოწყობილ გარემოში დაეთვალიერებინათ ახალი ტექნიკა, გაცნობოდნენ რკინიგზის მუზეუმში დაცულ უძველეს ნივთებს და მოესმინათ საუკეთესო „რკინიგზული“ ბენდისთვის.
«საპატიო რკინიგზელი», «თავდადებული რკინიგზელი», «საიმედო მემანქანე», «რკინიგზის ვეტერანი», «ინოვატორი რკინიგზელი», «საუკეთესო მენეჯერი», «ყველაზე პროდუქტიული რკინიგზელი», «საუკეთესო კოლეგა», «ყველაზე ოპერატიული რკინიგზელი», «სამაგალითო რკინიგზელი დედა», «სანიმუშო რკინიგზელი», «საუკეთესო გუნდი», «მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველი» და «წლის საუკეთესო პროფესია»-ეს ის 14 ნომინაციაა, რომლის მიხედვითაც 125 გამორჩეული რკინიგზელი გამოვლინდა.
გამარჯვებულებს, ფულადი პრემიები და ფასიანი საჩუქრები სიგელებთან ერთად, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და ფილიალების დირექტორებმა გადასცეს.
„ძვირფასო რკინიგზელებო, გილოცავთ რკინიგზელთა დღეს! მადლიერებას და ღრმა პატივისცემას გამოვხატავ თითოეული თქვენგანის მიერ შეტანილი წვლილისათვის ჩვენი კომპანიის განვითარების გზაზე! დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით წინ ბევრი წარმატება გველის,“ - განაცხადა ღონისძიების საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სს „ საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ.
კომენტარი